რას წარმოადგენს "ბერკუტი"? - კვირის პალიტრა

რას წარმოადგენს "ბერკუტი"?

მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებმა არაერთი ვიდეო და ფოტოკადრი გაავრცელეს კიევის ქუჩებიდან, სადაც ერთმანეთს დაუზოგავად სცემენ უკრაინის შსს-ს სპეციალური დანიშნულების დანაყოფის - "ბერკუტის" მებრძოლები და ქვებითა და ხელკეტებით შეიარაღებული ოპოზიცია.

თავიდანვე ვიტყვით:

2007 წლის 7 ნოემბერს ან 2011 წლის 26 მაისს თბილისში მიტინგებზე ოპოზიციას იმის მეათედიც რომ გაებედა, რასაც დღეს უკრაინელი ოპოზიციონერები სჩადიან, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება, ალბათ, ცეცხლის გახსნის ბრძანებასაც გასცემდა

(არადა ორივე მიტინგისას რუსთაველის პროსპექტთან, პოლიციის მანქანებში ცეცხლსასროლი იარაღის დიდი მარაგი ინახებოდა(!).

კიევში გრუშევსკის ქუჩაზე მიმდინარე დაპირისპირებისას ოპოზიციის წარმომადგენლები ძირითადად ქვებს და "მოლოტოვის კოქტეილებს" (ბენზინიან ბოთლს ფითილი უკეთია, რომელსაც გადაგდების წინ ცეცხლს უკიდებენ, თუმცა შამპანურის ბოთლები ხშირად არ ტყდება და "ბერკუტი" ასწრებს, ისინი მსროლელებს უკან "დაუბრუნოს") ისვრიან, წვავენ საბურავებს, ქვებითა და ხელკეტებით ცდილობენ შეტევაზე გადმოსული "ბერკუტის" მოგერიებას.

ამასთან, ოპოზიციის აქტიურ წევრებს სახე დამალული აქვთ, რათა მათი იდენტიფიცირება არ მოხდეს (სხვათა შორის, "ბერკუტის" მებრძოლებსაც ნიღბები უკეთიათ), თავზე საბჭოთა დროინდელი სამხედრო მუზარადები და მშენებლის ჩაფხუტები ახურავთ, ბევრს აირწინაღი უკეთია, რათა "ბერკუტის" ნასროლი ცრემლსადენი და კვამლსადენი ხელყუმბარებისგან დაიცვას თავი.

რაც შეეხება "ბერკუტს", მისი საერთო რაოდენობა არცთუ დიდია - 3 ათას კაცამდე, რომლებიც ორ პოლკში არიან გაერთიანებული ექვსი ბატალიონისა და 19 ასეულის სახით.

"ბერკუტის" დანაყოფები უკრაინის სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში არიან დისლოცირებული და ემორჩილებიან შსს-ს ადგილობრივ სამმართველოს, თუმცა მთლიანად "ბერკუტი" უკრაინის შს მინისტრის განსაკუთრებულ რეზერვს წარმოადგენს. "ბერკუტის" პირველი დანაყოფები ჯერ კიდევ 1993 წელს შეიქმნა მილიციის განსაკუთრებული დანიშნულების რაზმების ("ომონი") ბაზაზე და გასული საუკუნის 90-იან წლებში, ძირითადად, ორგანიზებული კრიმინალის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენებოდა, თუმცა 2004 წლის "ნარინჯისფერი" რევოლუციისა და 2007 წლის უკრაინის უმაღლესი რადას დათხოვნის დროს ის პოლიტიკურ დაპირისპირებაშიც ჩაერთო.

24 იანვარს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტალი ზახარჩენკომ პირობა მისცა მომიტინგეებს, რომ "ბერკუტი" მაიდნიდან მომიტინგეებს ძალის გამოყენებით არ გააძევებს, თუმცა კიევში ისე სწრაფად იცვლება სიტუაცია, რომ ყველაფერია მოსალოდნელი, მით უმეტეს, რომ მომიტინგეთა შორის პირველი მსხვერპლი უკვე იყო, თანაც - ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შედეგად.

უკრაინული "ბერკუტის" შეიარაღებაშია ყველანაირი ცეცხლსასროლი იარაღი და ჯავშანტექნიკა და მათ ერთ საათშიც შეუძლიათ გრუშევსკის ქუჩიდან და მაიდნიდან ოპოზიციის გარეკვა, მაგრამ ამას აუცილებლად მოჰყვება მსხვერპლი, რადგან ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი იანუკოვიჩის ხელისუფლების დამხობამდე ბრძოლის მომხრეა და უკან დახევას არ აპირებს. ამაზე მეტყველებს უკრაინის სხვა ქალაქების რაიონული მმართველობის ორგანოებში ოპოზიციის შეჭრაც.