რუსეთმა NATO-ს "ისკანდერები" ახლოს "მიუჩოჩა" - კვირის პალიტრა

რუსეთმა NATO-ს "ისკანდერები" ახლოს "მიუჩოჩა"

კრემლი რუსეთის დასავლეთ და სამხრეთ საზღვრებზე დაჩქარებული ტემპით განათავსებს "ისკანდერებს"

"სადაც გვინდა, იქ განვათავსებთ!" - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების - "ისკანდერების" კალინინგრადის ოლქში შესაძლო განთავსებაზე.

მანამდე გერმანულმა გამოცემა "ბილდმა" გაავრცელა სენსაციური ინფორმაცია რუსული "ისკანდერების" კალინინგრადის ოლქში და ასევე NATO-ს წევრი ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვრებთან გადასროლის თაობაზე.

ეს მოულოდნელი არც იყო, რადგან ჯერ კიდევ 2008 წელს კრემლი დაემუქრა ევროპას, რომ თუკი ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის კომპონენტები პოლონეთსა და რუმინეთში განთავსდებოდა, რუსეთი კალინინგრადის ოლქში განალაგებდა "ისკანდერებს".

საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს თავის თავზე გამოცადა რუსული "ისკანდერების" ძალა. ჩვენკენ გამოშვებული 20-ზე მეტი რაკეტიდან ორი სწორედ "ისკანდერი" იყო. ერთი მათგანის კასეტური ქობინი გორის ცენტრალური მოედნის თავზე აფეთქდა, ხოლო რაკეტის კუდის ნაწილმა საცხოვრებელი სახლის ჭერი ჩაანგრია და მისაღებ ოთახში ჩავარდა.

მოდერნიზებული "ისკანდერის" ფრენის მაქსიმალური მანძილი დაახლოებით 500 კმ-ია, რაც რუს გენერლებს საშუალებას აძლევს, კალინინგრადის ოლქიდან "ისკანდერების" სამიზნედ ჰყავდეთ აღმოსავლეთ ევროპის NATO-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიების დიდი ნაწილი, მათ შორის - აღმოსავლეთ გერმანიაც კი.

რუსული "ისკანდერები" გამოირჩევიან სროლის დიდი სიზუსტით, ამასთან, შეუძლიათ ბირთვული ქობინის გადატანაც, რაც NATO-ს ხელმძღვანელობის შეშფოთებას იწვევს.

თუმცა NATO მარტო თავისი აღმოსავლეთ საზღვრების უსაფრთხოებაზე როდი უნდა ზრუნავდეს. კალინინგრადის ოლქისა და ბელორუსიის გარდა, მოსკოვი "ისკანდერებს" განათავსებს ჩრდილო კავკასიაში და სავარაუდოდ, ისინი მალე სამხრეთ კავკასიის რუსულ სამხედრო ბაზებზეც გამოჩნდება.

სომხეთში გიუმრის 102-ე რუსულ სამხედრო ბაზაზე "ისკანდერების" გადასროლის შემთხვევაში ისინი სომხეთის სამხრეთ-დასავლეთი საზღვრიდან 500 კმ რადიუსში მიზანში ამოიღებენ NATO-ს წევრი თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილს.

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში "ისკანდერების" გამოჩენის შემთხვევაში კი საფრთხე დაემუქრება თურქეთის შავიზღვისპირა სანაპირო ზოლის მნიშვნელოვან ნაწილს.

ჯერჯერობით ეფექტური ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა, რომელიც რუსული "ისკანდერების" შეტევას მოიგერიებდა, დასავლეთს არ გააჩნია...