რუსულმა Су-27-ებმა თბილისს ჩაუფრინეს - კვირის პალიტრა

რუსულმა Су-27-ებმა თბილისს ჩაუფრინეს

10 იანვარს, შუადღისას, საქართველოს საჰაერო სივრცე ჩრდილოეთიდან, რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ხუთმა რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა - Су-27 ტიპის გამანადგურებელმა გადმოკვეთა, რომელთაც ერთი Ил-76 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოაცილებდა.

ამ ავიაჯგუფმა ფრენა სომხეთის მიმართულებით გააგრძელა და დაეშვა "ერებუნის" სამხედრო აეროდრომზე ერევნის სამხრეთით.

ასეთი შემადგენლობით საქართველოს საჰაერო სივრცეში და მით უმეტეს - მისი დედაქალაქის სიახლოვეს რუსული საბრძოლო თვითმფრინავები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ აღარ გამოჩენილან, თუმცა ამჯერად ეს რუსული გამანადგურებლები შეიარაღებული არ ყოფილან და საბედნიეროდ, არც ქართულ ქალაქებზე თავდასხმას აპირებდნენ.

ერევანში დაშვებული Су-27 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების უმაღლესი საპილოტაჟო ჯგუფ "რუსკიე ვიტიაზების" შემადგენლობაშია.

ერევნის "ერებუნის" აეროდრომზე მათ შუალედური დაჯდომა განახორციელეს საწვავის მარაგის შესავსებად. ეს ჯგუფი ბაჰრეინში მიფრინავს, სადაც საერთაშორისო საავიაციო გამოფენის დროს საჩვენებელი ფრენები უნდა შეასრულონ...

უმაღლესი პილოტაჟის ფიგურების ჩვენება რუსული Су-27-ების პილოტებს ერევნის თავზეც სურდათ, თუმცა ცუდმა ამინდმა და ძლიერმა ნისლმა მათ ამის საშუალება არ მისცა.

"რუსკიე ვიტიაზების" ავიაჯგუფი 1991 წელს შეიქმნა მოსკოვთან ახლოს, კუბინკის სამხედრო აეროდრომზე და მას შემდეგ ათეულობით საერთაშორისო საავიაციო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

1995 წლის 12 დეკემბერს ვიეტნამში, კამრანის აეროდრომზე დაშვებისას მთას დაეჯახა ამ რუსული ავიაჯგუფის სამი Су-27, რის შედეგად ოთხი პილოტი დაიღუპა.

2009 წლის 16 აგვისტოს რუსეთში, ქალაქ ჟუკოვსკისთან ჰაერში ვარჯიშისას ერთმანეთს ამ ჯგუფის ორი Су-27 შეეჯახა და ჯგუფის მეთაური დაიღუპა.

უმაღლესი პილოტაჟის საჩვენებელი საავიაციო ჯგუფები მსოფლიოს რამდენიმე ათეულ ქვეყანას ჰყავს. განსაკუთრებით პოპულარულია ამერიკული "ცისფერი ანგელოზები" (F/A-18 ტიპის გამანადგურებელზე), ბრიტანული "წითელი ისრები" (დაფრინავენ Hawk -ებზე) და ფრანგული "პატრულ დე ფრანსი" (იყენებენ  Alpha jet -ის ტიპის მსუბუქ რეაქტიულ თვითმფრინავებს).

შარშან ქართველმა პილოტებმა თბილისის საავიაციო ქარხნის აეროდრომის თავზე Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებით და L-39 ტიპის სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავებით პირველი ქართული ავიაშოუ მოაწყვეს და მაყურებლებს უმაღლესი პილოტაჟის შთამბეჭდავი ფიგურები უჩვენეს. მონდომებისა და მხარდაჭერის შემთხვევაში ჩვენთანაც შეიძლება შეიქმნას უმაღლესი პილოტაჟის საჩვენებელი ჯგუფი, რომელიც საზოგადოებას ავიაციას შეაყვარებს და საზღვარგარეთაც შეძლებს საქართველოს სახელის ღირსეულად გატანას.

P.S. რუსი "ვიტიაზები" ბაჰრეინიდან ერევნის გავლით რუსეთში 20 იანვარს დაბრუნდებიან და რა თქმა უნდა, ისევ გადაკვეთენ საქართველოს საჰაერო სივრცეს. იმედია, რუსული საბრძოლო თვითმფრინავების ქართულ ცაში ფრენა საქართველოს ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან შეთანხმებულია...