"დიდგორი" ახალ პროფესიას იძენს - კვირის პალიტრა

"დიდგორი" ახალ პროფესიას იძენს

ქართული "დიდგორების" რიგს ახალი დანიშნულების ჯავშანმანქანებიც შეემატა, რომელთა ოფიციალური პრეზენტაცია ამ კვირაში გაიმართება თბილისის საავიაციო ქარხნის აეროდრომის ანგარში.

"კვირის პალიტრას" მიეცა ექსკლუზიური საშუალება, ერთ-ერთი პირველი გასცნობოდა "დიდგორის" ახალ მოდიფიკაციას, რომელიც წინამორბედი "დიდგორებისგან" განსხვავებით, არ არის შეიარაღებული ტყვიამფრქვევებით, თუმცა, უფრო მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულება შეუძლია.

ამაზე მეტყველებს ახალი დანიშნულების "დიდგორის" სახურავზე სხვადასხვა ტიპის რადიოანტენების დამონტაჟება და ჯავშანმანქანის უკანა ნაწილი, რომელშიც თანამედროვე რადიოელექტრონული აპარატურაა დამონტაჟებული.

ქართული სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის "დელტასა" და ამერიკული კომპანია HARRIS-ის ერთობლივი მუშაობის შედეგად ჯავშანმანქანა "დიდგორს" კორპუსის ნაწილი შეეცვალა - მასში დამონტაჟდა დახურული რადიოკავშირის აპარატურა, რომლის გამოყენებითაც შეიძლება საბრძოლო დანაყოფების მართვა ისე, რომ მოწინააღმდეგემ ვერ შეძლოს გადაცემული ინფორმაციის გაშიფვრა, ასევე - რადიოელექტრონული ჩახშობის სისტემის გამოყენება.

2008 წლის აგვისტოს ომმა მწარედ დაგვამახსოვრა, თუ რას ნიშნავს უწყვეტი და თანაც - დახურული რადიოკავშირი საბრძოლო მოქმედების დროს.

"დიდგორის" ჯავშანს შეუძლია ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებისა და ჭურვის ნამსხვრევებისაგან საიმედოდ დაიცვას "ჰარისის"  ძვირად ღირებული რადიოელექტრონული აპარატურა.