საქართველო NATO-ში შესასვლელი კარის ძიებაში - კვირის პალიტრა

საქართველო NATO-ში შესასვლელი კარის ძიებაში

ავღანეთში ISAF-ის შემადგენლობაში ქართული სამხედრო კონტინგენტის თითქმის ხუთწლიანი აქტიური მონაწილეობა მაინც ვერ გახდა საქართველოსთვის MAP-ის მიცემის საფუძველი...

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა NATO-ს სამხედრო კომიტეტი, რომელმაც 28+1 ფორმატში (NATO-ს ოცდარვავე წევრი ქვეყნისა და საქართველოს წარმომადგენლები) საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი თემები განიხილა.

ამას წინ უძღოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნისთვის გაგზავნილი 42 ამერიკელი კონგრესმენის ოფიციალური წერილი, რომელშიც ისინი კატეგორიულად მოითხოვენ, თეთრმა სახლმა 2014 წლის სექტემბერში  დიდ ბრიტანეთში, NATO-ს სამიტზე, ხელი შეუწყოს საქართველოსთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში "გაწევრების სამოქმედო გეგმის", MAP-ის მიცემას.

ეს ორივე ინფორმაცია საქართველოს NATO-ს სრულუფლებიან წევრად მიღების საქმეში დამაიმედებელ ფაქტორად შეიძლება მივიჩნიოთ, თუმცა იქნება კი ეს საკმარისი, რომ NATO-მ წელს მორიგ სამიტზე MAP-ი მოგვცეს?

სამწუხაროდ, არა, რადგან ვერც 42 ამერიკელი კონგრესმენის სურვილი და ვერც ალიანსის სამხედრო კომიტეტის კმაყოფილება ამ საკითხს ვერ გადაწყვეტს. აქ აუცილებელია რუსული ფაქტორის გათვალისწინება.

რამდენჯერაც უნდა განაცხადოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომ მესამე ქვეყანას არ შეუძლია უკარნახოს NATO-ს, რომელი ახალი სახელმწიფო მიიღოს თავის რიგებში, საუბედუროდ, სწორედ ასეა, განსაკუთრებით - საქართველოს შემთხვევაში.

სექტემბერში ალიანსის სამიტზე აშშ-ის ხელისუფლებამ დაჟინებითაც რომ მოითხოვოს საქართველოსთვის  MAP-ის მიცემა (არადა დიდი იმედი, რომ თეთრი სახლი სწორედ ასე მოიქცევა, არ უნდა გვქონდეს), ეს, ალბათ, მაინც არ მოხდება, რადგან NATO-ს წევრი ზოგიერთი გავლენიანი ევროპული ქვეყანა ამის წინააღმდეგი იქნება, ისევე, როგორც ეს მოხდა 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე.

შეგახსენებთ, ბუქარესტში გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და ევროპის სხვა ქვეყნების მეთაურები სწორედ რუსეთის გაღიზიანებას მოერიდნენ და უარი თქვეს საქართველოსთვის  MAP-ის მიცემაზე.

ეს ფაქტორი დღესაც მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი რეგიონი, რომლებიც მოსკოვმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მილიტარიზებულ რაიონებად აქცია და ევროპელ ლიდერებს სულაც არ სურთ, კიდევ აიტკივონ თავი იმ ქვეყნისთვის, რომლის გამოც 2008 წლის აგვისტოში უკვე "შეშფოთდნენ და აღშფოთდნენ".

ზემოხსენებულ ფაქტორებს ემატება ახალი გარემოება, კერძოდ, ამერიკული სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის, სნოუდენის სკანდალური გაქცევა მოსკოვში და იმ საიდუმლო ინფორმაციის გავრცელება, რამაც ევროპასა და აშშ-ს სერიოზული პრობლემები გაუჩინა.

სნოუდენმა მთელ მსოფლიოს ამცნო, როგორ უსმენდნენ ამერიკელი სპეცსამსახურები თავიანთი მოკავშირეების, მათ შორის - გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის თუ ევროპის სხვა ქვეყნების ლიდერების სატელეფონო საუბრებს.

ამან, ცხადია, ევროპელთა აღშფოთება გამოიწვია და ურთიერთობა თეთრ სახლთან საკმაოდ დაიძაბა. სავარაუდოდ, სექტემბრის სამიტამდე ევროპის ლიდერებს ამერიკული სპეცსამსახურების ხრიკები არ დაავიწყდებათ და თეთრი სახლის თხოვნა-რჩევებსაც არ გაითვალისწინებენ, მით უმეტეს - საქართველოსთვის  MAP-ის მიცემის თაობაზე...

P.S. NATO-ს სამხედრო კომიტეტის საქართველოში სტუმრობისას ასევე განიხილეს ორი საკითხი: პირველი - 2015 წლიდან ქართული დანაყოფი ოფიციალურად ჩაერთოს  NATO-ს რეაგირების ძალების - NღF-ის შემადგენლობაში (NRF-ი იშიფრება, როგორც "რეაგირების ძალები", თუმცა ჩვენთან მას რატომღაც "სწრაფი რეაგირების ძალებს" ეძახიან), და მეორე - ოფიციალურმა თბილისმა  NATO-ს შესთავაზა სატრანსპორტო დერეფანი ავღანეთიდან  ISAF-ის ძალებისა და ტვირთის ევროპაში გადასაზიდად.

ალიანსის რეაგირების ძალებში ქართული დანაყოფის ჩართვა, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან ქართველი სამხედროები მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების არმიებთან ერთად ჩაატარებენ ოპერაციებს, თუმცა საზოგადოების ნაწილს გაუჩნდა კითხვა: რას მოიმოქმედებს NATO, თუკი საქართველოს დასჭირდება დახმარება, გამოგზავნის კი ის ჩვენთან თავის რეაგირების ძალებს?

რაც შეეხება სატრანსპორტო დერეფანს, ეს შეიძლება მნიშვნელოვან ფინანსურ მოგებასთან იყოს დაკავშირებული (გააჩნია, როგორ გაგრძელდება მოლაპარაკებები და როგორი ხელშეკრულება დაიდება). ამასთან, საქართველო კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს NATO-ს, რომ მის გვერდით დგას და, რითაც შეუძლია, ეხმარება.

თუკი ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება  ISAF-ის ძალებისა და ტვირთის ავღანეთი-თურქმენეთი-კასპიის ზღვა-აზერბაიჯანი-საქართველო-შავი ზღვა (ან თურქეთი)-ევროპის მარშრუტით გადატანის შესახებ, ქართულ სპეცსამსახურებს და სამხედროებს დიდი ყურადღება დასჭირდებათ, რათა ამ სატრანზიტო გადაზიდვების დროს საქართველოს ტერიტორიაზე არ დარჩეს ავღანეთიდან მალულად გამოტანილი ნარკოტიკები და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი.