"კავკასიის ცას სომხეთი და რუსეთი ვაკონტროლებთ..." - კვირის პალიტრა

"კავკასიის ცას სომხეთი და რუსეთი ვაკონტროლებთ..."

სომხეთის ექსთავდაცვის მინისტრი ერევანი-მოსკოვის სამხედრო თანამშრომლობის ძალაზე ალაპარაკდა

რუსეთის მასმედიაში გავრცელდა სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, გენერალ-ლეიტენანტ ვაგარშაქ არუთინიანის ინტერვიუ, რომელშიც ყოფილი მაღალჩინოსანი მნიშვნელოვან განცხადებებს აკეთებს.

სომეხი გენერალი ამბობს: "დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გავცვალოთ ინფორმაცია რეგიონში საჰაერო სივრცის შესახებ - კასპიიდან შავი ზღვის ჩათვლით. ინფორმაციას ვიღებთ საზღვაო ხომალდებიდან, თვითმფრინავებიდან, რადიოლოკაციური სადგურებიდან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ერთიან სისტემაში. მინიმალური დანახარჯით სომხეთს აქვს საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც მთელ კავკასიას აკონტროლებს. ასეთი სისტემა არც საქართველოს აქვს და არც - აზერბაიჯანს".

სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი არ ტყუის, რადგან რუსეთსა და სომხეთს უკვე შექმნილი აქვთ საჰაერო თავდაცვის ერთიანი სისტემა შავიდან კასპიის ზღვამდე სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის თავზე და მას აქტიურადაც იყენებენ.

ამის ფონზე არ შეიძლება გულისტკივილით არ აღინიშნოს, რომ საქართველო ვერა და ვერ ეღირსა, NATO-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე საჰაერო სივრცის კონტროლის შესახებ ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდეს.

თურქეთს, რომელსაც აქვს ტექნიკური შესაძლებლობა, სამხრეთ კავკასიის დიდი ნაწილის თავზე საჰაერო სივრცე აკონტროლოს (და რასაც აკეთებს კიდევაც), 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოსთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია, რამდენი რუსული ბომბდამშენი და მოიერიშე შემოიჭრებოდა ქართულ ცაში და რომელი მხრიდან.

სომხეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა არც ის დამალა, რომ მალე სომხეთში, გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზაზე, ალბათ, გამოჩნდება რუსული ოპერატიულ-ტექნიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსები - "ისკანდერები". სანამ რუსეთი სომხეთთან ერთად კავკასიის ცას აკონტროლებდა, აზერბაიჯანმა 2013 წელს რეკორდული თანხა - 1,257 მლრდ დოლარი გადაიხადა იარაღის შესაძენად, მსოფლიოში შეიარაღების მიხედვით მე-15 ადგილი დაიკავა და გაუსწრო პაკისტანს, მაროკოს, ფინეთს, საბერძნეთსა და ბრაზილიას. 2013 წელს შეიარაღების შესყიდვით პირველი ადგილი ინდოეთმა (9,943 მლრდ დოლარი) დაიკავა.

აზერბაიჯანის მიერ ყოველწლიურად, არსენალის მნიშვნელოვნად განახლების პარალელურად, რუსეთი სომხეთს შიდასაბაზრო ფასებით აწვდის იარაღს, რაც ერევანს, ცხადია, უფრო იაფი უჯდება, თუმცა ამასთანავე, მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს სამხედრო პარიტეტს ბაქოსთან.

უფრო მეტიც, აუღიარებელი მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრმა მოვსეს აკოპიანმა განაცხადა, მომავალ 2014 წელს, ყარაბაღის არსენალში ახალი შეიარაღება, მათ შორის - შორი მოქმედების იარაღი გამოჩნდებაო.

წინასწარ ძნელი სათქმელია, შორი მოქმედების იარაღის რა სახეობებით აპირებს თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ხელისუფლების დაშინებას, მაგრამ მათ განკარგულებაში Точка-У-სა და მით უმეტეს - Искандер-M ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსების გამოჩენა მართლაც დაემუქრება ბაქოსა და კასპიის ზღვის სანაპიროზე განთავსებულ ნავთობის ჭაბურღილებს - აზერბაიჯანის შემოსავლის ძირითად წყაროს.