რუსები M4-ს ყიდულობენ, ოღონდ - სხვას... - კვირის პალიტრა

რუსები M4-ს ყიდულობენ, ოღონდ - სხვას...

2 იანვარს ქართული ელექტრონული მედიასაშუალებებით გავრცელდა თითქმის სენსაციური ინფორმაცია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამერიკელთა საყვარელი იარაღის - M4-ების საცდელი პარტიის შესაძენად კონტრაქტი უკვე გააფორმა. ინფორმაციასთან ერთად გამოქვეყნდა ამერიკული ავტომატური კარაბინის - M4-ის ფოტოსურათიც.

სოციალურ ქსელებში ეს თემა მაშინვე აიტაცეს და გამოითქვა ერთმანეთზე უფრო თამამი მოსაზრებები, თუ რატომ არ დააცადეს დასაფლავება მიხეილ კალაშნიკოვს და მისი ავტომატის მთავარი მეტოქის - მ16-ის "შვილობილი"  M4-ის შეძენა რატომ გადაწყვიტეს რუსმა გენერლებმა. ზოგმა არც ის გამორიცხა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში ქართული არმიის გორისა და სენაკის სამხედრო ბაზებიდან ალაფად წაღებული M4-ები ძალიან მოეწონათ რუს სამხედროებს და ხელისუფლებას მათი შეძენა სთხოვეს...

ინფორმაცია, რომ თურმე რუსეთმა ამერიკელთა საყვარელი M4-ების შეძენა გადაწყვიტა, გონივრული არ ჩანდა არა იმიტომ, რომ M4 რაიმეთი ჩამოუვარდება АК-74-ს, არამედ სხვა არგუმენტის გამო, კერძოდ, "კალაშნიკოვი" 5,45 მმ კალიბრის ვაზნებზეა გათვლილი, M4 კი - 5,56 მმ-იან კალიბრზე, ხოლო მთელი არმიის შეიარაღებისთვის კალიბრის შეცვლა წარმოუდგენელია.

ჩვენ არ დავიზარეთ და შევამოწმეთ პირველწყარო - რუსული საინფორმაციო სააგენტო РБК და კურიოზული რამ აღმოვაჩინეთ: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მართლაც გადაწყვიტა M4-ების შეძენა, მაგრამ არა ამერიკული ავტომატური კარაბინების (რასაც ქართული ელექტრონული მედიით გავრცელებული ფოტოსურათიც ადასტურებდა), არამედ იტალიური საფანტის თოფების - Benelli M4 Super 90-ების!

ამერიკულ M4-ებსა და იტალიურ Benelli M4-ს შორის უზარმაზარი განსხვავებაა, რადგან პირველი ხრახნილლულიანი ავტომატური კარაბინია და მისი სროლის ეფექტური მანძილი 350-400 მ-ია, ხოლო მეორე - გლუვლულიანი, თვითდამტენი თოფია, რომლის 12 კალიბრის ვაზნებში დატენილი საფანტი სამ-ოთხ ათეულ მეტრამდე თუ აღწევს მიზანს.

აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსმა მართლაც შეიძინა "ბენელის" 20 ათასამდე M4, თუმცა ეს თოფები სპეცოპერაციების დროს, შენობებში ბრძოლისას თუ გამოდგება, როდესაც ჩაკეტილი კარების საკეტებია შესამტვრევი (სხვათა შორის, ეს პრობლემა ჰქონდათ ცხინვალის ქუჩებში შესული ქართული არმიის იმ მებრძოლებს, რომლებიც კორპუსის ბინების სნაიპერებისგან "გაწმენდას" ცდილობდნენ, მაგრამ კარების გასაღებად შესაბამისი საშუალებები არ გააჩნდათ).

ისე, პირველი ამერიკული "შავი შაშხანები" - M16-ები - საბჭოთა სამხედრო დაზვერვის ხელში ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში, ვიეტნამის ომის დროს, აღმოჩნდა.

როგორც ვხედავთ, არაზუსტი თარგმანითა და ფოტოსურათის შეცდომით გამოქვეყნებით მასმედიამ შეიძლება საზოგადოება ააფორიაქოს, სადაზვერვო ორგანოებს კი საახალწლოდ თავსატეხი გაუჩინოს...