მუხროვანის საარტილერიო დაბომბვა იგეგმებოდა... - კვირის პალიტრა

მუხროვანის საარტილერიო დაბომბვა იგეგმებოდა...

მუხროვანისკენ მიმავალ გზაზე ოთხი ასეთი 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნი დაიდგა 5 მაისის დილას

სოციალური ქსელით გავრცელებული 2009 წლის 5 მაისის მუხროვანის მოვლენების ამსახველი, აქამდე საზოგადოებისთვის უცნობი ვიდეოკადრები კვლავ ძალიან აქტუალურია, განსაკუთრებით კი ის მომენტი, როდესაც მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი "ორ გვამს" ითხოვს და დიდ პრემიასაც ჰპირდება ამის ჩამდენს.

არადა, იმ დღეს მოვლენები სხვანაირად რომ წარმართულიყო, ხელისუფლება ორ კი არა, ოც ან სულაც ორას გვამს მიიღებდა.

საქმე ის არის, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ მუხროვანის სამხედრო ნაწილის ტერიტორია არა მარტო ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და ჯავშანმანქანა "კობრების" ალყაში მოაქცია, არამედ საარტილერიო დანადგარების სამიზნედაც აქცია.

ამ სტატიის ავტორმა მაშინ მოახერხა, გადაელახა პატრულისა და სამხედროების კორდონი, რომელიც საავტომობილო გზაზე, საპატრულო შენობასთან იდგა და მუხროვანისკენ არავის უშვებდა.

მუხროვანის სამხედრო ნაწილამდე სამხედროებს შტაბის კარავიც ჰქონდათ გაშლილი და ათობით ოფიცერი ირეოდა, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ის გახლდათ, რომ ჩვენ თვალწინ მე-4 ქვეითი ბრიგადიდან მოსულმა არტილერისტებმა ნაღმსატყორცნების ბატარეის გაშლა დაიწყეს და რამდენიმე 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნი საცეცხლე პოზიციაზე დააყენეს, ისე, რომ სროლა სწორედ მუხროვანის სამხედრო ნაწილის მიმართულებით ყოფილიყო შესაძლებელი.

მუხროვანისკენ მიმავალი გზის პირას განლაგებული ნაღმსატყორცნების გარდა ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიის სიახლოვეს, საბრძოლო პოზიციებზე გაშალეს Д-30 ტიპის ჰაუბიცები, რომელთა 122 მმ-იანი მსხვრევად-ფუგასური ჭურვები ადვილად მიაღწევდა მუხროვანის სამხედრო ნაწილს.

თუმცა დახურული საცეცხლე პოზიციებიდან გასროლილი პირველი ჭურვების ნაწილი (სანამ ცეცხლის ზუსტი კორექტირება მოხდებოდა) შეიძლება დასცემოდა სამხედრო ნაწილის ახლომდებარე სოფლებს, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვებოდა. არტილერისტები მოწინააღმდეგეს ვერ ხედავდნენ, მაგრამ მათ ზოგიერთი მაღალჩინოსანი სამხედრო არწმუნებდა (როგორც ეს შემდგომ ადვოკატებმა გაარკვიეს), რომ მუხროვანის სამხედრო ნაწილი რუსებმა დაიკავეს, მათ გამყიდველი ქართველი სამხედროებიც შეუერთდნენ და მათი განადგურება იყო საჭირო(!). ასეთი  იდეოლოგიური დამუშავების შემდეგ, ბრძანების შემთხვევაში, არტილერისტები უყოყმანოდ გახსნიდნენ ცეცხლს...

P.S. სოციალური ქსელით გავრცელებული ეს ვიდეოჩანაწერი ძალოვანების არაპროფესიონალიზმის საუკეთესო დასტური გახლდათ. სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი სპეცრაზმელებს ასწავლიდა, თავჩაღუნულებს, ორ-ორი მეტრის დაშორებით სიარულისას, როგორ გაევლოთ ტყე, რომ ნაღმზე არ აფეთქებულიყვნენ, შინაგან საქმეთა მინისტრი კი მიახლოებითი მიმართულების ხელით ჩვენებით ჯგუფებს გასვლის ბრძანებას აძლევდა...

ამ დროს არავის გახსენებია (ყოველ შემთხვევაში, გავრცელებულ ვიდეოკადრებში ეს არ ჩანს), გამოეყენებინათ რუკა და დაეგეგმათ სვლის მარშრუტი ისე, რომ ეს შეიარაღებული ჯგუფები ერთმანეთს არ ჩასაფრებოდნენ და ცეცხლი ერთმანეთისთვის არ გაეხსნათ, რაც, სამწუხაროდ, ცხინვალში ბრძოლის დროს მოხდა კიდეც.

თუმცა ეს ყველაფერი არც იყო გასაკვირი, მით უმეტეს იმის მომსწრისთვის, რაც 2008 წლის 8 აგვისტოს, დილის 3 საათისთვის გორში, პოლიციის შენობის წინ ხდებოდა:

სიცხის გამო პოლიციის შენობის მეორე სართულის ფანჯრები ღია იყო და ქუჩაში მდგომთ კარგად გვესმოდა იმ აღელვებული მაღალჩინოსნების ხმა, რომლებიც ცხინვალში შეტევაზე გადასული დანაყოფების მეთაურებს რაციით უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ...

სწორედ მაშინ - 2008 წლის 8 აგვისტოს გამთენიისას - ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ის, რაც დაიწყო, არაპროფესიონალთა დაგეგმილი საშიში ავანტიურა გახლდათ...