NATO სამხრეთ კავკასიაში გაზსადენს დაიცავს?! - კვირის პალიტრა

NATO სამხრეთ კავკასიაში გაზსადენს დაიცავს?!

15 იანვარს ბრიუსელში გაიმართა  NATO-ს გენერალური მდივნის - ანდერს ფოგ რასმუსენისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოფიციალური შეხვედრა, რომელზეც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ძალზე სერიოზული რამ შესთავაზა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, კერძოდ, მან განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მომავალშიც დაეხმარება ავღანეთს და მის ძალოვან სტრუქტურებს ნაწილობრივ დააფინანსებს, ამასთან, ბაქო დაეხმარება NATO-ს სატრანზიტო დერეფნის გავლით ავღანეთიდან ჯარებისა და სამხედრო ტვირთის ტრანსპორტირებაში, სამაგიეროდ კი მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, დაიცვას ის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რომლის საშუალებით აზერბაიჯანიდან ევროპას ბუნებრივი აირი მიეწოდება.

პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, ალბათ, მხედველობაში ჰქონდა მშენებარე ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, რომლის საშუალებით კასპიის ზღვის შაჰდენიზის საბადოდან ბუნებრივი აირი ევროპას უნდა მიეწოდოს.

ამ გაზსადენის საერთო სიგრძე 692 კმ-ია, საქართველოს მონაკვეთის კი - 249 კმ. ამასთან, გაზსადენი საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადად იმ დერეფანს მიჰყვება, რომელშიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი გადის.

რა გამოდის? თუკი NATO დათანხმდება აზერბაიჯანის ლიდერის ამ თხოვნა-რჩევას (არადა სწორედ ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენით ევროპისთვის მიწოდებული აზერბაიჯანული აირი საშუალებას მისცემს NATO-ს წევრ ქვეყნებს, აღარ იყვნენ დამოკიდებული რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდებაზე), ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მიზეზი ექნება, აზერბაიჯანსა და საქართველოში თავისი სამხედრო-პოლიტიკური პოზიციები გააძლიეროს, ბაქოსა და თბილისს კი NATO-ს სახით უსაფრთხოების გარანტი ეყოლებათ.

ჩვენთვის ეს ფაქტი კიდევ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ აზერბაიჯანიდან მომავალი ნავთობ და გაზსადენები ოკუპირებული ახალგორის რაიონში საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს გადის და ამ საერთაშორისო ენერგოგამტარი ინფრასტრუქტურის დასაცავად NATO-ს ჩართვა საქართველოს უსაფრთხოებას განამტკიცებს.

თუმცა ოცნება კარგია, მაგრამ სამწუხაროდ, სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზის გამო ნაკლებმოსალოდნელია, NATO დათანხმდეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის თხოვნას, დასავლეთის გაუბედაობის ძირითადი მიზეზი კი ძველია - რუსეთის ფაქტორი, რომელიც დღესაც ასე აშინებს ბებერ ევროპას...