ოლიმპიური სოჭი იქნებ უკვე დანაღმულია? - კვირის პალიტრა

ოლიმპიური სოჭი იქნებ უკვე დანაღმულია?

მშენებარე ობიექტებზე ასაფეთქებელი მოწყობილობების წინასწარ ჩატანება უკვე აპრობირებული მეთოდია...

რამდენიმე დღეში, 7 თებერვალს, სოჭში ოფიციალურად გაიხსნება ზამთრის ოლიმპიური თამაშები, რომელთა უსაფრთხოდ ჩატარება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უმთავრესი საზრუნავია, მით უმეტეს, რომ ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები, დიდი ხანია, კრემლს სოჭის ოლიმპიადის ჩაშლით ემუქრებიან.

რუსეთის ხელისუფლებამ სახმელეთო, საჰაერო თუ საზღვაო დივერსიისგან თავდასაცავად სოჭის გარშემო უსაფრთხოების რამდენიმე ზონა შექმნა. აქ თავმოყრილია ათასობით სამხედრო მოსამსახურე, პოლიციელი და სპეცსამსახურების თანამშრომელი, ასევე ათობით საბრძოლო ხომალდი, დამრტყმელი შვეულმფრენი, გამანადგურებელი თვითმფრინავი და საზენიტო-სარაკეტო სისტემა.

მიუხედავად უსაფრთხოების ასეთი ზომებისა, რუსეთის ხელისუფლებამ შეიძლება მაინც ვერ დაიცვას სოჭის ოლიმპიადა ტერაქტებისაგან, რადგან შესაძლოა "მძინარე ბომბები" უკვე დიდი ხანია, დამონტაჟებულია ოლიმპიურ სოფელში და მხოლოდ ამოქმედების ბრძანებას ელოდება.

ჩვენ მხოლოდ ვვარაუდობთ, რომ შეიძლება ტერორისტებმა გამოიყენონ აფეთქების იგივე სცენარი, რომელსაც ათი წლის წინ გროზნოში ჩეჩნეთის პრეზიდენტი აჰმად კადიროვი შეეწირა.

თუმცა, დავიწყოთ შორეული 1997 წლის სექტემბრიდან, როდესაც ამ სტატიის ავტორი მცირერიცხოვან ოფიციალურ ქართულ დელეგაციასთან ერთად გროზნოში იმყოფებოდა.

მაშინ ჩეჩნებს, პირველი ომის შემდეგ, რუსები უკვე გაყრილი ჰყავდათ რესპუბლიკის ტერიტორიიდან და ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავდნენ. ქართული დელეგაცია ძალზე გულთბილად მიიღო ჩეჩნეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ასლან მასხადოვმა და აღლუმის შემდეგ ყველანი გროზნოს "დინამოს" სტადიონზე მიგვიწვია, სადაც საპატიო სტუმრების ტრიბუნაზე ვისხედით. იქ იყო არა მარტო პრეზიდენტი ასლან მასხადოვი, არამედ ჩეჩნეთის იმდროინდელი ხელმძღვანელობა - შამილ ბასაევი, ზელიმხან იანდარბიევი, აჰმედ ზაკაევი, აჰმად კადიროვი და სხვები.

სტადიონი სავსე იყო შეიარაღებული ხალხით, ვერ გაიგებდით, ვინ ვინ იყო და უნებურად გავიფიქრე, ახლა რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა საპატიო სტუმრების ტრიბუნაზე ერთი ბომბი ააფეთქონ, ხომ ერთბაშად მოიცილებს ყველა ჩეჩენ ლიდერს-მეთქი.

გავიდა შვიდი წელი...

2004 წლის 9 მაისს მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ფეთქდება გროზნოს "დინამოს" სტადიონზე საპატიო სტუმრების ტრიბუნა - ზუსტად ის ადგილი, სადაც 1997 წელს ვიჯექი.

აფეთქების დროს საპატიო სტუმრების ტრიბუნაზე იყო ჩეჩნეთის პრეზიდენტი აჰმად კადიროვი სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად. დაიღუპა შვიდი კაცი, მათ შორის - აჰმად კადიროვიც, 50-ზე მეტი კი დაიჭრა.

როგორც შემდგომ გაირკვა, აფეთქებამდე ერთი საათით ადრე მენაღმეებმა შეამოწმეს ეს ტრიბუნა, მაგრამ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს, რადგან თურმე საარტილერიო ჭურვი სტადიონის რეკონსტრუქციის დროს ტრიბუნის ქვეშ, ბეტონში ჩაუტანებიათ და ეს "მძინარე ბომბი" თავის წამს ელოდა. ტერაქტის ადგილის დათვალიერების შემდეგ მეორე საარტილერიო ჭურვიც აღმოაჩინეს, რომელიც არ აფეთქდა.

2006 წელს, თავის აფეთქებამდე ერთი თვით ადრე, შამილ ბასაევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტ აჰმად კადიროვის აფეთქება მისი მოწყობილი გახლდათ და შემსრულებელს 50 ათასი დოლარი გადაუხადა.

ამ ტერორისტული აქტის გახსენებით იმის თქმა გვინდა, რომ არ არის გამორიცხული, ასეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები ოლიმპიური სოფლის მშენებარე ობიექტებშიც ჩაეტანებინათ.

გროზნოს ტერაქტისგან განსხვავებით, რომლის მიზანი ჩეჩნეთის პრეზიდენტის თავიდან მოშორება იყო, სოჭში არ არის აუცილებელი, "მძინარე ბომბები" მაინცდამაინც პრეზიდენტ პუტინის ტრიბუნაში იყოს ჩამონტაჟებული, მით უმეტეს, რომ ამ ადგილს, ცხადია, განსაკუთრებით შეამოწმებენ.

თუმცა ყველა შენობის კედლების სპეციალური რენტგენული აპარატურით გაშუქება, მოგეხსენებათ, შეუძლებელია.

"მძინარე ბომბის" აფეთქებას მსხვერპლი რომც არ მოჰყვეს, ტერორისტები მაინც "გამარჯვებული" იქნებიან, რადგან სოჭის ოლიმპიადის აფეთქებას მთელი მსოფლიო რუსეთის პრეზიდენტ პუტინისა და მისი ნაქები სპეცსამსახურების იმიჯზე ძლიერ დარტყმად ჩათვლის.

იმედი გვაქვს, სოჭის ზამთრის ოლიმპიადა მშვიდობიანად ჩაივლის, რადგან სპორტი შორს უნდა იყოს პოლიტიკისგან.