სოჭის ოლიმპიადა მავთულხლართებში "ჩასვეს" - კვირის პალიტრა

სოჭის ოლიმპიადა მავთულხლართებში "ჩასვეს"

7 თებერვლამდე - სოჭში, ზამთრის ოლიმპიადის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, რუსეთის ხელისუფლებამ სოჭის გარშემო რამდენიმე დამცავი ზღუდე შექმნა, რომელთა უსაფრთხოებაზე ათასობით რუსი პოლიციელი, სპეცსამსახურების თანამშრომლები, სამხედროები და კაზაკები ზრუნავენ. სოჭში განთავსებულია "ტორის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები იმ შემთხვევისთვის, თუკი კამიკაძე-ტერორისტები მოტოდელტაპლანებით, უპილოტო საფრენი აპარატებით ან მსუბუქი თვითმფრინავებით ეცდებიან ოლიმპიურ სოფელზე თავდასხმას. ზღვიდან სოჭის სანაპიროს შავი ზღვის ფლოტისა და მესაზღვრეების კატარღები იცავენ. სოჭში ასობით სამოქალაქოტანსაცმლიანი სპეცსამსახურის აგენტია გაბნეული, რომლებიც ამოწმებენ ყველაფერს, რაც საეჭვოდ მოეჩვენებათ. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო რუსეთში 40-მდე აგენტის გაგზავნას აპირებს, რომლებიც სოჭში, ძირითადად, ამერიკელი სპორტსმენების უსაფრთხოებას დაიცავენ. საჭიროების შემთხვევაში თავისი მოქალაქეების სოჭიდან დაუყოვნებლივ ევაკუაციისთვის აშშ-ის ხელისუფლებამ წინასწარ დაიქირავა 5 სამგზავრო თვითმფრინავი. სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების სამხრეთი ზღუდე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეა და იქ დისლოცირებული რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობაც ამ ღონისძიებებში მონაწილეობს.