დაპირისპირება ყირიმის ცაში უკვე დაიწყო? - კვირის პალიტრა

დაპირისპირება ყირიმის ცაში უკვე დაიწყო?

ყირიმის შემდეგ კრემლი რუსეთის მოქალაქეების დაცვის საბაბით აღმოსავლეთ უკრაინაში, თავდაპირველად კი დონეცკში, ჯარებს შეიყვანს?!

1938 წლის მაისი. ჩეხოსლოვაკიის სუდეტის ოლქი, რომლის მოსახლეობის 90% გერმანელია, ოფიციალურ პრაღას ულტიმატუმს უყენებს და მოითხოვს რეფერენდუმის ჩატარებას სუდეტის მიწების გერმანიისთვის მიერთების მოთხოვნით. 30 სექტემბრის მიუნხენის ხელშეკრულების თანახმად, დასავლეთი, ფაქტობრივად, ეთანხმება ჰიტლერის მიერ ჩეხოსლოვაკიის ანექსიას და უკვე 1-ელ ოქტომბერს გერმანიის არმია სუდეტის ოლქში შედის. 15 ოქტომბრიდან გრძელდება ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიის დაპყრობა და მალე მისი მთელი ტერიტორია ოკუპირებულია...

2014 წლის 16 მარტს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რომლის მცხოვრებთა 58% რუსი ეროვნებისაა, რუსეთის ფედერაციასთან მიერთების მოთხოვნით ტარდება რეფერენდუმი, რომელსაც უკანონოდ მიიჩნევს თითქმის მთელი მსოფლიო.

ამ ორ მნიშვნელოვან მოვლენას ერთმანეთისაგან 76 წელი აშორებს, თუმცა ხელწერა ერთნაირია - იმას, რაც სუდეტის ოლქის მიტაცებითა და შემდეგ მთელი ჩეხოსლოვაკიის დაპყრობით თითქმის რვა ათეული წლის წინ გააკეთა ჰიტლერმა, დღეს პუტინი იმეორებს. ყირიმის ნახევარკუნძულის ფაქტობრივი ანექსია კიევში კრემლისთვის სასურველი ძალაუფლების დასაბრუნებლად დაწყებული უკრაინის ოკუპაციის მხოლოდ პირველი ეტაპია.

ყირიმის უკანონო რეფერენდუმის შედეგები გაზეთის ამ ნომრის გამოსვლის  დროს უკვე ცნობილი იქნება, თუმცა ეს ის უნიკალური შემთხვევაა, როდესაც დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რას მოითხოვენ მისი მონაწილეები - სავარაუდოდ, მათი 80% ხმას მისცემს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უკრაინისგან გამოყოფასა და რუსეთის ფედერაციასთან მიერთებას. უკანონო რეფერენდუმის ამ შედეგებს მთელ მსოფლიოში, ალბათ, მხოლოდ რუსეთი აღიარებს, რის შემდეგაც გამოჩნდება, რა შეუძლია დასავლეთს - ისევე მოიქცევიან, როგორც 1938 წელს, როცა ჰიტლერს დაუთმეს ჩეხოსლოვაკია, თუ უკრაინას  დაუდგებიან გვერდში და მისი ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ.

თუკი დასავლეთმა სიტყვიერი პროტესტის გარდა, რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული სანქციების გატარება დაიწყო (რაც შეიძლება გამოიხატოს რუსული რუბლის კურსის კატასტროფული დაცემით დოლარსა და ევროსთან შედარებით), ეს საქართველოსა და მოლდავეთისთვის საიმედო გზავნილი იქნება, მანამდე კი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში, რუსეთის საზღვართან, სიტუაცია ყოველდღიურად იძაბება.

დონეცკში მომიტინგეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად არის მსხვერპლი, რაც შეიძლება კრემლმა თანამემამულეებისა და თანამოქალაქეების დაცვის საბაბად გამოიყენოს და მან უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში საბრძოლო დანაყოფები შეიყვანოს.

ამისათვის უკვე მობილიზებულია რუსეთის დასავლეთის სამხედრო ოლქის ჯარებისა და საბრძოლო ტექნიკის დიდი ნაწილი, რომლებიც მარტის შუა რიცხვებიდან სამხედრო სწავლებებს ატარებენ უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრის სიახლოვეს.

გავიხსენოთ 2008 წლის ივლისის ბოლო, როდესაც რუსეთმა ჩრდილო კავკასიაში ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლების მომიზეზებით ჩრდილო ოსეთში, როკის გვირაბთან, საბრძოლო დანაყოფებსა და შეიარაღებას მოუყარა თავი,  8 აგვისტოს დილას კი რუსი სამხედროები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ.

სხვათა შორის, როკის გვირაბის ანალოგად შეიძლება ჩაითვალოს ქერჩის სრუტე, რომელიც ყირიმს ტამანის ნახევარკუნძულისგან ჰყოფს. სრუტის ყველაზე ვიწრო ადგილის სიგანე მხოლოდ 4,5კმ-ია და რუსეთის ხელისუფლება დიდი ხანია ცდილობს, იქ საავტომობილო ხიდი ააგოს (პირველი სარკინიგზო ხიდი აქ სტალინის ბრძანებით 1944 წლის ნოემბერში აშენდა, მაგრამ 1945 წლის გაზაფხულზე იგი აზოვის ზღვიდან შავი ზღვისკენ მოცურავე ყინულებმა დაანგრია და იმის შემდეგ სრუტეზე მხოლოდ საზღვაო ბარჟები მოძრაობს). ქერჩის სრუტეში აგებული საავტომობილო და იქნებ სარკინიგზო ხიდებიც რუსეთისთვის ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის უკეთესად ათვისების საუკეთესო საშუალებად შეიძლება იქცეს.

უკრაინის ახალი ხელისუფლებაც გრძნობს, რომ პუტინი, ჰიტლერისა არ იყოს, მარტო ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიით არ დაკმაყოფილდება და ამიტომაც ქვეყნის დასავლეთი ნაწილიდან საბრძოლო დანაყოფებისა და ჯავშანტექნიკის ნაწილი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში გადაისროლა სამხედრო სწავლების ჩატარების მიზნით.

ჩვენ ადრეც ვწერდით, რომ დღევანდელი უკრაინის არმიას, სამწუხაროდ, არ შესწევს ძალა, ყირიმის ნახევარკუნძულზე ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის საოკუპაციო ძალებს, მაგრამ თუკი კრემლმა ჯარები უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში გადასხა, მაშინ უკრაინელ სამხედროებს უკან დასახევი გზა არ დარჩებათ - მათ ბოლომდე უნდა იბრძოლონ ოკუპანტების წინააღმდეგ.