რუსულმა "ტიგრებმა" ცხინვალი ამერიკული ძრავებით დაიპყრეს - კვირის პალიტრა

რუსულმა "ტიგრებმა" ცხინვალი ამერიკული ძრავებით დაიპყრეს

დღეს, ყირიმის ანექსიაზე საუბრისას, ძალაუნებურად გვახსენდება ექვსი წლის წინანდელი ფაქტი, რომელიც არც მაშინ და არც შემდგომ არ გახმაურებულა, თუმცა, ჩვენი აზრით, მას დიდი მნიშვნელობა აქვს.

2008 წლის აგვისტოში ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში რუსეთის არმია შემოიჭრა და ჩვენი ქვეყნის ნაწილი დაიპყრო. ოკუპაციაში მონაწილეობდა რუსეთის არმიის შეიარაღების თითქმის ყველა დასახელების სახმელეთო-საბრძოლო ტექნიკა - ტანკები, ჯავშანმანქანები, არტილერია. მათ შორის გამოირჩეოდა რამდენიმე ცალი ჯავშანმანქანა Тигр-ი, რომლებითაც ГРУ-ს ჩრდილო კავკასიის მე-10 ცალკეული სპეცდანიშნულების ბრიგადის სპეცრაზმელები გადაადგილდებოდნენ ცხინვალის რეგიონსა და გორის რაიონის მიდამოებში.

მაშინ, როდესაც ქართულ სოფლებს რუსული ტანკები 125 მმ-იან ქვემეხებს უმიზნებდნენ, შეჯავშნული "ტიგრები" რა მოსატანი იყო, თუმცა აქ საქმე საერთაშორისო სკანდალს ეხებოდა, რომელიც მაშინ მიიჩქმალა.

თავად წარმოიდგინეთ - აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოში რუსული ჯავშანტექნიკის შემოჭრის გამო ტელეკამერების წინ შეშფოთება-აღშფოთებას გამოხატავდა, იმავე ტელევიზიების სხვა ტელეკამერები კი ცხინვალსა  და გორის გზაზე მოძრავ რუსულ შეჯავშნულ "ტიგრებს" იღებდნენ, რომლებსაც არც მეტი და არც ნაკლები... ამერიკული წარმოების ძრავები ჰქონდათ!

გამოდის, რომ ცხინვალის ოკუპაციაში თავისი წვლილი აშშ-ის მოქალაქეებმაც შეიტანეს...

და ეს ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა, რადგან რუსული სპეცდანიშნულების დანაყოფები და არა მარტო ისინი აგვისტოს ომის დროს გლობალური პოზიცირების სისტემებს - GPS-ებსაც აქტიურად იყენებდნენ და არც დასავლურ ოპტიკურ და ღამის ხედვის მოწყობილობებზე ამბობდნენ უარს.

შორს რომ არ წავიდეთ, აგვისტოს ომამდე ერთი წლით ადრე, 2007 წელს, სოფელ წითელუბანთან ჩამოვარდნილი რუსული "ჰაერი-რადიოლოკატორის" კლასის Х-58У ტიპის მართვადი რაკეტის ფრაგმენტებში შვეიცარიული წარმოების ელექტროდეტალები აღმოჩნდა.

დღესაც ყირიმის დაპყრობაში მონაწილე რუსულ შეჯავშნულ "ტიგრებს", რომლებიც რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქიდან გადაისროლეს, სავარაუდოდ, ამერიკული ძრავები უნდა ჰქონდეს...