რუსეთი სომხეთს ყველა მეზობლისგან დაიცავს - კვირის პალიტრა

რუსეთი სომხეთს ყველა მეზობლისგან დაიცავს

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სეირან ოჰანიანმა პარლამენტში განაცხადა, რომ გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზა სომხეთის უსაფრთხოებას მთელ საზღვარზე დაიცავს.

თავდაცვის მინისტრის ეს განცხადება სომეხმა ანალიტიკოსებმა ასე აღიქვეს: თუკი აქამდე რუსი მესაზღვრეები და 102-ე ბაზის სამხედრო მოსამსახურეები მხოლოდ სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ-ირანის სახელმწიფო საზღვრებს იცავდნენ, ამიერიდან სომხეთ-საქართველოს და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრებზეც რუსი მესაზღვრეები და სამხედროები დადგებიან.

ეს კი ნიშნავს, რომ ვინც სომხეთთან შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაერევა, მას რუსეთთან მოუწევს ბრძოლა!

სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ეს განცხადება, რა თქმა უნდა, ოფიციალური ბაქოს გასაგონად გააკეთა, რათა აზერბაიჯანს არ ჰქონდეს ილუზია, რომ სომხეთთან ომის შემთხვევაში მოსკოვი განზე გადგება, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს თანამედროვე შეიარაღებით სწორედ რუსეთი ამარაგებს.

პარლამენტში გამოსვლისას სომხეთის თავდაცვის მინისტრმა შეახსენა ყველას, რომ წელს სომხეთი რუსეთისგან მიიღებს შორსმსროლელ და ზუსტი დაზიანებების საბრძოლო საშუალებებს. მან იგულისხმა თანამედროვე მობილური ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები - Искандер-М-ები, რომელთა მაქსიმალური მოქმედებების რადიუსი 480კმ-ია, ესე იგი, ამ "ისკანდერების" რაკეტებით სომეხი სამხედროები სომხეთის ტერიტორიიდანვე მისწვდებიან ბაქოსა და კასპიის ზღვაში აზერბაიჯანული ნავთობის მომპოვებელ ინფრასტრუქტურას, რაც აქამდე სომეხი გენერლების აუხდენელი ოცნება იყო.

ისე, სხვათა შორის, გიუმრიდან "ისკანდერები" საქართველოს მთელ ტერიტორიასაც მოსწვდებიან...