კრემლმა ყირიმის ოკუპაცია დაიწყო... - კვირის პალიტრა

კრემლმა ყირიმის ოკუპაცია დაიწყო...

ყირიმი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ბედს გაიზიარებს?!

მაიდანი უკრაინელების ტაქტიკური გამარჯვება იყო, ყირიმის დაკარგვა კი შეიძლება უკრაინის სტრატეგიულ მარცხად იქცეს...

არავითარი სიახლე, ყველაფერი ძველი, ჯერ კიდევ 1980-იანი წლების ბოლოს დაწერილი სცენარით მიდის.

ის, რაც სამწუხაროდ, უკვე გამოსცადა საქართველომ, შეიძლება ჯერ კიდევ წინ ელოდეთ უკრაინელებს. ვგულისხმობთ ყირიმის ნახევარკუნძულზე შექმნილ მდგომარეობას.

ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის რადასა და მთავრობის შენობების სახურავებიდან უკვე ჩამოხსნეს უკრაინული სახელმწიფო დროშები და მათ მაგივრად რუსეთის ფედერაციის დროშები აღმართეს. შეიარაღებული პირები იკავებენ და აკონტროლებენ ყირიმის სახელმწიფო სტრუქტურებს, სიმფეროპოლისა და ბელბეკის აეროპორტებს, გააქტიურდნენ სევასტოპოლში დისლოცირებული რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო დანაყოფები და გზები გადაკეტეს, უკრაინის საზღვრებთან მოულოდნელად დაიწყო რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებები...

თუმცა მთავარი დარტყმა უკრაინელებს მას შემდეგ ელით, რაც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმა მიიღებს კანონს, რომელიც უკრაინის მოქალაქეებს, სურვილის შემთხვევაში, დაჩქარებული წესით მიანიჭებს რუსეთის მოქალაქეობას. კანონპროექტის (რომელიც რუსეთის დუმაში 27 თებერვალს შეიტანეს) თანახმად, უკრაინის მოქალაქე, რომელიც 1-ელ აგვისტომდე შეიტანს განაცხადს, ორი თვის განმავლობაში რუსეთის მოქალაქე გახდება.

რუსეთის დუმაში ამ დღეებში განიხილავენ კიდევ ერთ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციისთვის უცხო ქვეყნის ტერიტორიების სწრაფი ტემპით მიერთებას ადგილობრივი მოსახლეობის რეფერენდუმის საფუძველზე.

ეს ორივე კანონპროექტი სწორედ იმას ისახავს მიზნად, რაზეც უკვე დიდი ხანია, ლაპარაკობენ, კერძოდ, კრემლს სურს, როგორმე "გააპრავოს" ყირიმის ნახევარკუნძულის უკრაინისთვის წართმევა და რუსეთის ფედერაციისათვის მიერთება.

2008 წლის აგვისტოს ომის წინ აფხაზეთში და განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში დაიწყო რუსეთის ფედერაციის პასპორტების დარიგება, რაც ხელ-ფეხს უხსნიდა კრემლს, თავისი მოქალაქეების დაცვის საბაბით სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალები შემოეყვანა.

ასეთი სამხედრო-პოლიტიკური მანევრების ჩატარება კრემლს არც ყირიმში გაუჭირდება, მით უმეტეს, რომ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის თითქმის ორმილიონიანი მოსახლეობის 59% რუსია, მხოლოდ 25%-ია უკრაინელი და 12% - ყირიმელი თათარი. გარდა ამისა, ყირიმის ნახევარკუნძულზე, კერძოდ კი - სევასტოპოლში, დისლოცირებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, რომელმაც რუსეთის მიერ ყირიმის მიტაცების პროცესში შეიძლება ისეთივე როლი შეასრულოს, როგორიც რუსმა ცისფერჩაფხუტიანებმა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში შეასრულეს აგვისტოს ომის დროს (სხვათა შორის, 2008 წლის 10 აგვისტოს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სევასტოპოლიდან საქართველოს სანაპიროზე საზღვაო დესანტის გადასასხმელად გასული რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდები სევასტოპოლის პორტში ვეღარ დაბრუნდებოდნენ, თუმცა ეს მხოლოდ განცხადებად დარჩა).

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში მხოლოდ საბრძოლო ხომალდები როდი შედის. მის განკარგულებაშია სევასტოპოლში განთავსებული საზღვაო ქვეითთა 810-ე ცალკეული ბრიგადა, რომელიც იმით არის ცნობილი, რომ საქართველოსთვის მძიმე წლებში უხეშად ერეოდა ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში, კერძოდ, 1992 წლის ოქტომბერში სოხუმსა და გუდაუთაში გადმოსხეს ამ ბრიგადის ერთი სადესანტო-მოიერიშე და ერთიც სპეციალური დანიშნულების სადაზვერვო ასეული.

1993 წლის 27 სექტემბერს სწორედ ამ ბრიგადის საზღვაო ქვეითთა დესანტი ცდილობდა ალყაშემორტყმული სოხუმიდან საქართველოს მაშინდელი სახელმწიფო მეთაურის ედუარდ შევარდნაძის ევაკუაციას საჰაერობალიშიანი სადესანტო ხომალდ "ზუბრით", თუმცა აფხაზებმა ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს და არც მედესანტეები დარჩნენ ვალში.

მეორედ შევარდნაძეს რუსი საზღვაო ქვეითები 1999 წლის 2-დან 20 ნოემბრამდე დაეხმარნენ, როდესაც ამ ბრიგადის საზღვაო ქვეითთა 882-ე ცალკეული ბატალიონი ფოთსა და სამეგრელოშიგამსახურდიას მომხრეებს ებრძოდა.

დღეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ქვეითთა 810-ე ცალკეულ ბრიგადაში ორი ათასამდე მებრძოლია და მათ შეიარაღებაშია როგორც ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ჯავშანტრანსპორტიორები, ისე საარტილერიო (მათ შორის - თვითმავალი) დანადგარებიც, რომელთა ნაწილის გამოყენება რუსმა მეზღვაურებმა მაშინ დაიწყეს, როდესაც БТР-80 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები ყირიმის ნახევარკუნძულის სხვადასხვა სტრატეგიული მიმართულებით გადაისროლეს.

კიევში მაიდანზე მომხდარი შეიძლება ოპოზიციის გამარჯვებად ვერც ჩაითვალოს, რადგან ყირიმის ნახევარკუნძულის დაკარგვით უკრაინა მძიმე სტრატეგიულ დარტყმას მიიღებს...