"კალაშნიკოვი" ქართული არმიის ისტორიიდან...
30-12-2013
"კალაშნიკოვი" ქართული არმიის ისტორიიდან...
ცნობილი საბჭოთა ავტომატის,  АК-ს შემქმნელი, 94 წლის მიხეილ კალაშნიკოვი, გარდაიცვალა. მან ერთგვარი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, რადგან 1947 წელს კონსტრუირებულ  АК-47-თან ერთად 66 წელი "მოდიოდა", რაც უნიკალური შემთხვევაა მეიარაღეების ისტორიაში. მიახლოებითი მონაცემების თანახმად, მსოფლიოში სულ გამოშვებულია "კალაშნიკოვის" სხვადასხვა მოდიფიკაციის 100 მლნ-მდე ეგზემპლარი, რომლებიც 55 ქვეყნის არმიის შეიარაღებაშია. "კალაშნიკოვები" ქართული არმიის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი სახეობა იყო 2008 წლის აგვისტოს ომამდე, მერე კი მისი ჩანაცვლება ამერიკული ავტომატური კარაბინებით -  М4-ებით დაიწყო, თუმცა
"კალაშნიკოვები" მაინც რჩება რეზერვისტებისა და სპეცდანიშნულების დანაყოფების შეიარაღებაში. საგულისხმოა, რომ საქართველოში "კალაშნიკოვის" სერიული წარმოების რამდენიმე მცდელობა იყო (ერთ-ერთის მონაწილე ამ სტატიის ავტორიც გახლდათ აფხაზეთის ომის დროს), თუმცა ყველა მათგანი უშედეგოდ დამთავრდა. "კალაშნიკოვების" მარაგს ქართული არმია ძირითადად ორი გზით ივსებდა -
ან შემოჰქონდათ რუსეთის სამხედრო ბაზებიდან, ან საზღვარგარეთ ყიდულობდნენ.

რუმინული წარმოების "კალაშნიკოვების" ერთი  პარტია 1992 წლის გაზაფხულზე შავი ზღვის სანაპიროზე გადმოგდებულ კონტეინერებში აღმოჩნდა. სავარაუდოდ, ეს ავტომატები ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ 1991 წლის შემოდგომაზე შეუკვეთა საზღვარგარეთ, თუმცა მათი მიღება აღარ დასცალდა.

ათიათასობით საბჭოთა წარმოების "კალაშნიკოვი" კი ეროვნული გვარდიისა და არმიის არსენალში 1992 წლის ზაფხულში გამოჩნდა - ისინი მაშინ სხვა შეიარაღებასთან ერთად ახალციხეში დისლოცირებული რუსული კადრირებული მე-10 მოტომსროლელი დივიზიის საწყობებიდან გადმოგვცეს.
თუმცა, 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში ომის დაწყების დღეს, გუდაუთაში რუსებმა აფხაზებს ასევე გადასცეს ათასზე მეტი "კალაშნიკოვი". აფხაზეთის ომის განმავლობაში კიტოვანი რუსული მხრისგან პერიოდულად იღებდა "კალაშნიკოვის" მცირე პარტიებს.

1995-1998 წლებში ქართული არმიის იარაღის მარაგს "კალაშნიკოვებით" ავსებდა მაშინდელი თავდაცვის მინისტრი ვარდიკო ნადიბაიძე - მის დროს ყაზახეთში "კალაშნიკოვების" 10-ათასიანი პარტია შეიძინეს.
ამ ავტომატების დიდი პარტიების შესყიდვა უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში 2004 წლიდან, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, გაგრძელდა, სანამ 2007 წლის ბოლოს არ შეიძინეს "ბუშმასტერის" ფირმის ამერიკული ავტომატური კარაბინების - М4-ების პირველი პარტია.
2008 წლის აგვისტოს ომში ქართულ ჯარს რუსულ არმიასთან ბრძოლა სწორედ "კალაშნიკოვებით" მოუხდა, ამერიკული М4-ები ძირითადად გორისა და სენაკის სამხედრო ბაზებში დარჩა, საიდანაც რუსებმა წაიღეს.
"კალაშნიკოვებთან" არის დაკავშირებული ერთ-ერთი ბოლო სკანდალიც - 2013 წლის ზაფხულში ახალმა მთავრობამ სააკაშვილის ხელისუფლება საბრძოლველად უვარგისი, ათასობით ნახმარი "კალაშნიკოვის" შეძენაში დაადანაშაულა.

დღეს ქართული არმიის შეიარაღებაში ამერიკულ М4-თან ერთად საბჭოთა АК-74-იც არის. თუკი ამერიკული ავტომატური კარაბინი სროლის სიზუსტით გამოირჩევა, მას საბჭოთა ავტომატი საიმედოობით ჯობნის.

არმიის არსენალში ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული სახის ავტომატური იარაღის ქონა წამგებიანია ფინანსური თვალსაზრისითაც. ავღანეთის 4-წლიანი კამპანიის დროს იქ მყოფმა ათასობით ქართველმა სამხედრომ მეტ-ნაკლებად კარგად აითვისა ამერიკული მ4, რაც ალბათ, საკმარისია იმისთვის, რომ ქართული არმიის შეიარაღებაში "კალაშნიკოვები" თანდათან გაქრეს.
zviadi
31 იანვარი 2014 12:04
თუ საუკეთესო იარაღი გაინტერესებთ, ეგ არის hekler&kokh. გერმანული და საუკეთესო. მაგრამ გერმანელებმა არ მოგვყიდეს
გიგილო
21 იანვარი 2014 13:22
STG-44

ეს არის "კალაშნიკოვი" შექმნილი ჰუგო შმაისერის მიერ, რომელიც რუსებმა გადაასახლეს იჟევსკში და იქ ამუშავეს 1952 წლამდე.
გიგილო
21 იანვარი 2014 12:47
წაიკითხეთ ცოტა გერმანელ კონსტრუქტორზე ჰუგო შმაისერზე და ნახეთ, ვინ გამოიგონა "კალაშნიკოვი".

რედაქტორის რჩევით