აზერბაიჯანს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი გამანადგურებლები ეყოლება - კვირის პალიტრა

აზერბაიჯანს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი გამანადგურებლები ეყოლება

ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი მალე შეიარაღებაში მსოფლიოში ყველაზე სწრაფ საბრძოლო თვითმფრინავებს - გამანადგურებელ-გზაგადამჭრელებს МиГ-25-ებს მიიღებს.

მართალია, პირველი МиГ-25-ები საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალების განკარგულებაში ჯერ კიდევ 44 წლის წინ, 1970 წელს გამოჩნდა, მაგრამ ისინი დღემდე მსოფლიოში ყველაზე სწრაფ გამანადგურებელ თვითმფრინავებად ითვლება, რადგან 3000-3200 კმ/სთ სიჩქარის განვითარება და 22 კმ-ზე მაღლა ფრენა შეუძლიათ.

აზერბაიჯანი ბოლო წლებში დიდ თანხას ხარჯავს საზღვარგარეთული თანამედროვე საბრძოლო ტექნიკის შესასყიდად, მაგრამ ამჯერად დაახლოებით 30 წლის МиГ-25-ები მას არ უყიდია. საქართველოსგან განსხვავებით, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1992-93 წლებში, ვერც ერთი გამართული საბრძოლო თვითმფრინავი ვერ დაიტოვა (მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ყველაზე მეტი საბჭოთა სამხედრო აეროდრომი იყო), აზერბაიჯანს ძალის გამოყენებით თუ რუსი გენერლების მოსყიდვით რამდენიმე ათეული გამანადგურებელი და ბომბდამშენი დარჩა, მათ შორის იყო 48 ცალი გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი МиГ-25.

ყარაბაღის ომში აზერბაიჯანმა რამდენჯერმე გამოიყენა ისინი მოწინააღმდეგის სახმელეთო პოზიციების დასაბომბად. ერთი ასეთი თვითმფრინავი მათ სომხებმა ჩამოუგდეს, ხოლო ერთი МиГ-25 1993 წელს კონტრაქტით აყვანილმა რუსმა პილოტმა აზერბაიჯანელებს მოჰპარა და სომხეთში, ერებუნის აეროდრომზე დასვა.

სხვათა შორის, ცოტა ხანში ანალოგიური სქემით საქართველოს გასტაცეს ახალი მოიერიშე Су-25, რომელიც ასევე დაქირავებულმა რუსმა პილოტმა ჟიტნიკოვმა კოპიტნარიდან სომხეთის გიუმრის აეროდრომზე გადააფრინა. როგორც ჩანს, რუსეთისა და სომხეთის დაზვერვამ ორივე შემთხვევაში წარმატებით იმუშავა.

ამ სტატიის ავტორს თავად უნახავს აზერბაიჯანული МиГ-25-ები ბაქოსთან ახლოს, ნასოსნის აეროდრომზე 1997 წელს, როდესაც მათი უმეტესობა არასაბრძოლო მდგომარეობაში იყო. 1998 წელს ბაქომ ყაზახეთისგან კიდევ 8 ცალი МиГ-25 იყიდა.

ბოლო МиГ-25 რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა შარშან ჩამოწერეს, რადგან უფრო ძლიერი МиГ-31 ჰყავთ, თუმცა, მოდერნიზებულმა МиГ25-ებმა აზერბაიჯანისთვის შეიძლება სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანა შეასრულონ.

ნასოსნის აეროდრომთან არის საავიაციო-სარემონტო ქარხანა, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში არემონტებდა МиГ-25-ებს (ცოტა ხნის წინ ამ ქარხანაში ალჟირის კუთვნილი МиГ-25-ები გაარემონტეს) და არ გაუჭირდებათ აზერბაიჯანული МиГ-25-ების მოდერნიზება (დღეისთვის ბაქოს განკარგულებაშია დაახლოებით 20-27 ასეთი საბრძოლო თვითმფრინავი, რომელთა განახლება ტექნიკურად შესაძლებელია).

მაგრამ რისთვის შეიძლება დასჭირდეს ბაქოს მსოფლიოში უსწრაფესი გამანადგურებელ-გზაგადამჭრელები? სომხეთის შეიარაღებაში მხოლოდ 15-მდე Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავია, რომელთაგან თავდაცვა აზერბაიჯანის ძლიერ საჰაერო თავდაცვის სისტემას (პირველ რიგში საზენიტო-სარაკეტო С-300ПМУ-2 Фаворит-ებს) ისედაც არ გაუჭირდება.

სულ სხვა საქმეა, თუკი აზერბაიჯანელები გამანადგურებელ-გზაგადამჭრელებს გამანადგურებელ-ბომბდამშენებად გადააკეთებენ. თავად წარმოიდგინეთ - 20-25 კმ-ის სიმაღლეზე თითქმის  3000კმ/სთ სიჩქარით მფრენი მოდერნიზებული აზერბაიჯანული МиГ-25-ები ორიოდე წუთში ისე გადაუფრენენ მთიან ყარაბაღსა და სომხეთს, რომ ასე ნაქები რუსული С-300-ებიც კი ვერ მოასწრებენ დროულ რეაგირებას, მართვადი საავიაციო ბომბების გამოყენების შემთხვევაში კი წერტილოვანი დაბომბვაც არის შესაძლებელი...