ამერიკული ხომალდები სოჭთან დრეიფობენ - კვირის პალიტრა

ამერიკული ხომალდები სოჭთან დრეიფობენ

ორი ამერიკული ხომალდის შავ ზღვაში შემოსვლამ მოსკოვი ძალზე გააღიზიანა...

სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყების წინ ხმელთაშუა ზღვიდან დარდანელისა და ბოსფორის სრუტეების გავლით შავ ზღვაში ორი ამერიკული ხომალდი - USS Mount Whitney და USS FFG-50 Taylor - შემოვიდა, რასაც კრემლის გაღიზიანება მოჰყვა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საჭიროებისას სოჭიდან ამერიკელი სპორტსმენებისა და ტურისტების სასწრაფო ევაკუაციისთვის იგი შავ ზღვაში ორ სამხედრო ხომალდს გამოგზავნიდა, ხოლო ოლიმპიურ თამაშებზე ტერორისტთა თავდასხმის შემთხვევაში ადლერის აეროპორტიდან ამერიკელების სწრაფად გაყვანისთვის გერმანიაში ხუთი სამგზავრო თვითმფრინავი იქნებოდა მზად.

"მაუნტ უიტნი" ის ამერიკული სამხედრო ხომალდია, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ბათუმში ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოგვიტანა, თუმცა მაშინ პორტში ჩამოტვირთულ წყლის ბოთლებზე მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური მხარდაჭერა იმ ქვეყნისა, რომელმაც ხმელთაშუა ზღვის მე-6 ფლოტის ფლაგმანი ხომალდი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გამოგზავნა.

ამჯერად "მაუნტ უიტნისთან" ერთად შავ ზღვაში შემოსული "ტეილორი" ფრეგატის ტიპისაა და ძლიერი შეიარაღება არ აქვს, თანაც ამ ხომალდს მომავალ წელს ჩამოწერას უპირებენ.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ საშტაბო "მაუნტ უიტნისთან" ერთად შავ ზღვაში ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი DDG-61 ღამაგე შემოვიდოდა, რომელიც მრავალფუნქციური საბრძოლო საინფორმაციო მართვის სისტემით აეგის  არის აღჭურვილი და შეიარაღებულია ფრთოსანი "ტომაჰავკისა" და ანტისარაკეტო "სტანდარტის" ტიპის მართვადი რაკეტებით, მაგრამ როგორც ჩანს,  თეთრმა სახლმა გადაწყვიტა, კრემლი უფრო მეტად არ გაეღიზიანებინა და მაღალი საბრძოლო შესაძლებლობების "რემეჯი" ჩამოსაწერად გამზადებული "ტეილორით" შეცვალა.

მიუხედავად ამისა, რუსეთის ხელისუფლება წინააღმდეგია, ამერიკული სამხედრო ხომალდები რუსეთის ტერიტორიულ წყლებში შევიდნენ. პენტაგონში კი აცხადებენ, რომ მათი ხომალდები შავი ზღვის პორტებს ესტუმრებიან, თუმცა არ აზუსტებენ, რომელი ქვეყნისას. რუსეთი მათ თავის ტერიტორიულ წყლებში არ უშვებს, უკრაინაში არსებული დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის გამო კი ძნელად წარმოსადგენია, ამერიკული ხომალდები სევასტოპოლისა ან ოდესის ნავსადგურებს მიადგნენ.

არ არის გამორიცხული, ამერიკელმა მეზღვაურებმა ღუზა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში - ფოთის ან ბათუმის პორტებში ჩაუშვან.

P.S. 7 თებერვალს სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის წინ აშშ-ის მე-6 ფლოტის საფლაგმანო ხომალდი Mount Whitney სოჭიდან 32 კმ-ის მოშორებით, ნეიტრალურ წყლებში დრეიფობდა.

ფრეგატმა თაყლორ-მა 7 თებერვალს დილით 12 კმ/სთ სიჩქარით გაცურა ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროს გასწვრივ (ნაპირიდან 30კმ-ის დაშორებით) და ადლერთან Mount Whitney-ს მიუახლოვდა.

მონტრეს 1936 წლის კონვენციის თანახმად, უცხო ქვეყნების სამხედრო ხომალდებს შავ ზღვაში ცურვა მხოლოდ 21 დღე-ღამის განმავლობაში შეუძლიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ თებერვლის ბოლოს ორივე ამერიკულ ხომალდს ბოსფორის სრუტიდან გასვლა მოუწევს, თუმცა ცხადია, სხვა ამერიკული ხომალდებით მათი ჩანაცვლება დაუბრკოლებლად შეიძლება.