რუსეთის არმია მცირდება, თუმცა საქართველოსთვის საფრთხე არ იკლებს... - კვირის პალიტრა

რუსეთის არმია მცირდება, თუმცა საქართველოსთვის საფრთხე არ იკლებს...

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა არმია მნიშვნელოვნად შეამცირა და 200 ათასზე მეტი ოფიცერი შინ გაუშვა, მათ შორის 52 ათასი პოლკოვნიკია...

"კვირის პალიტრის" წლიურ ნომერში ვწერდით, რომ ატესტაციის შემდეგ ქართული არმიიდან 180 ვიცე-პოლკოვნიკი და პოლკოვნიკი თანამდებობიდან გადააყენეს და კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს.

26 დეკემბერს ეროვნული გვარდიის ახალი კომპლექსის გახსნისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "ბოლო თვეებში უხმაუროდ, მაგრამ ძალიან მტკივნეული რეფორმები გატარდა, მათ შორის პირად შემადგენლობაში..."

200-მდე ვიცე-პოლკოვნიკმა და პოლკოვნიკმა, რომლებმაც ქართულ არმიაში 16-18 წელი დაყვეს და დამსახურებულ პენსიამდე ერთი-ორი წელი აკლდათ (ზოგს თვეები!) და განსაკუთრებით მათმა ოჯახებმა მართლაც ძალიან მტკივნეულად განიცადეს ახალი წლის წინ ახლობლების სამსახურიდან დათხოვნა.

საქართველოს ხელისუფლება ამას, აგვისტოს ომისეული შეცდომების გაანალიზებად და აღმოფხვრად მიიჩნევს.

საინტერესოა, რომ აგვისტოს ომს მოწინააღმდეგე მხარეც კარგ გაკვეთილად თვლის და გრანდიოზული მასშტაბების შემცირებები დაიწყო რუსეთის არმიაში, რომლის რიცხოვნება დაახლოებით 1,2 მლნ კაცია. დეკემბრის ბოლოს არმიის სამეთაურო შემადგენლობა სერიოზულად შემცირდა - 355 ათასი ოფიცრიდან მხოლოდ 150 ათასი დარჩა, მათ შორის 60-ათასიანი პოლკოვნიკის შტატიდან მხოლოდ 8 ათასი(!). ანუ 52 ათასი პოლკოვნიკი დაითხოვეს, ხოლო ლეიტენანტი და უფროსი ლეიტენანტი 60 ათასიღა დარჩა...

შემცირებას ვერც რუსი გენერლები გადაურჩნენ - 1200 გენერლიდან მხოლოდ 780 განაგრძობს სამსახურს.

პრაპორშჩიკების ინსტიტუტი საერთოდ გააუქმეს და 142 ათასი კაცი უმუშევარი დატოვეს...

რუსეთში თავდაცვის მინისტრ სერდიუკოვისა და გენშტაბის უფროსის მაკაროვის მიერ დაწყებულ ამ რეფორმას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, დათხოვნილი ოფიცრები ქუჩებში მასობრივ გამოსვლებს გეგმავენ, თუმცა ეს ჩვენ (ვისთვისაც რუსეთის არმია ყველაზე რეალურ სავარაუდო მოწინააღმდეგეს წარმოადგენს) დამშვიდების ან მით უმეტეს სიხარულის საფუძველს არ უნდა გვაძლევდეს.

რუსეთი (განსაკუთრებით კი საქართველოს მოსაზღვრე ჩრდილოეთ კავკასიის ოლქში) შლის ნახევრად შევსებულ არმიებსა და დივიზიებს და ქმნის სამხედრო დროის შტატებით 100%-ით დაკომპლექტებულ ბრიგადებს, რომლებიც მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში იქნებიან.

შეიძლება ამ ახალ რუსულ ბრიგადებს ძალზე გაუჭირდეთ ჩინეთის მრავალრიცხოვან დივიზიებთან ბრძოლა (და ეს კრემლის სტრატეგიული შეცდომა იქნება), მაგრამ დღეს სერიოზულ რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ საქართველოსნაირი პატარა ქვეყნების არმიებისთვის...