ქაბული და ვაშინგტონი კვლავ ვერ თანხმდებიან - კვირის პალიტრა

ქაბული და ვაშინგტონი კვლავ ვერ თანხმდებიან

2013 წლის ბოლომდე ოფიციალურმა ვაშინგტონმა ვერ მოახერხა, დაეყოლიებინა ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ ყარზაი, ხელი მოეწერა შეთანხმებისთვის, რომელიც ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგ ავღანეთში კოალიციის ჯარების ნაწილის დარჩენას ითვალისწინებს.

ამერიკულ მხარეს სურს, ISAF-ის ოპერაციის შემდეგ, რომელიც 2014 წლის ბოლოს მთავრდება, ავღანეთში 8-10-ათასკაციანი სამხედრო კონტინგენტი დატოვოს. მას უფლება ექნება, სპეცოპერაციები ავღანელთა სახლებშიც განახორციელოს, თუმცა მათზე არ უნდა გავრცელდეს ავღანეთის კანონმდებლობა, ანუ ამერიკელი სამხედროების გასამართლების უფლება ავღანელებს არ ექნებათ.

სწორედ ეს პუნქტი იწვევს ავღანეთის პრეზიდენტის პროტესტს. იგი ვაშინგტონს შეთანხმების ხელმოწერას სთავაზობს 2014 წლის აპრილის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რაც ამერიკელებს ხელს არ აძლევთ.

თეთრი სახლი დიპლომატიური გზით აშანტაჟებს ქაბულს და პრეზიდენტ ყარზაის აფრთხილებს - თუ ავღანური მხარე სასწრაფოდ არ მოაწერს ხელს ამ შეთანხმებას, წლის ბოლოს აშშ თავის 84 ათას სამხედრო მოსამსახურეს ავღანეთიდან საერთოდ გაიყვანს.

ვაშინგტონშიც და ქაბულშიც კარგად მოეხსენებათ, რომ ISAF-ის ძალების გარეშე პრეზიდენტ ყარზაის მთავრობა მხოლოდ რამდენიმე თვეს თუ შეძლებს ქვეყნის სათავეში ყოფნას, რადგან თალიბები ყველაფერს გააკეთებენ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.

ასეთი რამ ერთხელ უკვე მოხდა: 1989 წელს ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანის შემდეგ, ორიოდე წელში, ამ ომებით გატანჯულ ქვეყანას სწორედ თალიბები დაეპატრონენ.

საქართველოსთვის სულერთი არ არის, რა მოხდება ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგ, რადგან დღეს ავღანეთში NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველოს ყველაზე მეტი სამხედრო ჰყავს. ხელისუფლებამ უკვე მიიღო საკამათო გადაწყვეტილება, წლის ბოლომდე ISAF-ის მისიის მონაწილე სამხედროთა რაოდენობა არ შეამციროს.

როგორ გააგრძელებს საქართველო თავის მისიას ავღანეთში ISAF-ის ოპერაციის დამთავრების შემდეგ, დამოკიდებულია ვაშინგტონისა და ქაბულის შეთანხმებაზე, რომლის ხელმოწერა ზემოხსენებული მიზეზების გამო ძალიან გაჭიანურდა.

კარგი იქნება, თუ ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგ ავღანეთის ხელისუფლებას აღარ დასჭირდება უცხოელი სამხედროების დახმარება და ქართველი სამხედროებიც, რომლებსაც სამშობლოშიც ბევრი პრობლემა აქვთ მოსაგვარებელი, საქართველოში დაბრუნდებიან.