ყირიმი - ვინ იქნება შემდეგი?! - კვირის პალიტრა

ყირიმი - ვინ იქნება შემდეგი?!

ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ბედი უკვე გადაწყვეტილია - მიუხედავად უკრაინისა თუ დასავლეთის პროტესტისა, იგი დიდი ალბათობით რუსეთის ფედერაციას მიუერთდება.

ყირიმში რეფერენდუმის ჩატარება მაისში იგეგმებოდა, მაგრამ კიევში მაიდნელების გამარჯვებისა და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ავტონომიური რესპუბლიკის თვითმარქვია მთავრობამ რეფერენდუმის ჩატარება ჯერ 30 მარტს, ბოლოს კი - 16 მარტს გადაწყვიტა.

ცხადია, ეს მოსკოვის კარნახით მოხდა, რათა რაც შეიძლება მალე გაამართლონ რუსეთისთვის ყირიმის მიერთება. არც უკრაინა და არც დასავლეთი ყირიმის რეფერენდუმს არ ცნობს, თუნდაც იმიტომ, რომ წინასწარ ცნობილია მისი შედეგი.

16 მარტს ყირიმში რეფერენდუმზე დასმული იქნება ორი კითხვა: 1. გსურთ, რომ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა დარჩეს უკრაინის შემადგენლობაში? 2. გსურთ, ყირიმი სუბიექტის სახით შეუერთდეს რუსეთის ფედერაციას?

ადვილი მისახვედრია, რომ დღეს ყირიმში, საიდანაც გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელს აძევებენ, ხოლო ეუთოს დამკვირვებლებს არც კი უშვებენ, თითქმის ყველა არარუს ჟურნალისტს სცემენ და კამერას უმტვრევენ - ადგილობრივი თვითმარქვია ხელისუფლება რეფერენდუმის შედეგად რუსეთთან მიერთების გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს.

სამწუხაროდ, ყირიმის ოკუპაციას ვერც კიევის ოფიციალური პროტესტი და ვერც დასავლეთის აღშფოთება-შეშფოთება ვეღარ შეაჩერებს, თუმცა რუსეთის ხელმძღვანელობის მადა მარტო ყირიმით როდი დაკმაყოფილდება.

უკრაინა, სადაც 45,5 მლნ ადამიანი ცხოვრობს, ადმინისტრაციულად 24 ოლქადაა დაყოფილი (ამას მივუმატოთ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა და სახელმწიფო მნიშვნელობის ორი ქალაქი - კიევი და სევასტოპოლი). ამ 24 ოლქიდან ოთხი - ხარკოვი, დნეპროპეტროვსკი, ლუგანსკი და დონეცკი, რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონს წარმოადგენენ - რუსოფილური განწყობით გამოირჩევიან. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ხარკოვის, ლუგანსკის და დონეცკის ოლქები უშუალოდ ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, ხოლო ასეულობით კილომეტრი სიგრძის საზღვრის ჩაკეტვა, უბრალოდ, შეუძლებელია, მით უმეტეს, რომ ბევრ ადგილას საზღვარი არც არის მონიშნული.

დღეს მთელი ყურადღება ყირიმზეა გადატანილი, მაგრამ რუსეთის სპეცსამსახურები აქტიურად ამზადებენ ნიადაგს, რომ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ ოფიციალური კიევისადმი დაუმორჩილებლობის პროცესი ამ ოთხ რეგიონშიც დაიწყოს და აქაც ჩატარდეს სრულიად უკანონო, მაგრამ კრემლისთვის ასე საჭირო რეფერენდუმი.

უკრაინის მეხუთე - ოდესის რეგიონი, მართალია, ქვეყნის სამხრეთით მდებარეობს და რუსეთს არ ესაზღვრება, მაგრამ რუსოფილური განწყობა აქაც მძლავრად იგრძნობა და მოსკოვი ცდას არ დააკლებს, რომ კიევს ოდესაც აუჯანყოს.

არიან თუ არა ყირიმში რუსი სამხედროები?

რუსეთის პრეზიდენტ პუტინისა და თავდაცვის მინისტრ შოიგუს მტკიცება, რომ ყირიმში რუსი სამხედროები არ არიან, უტიფარი ტყუილია.

გარდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პირადი შემადგენლობისა, რომელიც უკრაინა-რუსეთის ხელშეკრულებით იმყოფება სევასტოპოლსა და ყირიმის ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში, ნახევარკუნძულზე თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებითა და დიდი სადესანტო ხომალდებით გადასხეს რამდენიმე ათასი რუსი სამხედრო მოსამსახურე და გადაზიდეს ათობით საბრძოლო ტექნიკა.

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ყირიმში დესანტირებული რუსი სამხედროები რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედიან და ბევრი მათგანი 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა ცხინვალთან თუ აფხაზეთში.

"ტიგრის" ტიპის ჯავშანმანქანები, რომლებიც ყირიმში დაქრიან და რომელთა მფლობელობას რუსეთის თავდაცვის მინისტრი უარყოფს, ექვსი წლის წინ ცხინვალი-გორის გზაზე არაერთხელ შეუნიშნავთ ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს.

ყირიმში, უკრაინულ სამხედრო ნაწილებში შეჭრილ სამხედროებს, მართალია, მოხსნილი აქვთ განმასხვავებელი ნიშნები, მაგრამ მათი კამუფლირება და იარაღი მიუთითებს, რომ ისინი სწორედ რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები არიან და თანაც იმ სამხედრო ნაწილებიდან, რომლებიც რუსეთის, კერძოდ კი - ჩრდილო კავკასიის ტერიტორიაზეა განთავსებული.

საკუთარ სამხედროებზე უარის თქმა კრემლისთვის არახალია.

ასე იქცეოდნენ საბჭოთა პერიოდშიც, როდესაც სამხედროებს ანგოლასა და ეთიოპიაში გზავნიდნენ; ასე არ აღიარებდა მოსკოვი ცხინვალსა და აფხაზეთის ომებში 1992-93 წლებში თავისი ოფიცრების აქტიურ მონაწილეობას; ელცინმა, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაწირა ის რუსი სამხედროები, რომლებიც დუდაევის მებრძოლებმა 1994 წლის ნოემბერში გროზნოს წარუმატებელი იერიშის დროს დაატყვევეს...

თუკი ყირიმის ოკუპაციაში მონაწილე შეიარაღებულ პირებს რუსეთი თავის სამხედრო მოსამსახურეებად არ აღიარებს, უკრაინის ახალ ხელისუფლებას ხელ-ფეხი გაეხსნება - უკრაინელ სამართალდამცავებს უფლება აქვთ, ყირიმში მყოფი შეიარაღებული პირები უკანონო ბანდფორმირებების წევრებად ჩათვალონ და მათი დაკავების ან - წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში - განადგურების ბრძაAნება გასცენ.

მაგრამ იქნებ კრემლი სწორედ ყირიმში სროლის დაწყებასა და სისხლის ღვრას ელოდება?!

რა შეუძლია უკრაინის არმიას...

უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა ყირიმში დაწყებული მოვლენების წინ 184 ათასს აღწევდა (რაც ევროპული მასშტაბით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია), თუმცა მხოლოდ 136 ათასი იყო სამხედრო მოსამსახურე, 48 ათასი კი სამოქალაქო პირი გახლდათ. უკრაინის არმიის არსენალში რამდენიმე ათეული ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების რაკეტა, გამანადგურებელი, ბომბდამშენი და მოიერიშე თვითმფრინავი, საბრძოლო ხომალდი, სარაკეტო კატარღა და ასობით ტანკია, თუმცა, მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი ჩამონათვალისა, უკრაინის არმია ყირიმში გადასმულ რუსეთის საოკუპაციო დანაყოფებს წინააღმდეგობას მაინც ვერ გაუწევს.

ამის მიზეზი, უპირველესად, საბძოლო მომზადების დაბალი დონეა, თუმცა უკრაინელებს არც  საკმარისი მოტივაცია აქვთ - უკრაინის არმიაში ძალიან ბევრი წვევამდელი მსახურობს ქვეყნის რუსულენოვანი რეგიონებიდან და ისინი ყირიმსა და მით უმეტეს - ხარკოვში რუსეთის წინააღმდეგ არ იბრძოლებენ.

არმიის საბრძოლო მომზადების დაბალი დონე განპირობებულია იმ რთული ფინანსური მდგომარეობით, რომელშიც უკრაინის შეიარაღებული ძალები ბოლო ათწლეულის განმავლობაში აღმოჩნდა, განსხვავებით რუსეთის არმიისგან, რომელმაც ანტიპარტიზანული ბრძოლის კარგი გამოცდილება მიიღო ჩეჩნეთსა და საქართველოში, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კი დიდი თანხა გაიღო თავისი სუსტი მხარეების გასაძლიერებლად.

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა არის კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი გარემოება, რის გამოც უკრაინის არმია მოსალოდნელ ომში წარმატებას ვერ მიაღწევს - ეს არის რუსული მეხუთე კოლონა, რომლითაც გაჯერებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების თითქმის ყველა საბრძოლო დანაყოფი, გენშტაბისა და თავდაცვის სამინისტროს ჩათვლით. რუსეთის სამხედრო დაზვერვა თითქმის სრულად აკონტროლებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და ამ ქვეყნის ახალ ხელისუფლებას მასშტაბური საკადრო ცვლილების რაც შეიძლება სწრაფად განხორციელება სჭირდება არმიაში, შსს-სა და უშიშროების სამსახურში.

რა შეიძლება დაუპირისპიროს დასავლეთმა ყირიმის რუსულ ოკუპაციას?

ამ კითხვის დასმა იქნებ არც ღირდა, რადგან პასუხი ისედაც ცხადია: მნიშვნელოვანი - ვერაფერი!

დასავლეთმა თავისი აღშფოთება-შეშფოთების პოლიტიკით თავი ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში შეირცხვინა.

რუსეთისთვის ყველაზე მტკივნეული სანქცია იქნებოდა, თუკი გაეროს უშიშროების საბჭო და ევროკავშირი აუკრძალავდნენ მოსკოვს იარაღის ექსპორტ-იმპორტს და შეზღუდავდნენ (ან საერთოდ შეაჩერებდნენ) რუსეთიდან გაზისა და ნავთობის ექსპორტს, რაც რუსეთის ეკონომიკას უზარმაზარ დარტყმას მიაყენებდა და ძალზე შეარყევდა პუტინის რეჟიმს, მაგრამ დასავლეთს ამის გასაკეთებლად გამბედაობა არ ეყოფა...