პირველი ჩინური ავიამზიდი, რომელშიც ქართული წილიცაა - კვირის პალიტრა

პირველი ჩინური ავიამზიდი, რომელშიც ქართული წილიცაა

ახალი წლისთვის სამხრეთ ჩინეთის ზღვაში საგამოცდო ცურვა დაასრულა ერთადერთმა ჩინურმა ავიამზიდმა "ლიაონინმა", რომლის სიგრძე 304 მ, სიგანე 75 მ, ხოლო წყალწყვა - 60 ათას ტონამდეა. ეს ავიამზიდი ჩინეთის სამხედრო ძლიერების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, რითაც პეკინმა ვაშინგტონს დიდი თავსატეხი გაუჩინა, რადგან ჩინეთის ტერიტორიულ ან ნეიტრალურ წყლებში მცურავი "ლიაონინიდან" 30-მდე გამანადგურებელ თვითმფრინავს და 24 შვეულმფრენს შეუძლია აფრენა. "ლიაონინი", ფაქტობრივად, საბჭოთა ავიამზიდი კრეისერის - "ვარიაგის" მოდერნიზებული ვარიანტია. დაუმთავრებელი "ვარიაგი" 1998 წელს ჩინეთმა უკრაინისგან ჯართის ფასად, 25 მლნ დოლარად იყიდა და შავი ზღვიდან ბუქსირით გადაიყვანა ჩინეთის სანაპირომდე. მაშინ თვალის ასახვევად პეკინში აცხადებდნენ, რომ "ვარიაგი" მცურავ კაზინოდ უნდა გადაეკეთებინათ, თუმცა ის პირველი ჩინური ავიამზიდი გახდა.  საგულისხმოა, რომ "ვარიაგი", რომელიც 67%-იან ტექნიკურ მზადყოფნაში იყო, 1993 წელს ყოფილი საბჭოთა შავი ზღვის ფლოტის რუსეთსა და უკრაინას შორის გაყოფის შემდეგ კიევს დარჩა, არადა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან შავ ზღვაზე გასასვლელი უკვე დამოუკიდებელ საქართველოსაც ჰქონდა და წესით, საბჭოთა შავი ზღვის ფლოტიდან რაღაც მასაც ეკუთვნოდა, მაგრამ თითქმის ვერაფერი მიიღო. ასე რომ, ჩინურ ავიამზიდში საქართველოს წილიცაა...