კრემლი სოჭის ოლიმპიადის აფხაზეთიდან დაბომბვისგან თავს იზღვევს... - კვირის პალიტრა

კრემლი სოჭის ოლიმპიადის აფხაზეთიდან დაბომბვისგან თავს იზღვევს...

რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების თანხმობით საქართველო-რუსეთის ფედერაციის საზღვრიდან, მდ. ფსოუდან, აფხაზეთის სიღრმეში 11კმ-იანი სასაზღვრო ზონა შექმნა. მათი განცხადებით, ეს სასაზღვრო ზონა დროებითია და 20 იანვრიდან 21 მარტამდე, ანუ სოჭში ზამთრის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების პერიოდში იარსებებს. ამ ზონაში მოყვა გაგრის რაიონის რვა დასახლებული პუნქტი, რომელთა ტერიტორია 24 სთ-ის განმავლობაში გაკონტროლდება.

რატომ მიიღო მოსკოვმა ეს გადაწყვეტილება, რომლითაც კიდევ ერთხელ შებღალა საქართველოს სუვერენიტეტი?

ამჯერად კრემლის ამოცანა პოლიტიკური ქულების დაწერა და საქართველოს ხელისუფლების გამოწვევა არ უნდა იყოს. ამ გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი როლი პრაგმატულმა გათვლამ ითამაშა. ყველაფერი გადაწყვიტა მანძილმა, ანუ იმან, თუ რამდენი კმ-ით არის დაშორებული სოჭის ოლიმპიადა მდ. ფსოუზე გამავალ საზღვარს და ლესელიძიდან საარტილერიო ჭურვი მისწვდება თუ არა ოლიმპიურ სოფელს.

სოჭი ოკუპირებული აფხაზეთის საზღვრიდან 28 კმ-ით არის დაშორებული და იქამდე ვერ აღწევს "გრადის" რაკეტებიც, თუმცა "გრადის" დანადგარის ფარულად განთავსება და ოლიმპიური სოფლისკენ რაკეტების გაშვება ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებს, რომლებიც დიდი ხანია, კრემლს სოჭის აფეთქებით ემუქრებიან, ისედაც გაუჭირდებათ.

ჩრდილო კავკასიის რეგიონში, სოჭის აღმოავლეთით, უკვე შექმნილია თავდაცვის რამდენიმე ზღუდე. სწორედ ამ ზღუდეებიდან აკონტროლებენ იმ მანძილს, საიდანაც შეიძლება დივერსანტებმა შორსმსროლელი არტილერიის გამოყენება სცადონ.

ოკუპირებული აფხაზეთის საზღვრის სიღრმეში 11კმ-იანი სპეციალური სასაზღვრო ზონის შექმნის მიზანია, თეორიულადაც კი შეუძლებელი გახდეს შორსმსროლელი არტილერიის მიერ სოჭის ოლიმპიური სოფლის დაბომბვა, თუმცა პუტინის ოლიმპიურ იმედს სხვა საშიშროებაც ემუქრება: ჩრდილოკავკასიელმა მებრძოლებმა შეიძლება სცადონ უფრო კომპაქტური საარტილერიო საშუალებების გამოყენება, რომელთა  აღმოჩენა ძალზე ძნელი იქნება.

ჩეჩნეთსა და დაღესტანში რუსეთის ფედერალური ძალების წინააღმდეგ მებრძოლთათვის უფრო ხელმისაწვდომია 82 მმ კალიბრის ნაღმსატყორცნები. ეს ნაღმსატყორცნი 42 კგ-ს იწონის, სამ ნაწილად იშლება და სამ ადამიანს შეუძლია, ტყე-ტყე ატაროს. ამ ნაღმსატყორცნიდან წუთში 3,14 კგ მასის 82 მმ კალიბრის 15-22 ნაღმის გასროლა თითქმის 4 კმ მანძილზე შეიძლება.

ამ მანძილიდან 82 მმ-იანი ნაღმსატყორცნით სოჭს ვერ მისწვდებიან, თუმცა მდ. ფსოუს აფხაზეთის ნაპირიდან 82 მმ-იანი ნაღმები თითქმის აღწევს ადლერის აეროპორტის ორი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკიდან ერთ-ერთს მაინც.

წარმოიდგინეთ - ადლერის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავებიდან უცხოელი სპორტსმენები და ჟურნალისტები ჩამოდიან და ამ დროს აეროპორტის სიახლოვეს აფხაზეთის მხრიდან გამოშვებული ნაღმები ფეთქდება!

სავარაუდოდ, სწორედ ეს საშიშროება იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც რუსეთის ხელისუფლებამ დაარღვია ყველა საერთაშორისო ნორმა, სუვერენული საქართველოს საზღვრის სიღრმეში 11კმ-იანი სპეციალური სასაზღვრო ზონა შექმნა და სხვადასხვა სიშორის საარტილერიო საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა სრულიად გამორიცხა.

სოჭის ოლიმპიური სოფლისა და ადლერის აეროპორტის გარშემო შექმნილ უსაფრთხოების ზონებში რუსეთი აქტიურად იყენებს საჰაერო დაზვერვის საშუალებებს - უპილოტო სადაზვერვო საფრენ აპარატებს, შვეულმფრენებსა და საბრძოლო თვითმფრინავებს.

მაგალითად, ადლერის აეროპორტის სამხრეთ ტერმინალზე მობილიზებულია ექვსი საბრძოლო Ми-24 და რვა სამხედრო-სატრანსპორტო Ми-8 ტიპის შვეულმფრენები, რომლებიც სამგზავრო თვითმფრინავების დაჯდომა-აფრენის დროს აეროდრომის სიახლოვეს იფრენენ, რათა არ დაუშვან დივერსანტების მიერ გადასატანი სითბური დამიზნების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების - "სტრელებისა" და "იგლების" - ეფექტური გამოყენება როგორც აეროპორტის მიმდებარე ტყის მასივებიდან, ასევე ზღვის მხრიდანაც.

P.S. ოკუპირებული აფხაზეთის ჩრდილოეთ ნაწილში 11კმ-იანი სასაზღვრო ზონის შექმნა კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსაზრებას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი და კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენები 2014 წლის სოჭის ოლიმპიადასთან იყო დაკავშირებული. რუსეთის ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა, რომ ოლიმპიადის წინ კოდორის ხეობა თბილისს ვეღარ გაეკონტროლებინა.