რას გაუძლებს ქართული ჩაფხუტი და ჯავშანჟილეტი... - კვირის პალიტრა

რას გაუძლებს ქართული ჩაფხუტი და ჯავშანჟილეტი...

"კვირის პალიტრის" ამ ნომრის გამოსვლისას, 10 თებერვალს, საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების სასროლეთზე ვაშლიჯვარში ახალი ქართული აღჭურვილობის გამოცდა-პრეზენტაცია გაიმართება.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" გამოსაცდელად წარმოადგენს ახალ ქართულ ჯავშანჟილეტსა და ჯავშანჩაფხუტს, რომლებიც ბოლო პერიოდში "დელტასა" და "თბილავიამშენში" შეიქმნა.

გამოცდის შედეგების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, თუმცა როგორც "კვირის პალიტრამ" გაარკვია, ჯავშანჩაფხუტი შექმნილია კომპოზიციური მასალების გამოყენებით და მისი მასა 1,3კმ-მდეა. მის შემქმნელებს იმედი აქვთ, რომ ჯავშანჩაფხუტმა უნდა გაუძლოს 5 მეტრიდან ნასროლ TT-ს ფოლადისგარსაცმიან ტყვიას. TT-ს 7,62 მმ კალიბრის ვაზნა (რომელიც ლეგენდარული "მაუზერის" ვაზნის ანალოგიურია)  პისტოლეტის ვაზნებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერად ითვლება, რადგან 5,5 გ მასის ტყვიის ენერგია გასროლისას - 508 ჯოულს, ხოლო საწყისი სიჩქარე 430 მ/წმ-ს უტოლდება.

თუკი ქართულმა ჯავშანჩაფხუტმა 5 მ-იდან ნასროლ TT-ს ტყვიას გაუძლო (არადა თთ-ს ტყვია საბჭოთა რკინის ჩაფხუტს უფრო შორიდან გამჭოლად ხვრეტს), ესე იგი ქართველ მებრძოლს ჭურვის წვრილი ნამსხვრევებისგანაც დაიცავს.

რაც შეეხება ახალ ქართულ ჯავშანჟილეტს, მისი მასა 6-დან 8კგ-მდე მერყეობს და TT-ს ტყვიამ 5 მეტრიდან, ხოლო სნაიპერული СВД-ის ტყვიამ 10 მ-დან ვერ უნდა გახვრიტოს.

СВД-ში, ისევე, როგორც ПКМ-ის ტიპის ტყვიამფრქვევში გამოიყენება უძველესი (შეიარაღებაში ჯერ კიდევ 1891 წელს მიიღო რუსეთის მეფის არმიამ), 7,62 მმ კალიბრის რუსული ვაზნა, რომელიც დიდი სიძლიერით გამოირჩევა.

"დელტას" სპეციალისტების გათვლით, მათმა ახალმა ჯავშანჟილეტმა 10 მ-დან უნდა გაუძლოს СВД-ს არა ჩვეულებრივ, არამედ ჯავშანგამტარ ტყვიას, რომელიც 10,39 გ-ს იწონის, მისი გასროლისას 3600 ჯოული ენერგია გამოიყოფა, ხოლო საწყისი სიჩქარე 808 მ/წმ-ია.

მიჩნეულია, რომ  СВД-ს ჯავშანგამტარი ტყვია 200 მ-მდე დისტანციიდან 10 მმ სისქის ფოლადის ფილას ხვრეტს.

თუკი ქართველმა სპეციალისტებმა მართლაც მოახერხეს და შექმნეს ისეთი ჯავშანჟილეტი, რომელში ჩადებული ჯავშანფილა 10 მეტრიდან ნასროლ СВД-ს ჯავშანგამტარ ტყვიას შეაკავებს, ეს უდიდესი მიღწევა იქნება, თუმცა დაველოდოთ 10 თებერვლის გამოცდას...