როდის შეგვისრულებს ობამა დანაპირებს? - კვირის პალიტრა

როდის შეგვისრულებს ობამა დანაპირებს?

"...ქართულმა და ამერიკულმა მხარეებმა ხაზი გაუსვეს პრეზიდენტ ობამას დაპირების შესაბამისად თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალ ეტაპზე მიღწეულ პროგრესს, რაც NATO-სთან ურთიერთობის გაღრმავებას და თავდაცვის მეთოდების განვითარებას ისახავს მიზნად," - ეს არის ამონარიდი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური განცხადებიდან, რომელიც ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შედეგებს ეხება.

ძალიან კარგია, რომ ამერიკულ მხარეს არ ავიწყდება 2012 წლის დასაწყისში ვაშინგტონში პრეზიდენტების - ობამასა და სააკაშვილის - შეხვედრის შედეგი, რომელიც თავდაცვის სფეროში  საქართველოსთვის ექვსი ძირითადი მიმართულებით დახმარებას ითვალისწინებდა, თუმცა მას შემდეგ თითქმის ორი წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში ქართული არმია არც სატრანსპორტო შვეულმფრენებით გაძლიერებულა და არც ანტისატანკო საშუალებებით, რისი დიდი იმედიც გვქონდა.

შეიძლება ამის მიზეზი საქართველოში ხელისუფლების ცვლილება იყო, თუმცა როგორც საპარლამენტო, ისე საპრეზიდენტო არჩევნები მეტ-ნაკლებად დემოკრატიულად ჩატარდა და აშშ-ის ხელისუფლებას ამ მხრივ სასაყვედურო არ უნდა ჰქონდეს.

ზოგიერთის აზრით, განვლილი ორი წელი არ არის საკმარისი, რომ ორი პრეზიდენტის სიტყვიერი შეთანხმება საქმედ ქცეულიყო.

მეორე მხრივ, ჩვენს რეგიონში ისე სწრაფად იცვლება სამხედრო-პოლიტიკური ვითარება, რომ დასავლური ბიუროკრატია ხშირად პროცესებს ფეხს ვერ უწყობს. ეს გამოჩნდა სირიისა და ირანის შემთხვევაშიც, როცა მოსკოვმა ვაშინგტონსა თუ ბრიუსელზე მეტი პოლიტიკური მოქნილობა გამოიჩინა.

მიუხედავად ყველაფრისა, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში გამართული თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა (რომლის თანათავმჯდომარეები იყვნენ  საქართველოს საგარეო და თავდაცვის მინისტრების მოადგილეები და აშშ-ის სახელმწიფო და თავდაცვის მდივნების თანაშემწეთა მოადგილეები) მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელსაც იმედია, ბოლოს და ბოლოს, ქართული არმიის ანტისარაკეტო და ანტისაჰაერო თავდაცვის პოტენციალის გაძლიერება მოჰყვება...