როგორ დასჯის დასავლეთი რუსეთს... - კვირის პალიტრა

როგორ დასჯის დასავლეთი რუსეთს...

ყირიმის "ჩაყლაპვა" КГБ-ს სტილში

პუტინის რეჟიმმა საოცრად სწრაფად დაიპყრო ყირიმის ნახევარკუნძული, რითაც დასავლეთის ლიდერები განაცვიფრა და ფაქტობრივად, განაიარაღა.

კიევში, მაიდანზე, ოპოზიციის გამარჯვებიდან ოციოდე დღეში კრემლმა არა მარტო ე.წ. რეფერენდუმით ყირიმის რუსეთის ფედერაციისთვის მიერთება მოახერხა, არამედ ნახევარკუნძულიდან თითქმის მთლიანად განდევნა უკრაინელი მოსახლეობა.

მართალია, ამას არა აქვს ისეთი აშკარა გენოციდის სახე, როგორიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ქართველობამ 1992-93 და 2008 წლებში გადაიტანა, მაგრამ რუსული სპეცსამსახურები ყირიმის ქალაქებიდან მაინც აძევებენ უკრაინელებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ყირიმში უკრაინის არმიაში მსახურობდა.

20 მარტს, გადაცმულმა რუსმა სპეცრაზმელებმა, ხელში ჩაიგდეს სევასტოპოლში, დონუზლავის ტბაში ჩაკეტილი უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების 25 დამხმარე გემი და ექვსი საბრძოლო ხომალდი. გარდა ამისა, რუსების ხელშია  ყირიმის ნახევარკუნძულზე განლაგებული უკრაინის არმიის 70 სამხედრო ნაწილი, მათ შორის - სამხედრო-საზღვაო ოპერატიული მართვის ცენტრიც.

მართალია, უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ ყირიმში დარჩენილ უკრაინელ სამხედროებს იარაღის გამოყენების უფლება მისცა, მაგრამ ეს თითქმის არავის გაუკეთებია, რადგან იმ უკრაინელი ოფიცრებისა და ჯარისკაცებისთვის, რომლებიც სამი კვირა ისედაც ალყაშემორტყმულ სამხედრო ნაწილებში იყვნენ გამაგრებულნი და რუს სპეცრაზმელებს არ ნებდებოდნენ, ეს თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა.

ყირიმში უკრაინული სამხედრო ნაწილების რუსეთის არმიის განკარგულებაში გადასვლამ (მოსკოვმა გადაწყვიტა, ყირიმის სამხედრო დანაყოფები და ტექნიკა, რომლის გატანა უკრაინელებმა ვერ შეძლეს, რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქს დაუქვემდებაროს) საბოლოოდ გააქარწყლა კიევის იმედი, გამოეყენებინა ამ ნაწილების ტერიტორიები იმ შემთხვევაში, თუკი სამხედრო ძალით ეცდებოდა ყირიმის უკრაინის იურისდიქციაში დაბრუნებას.

კიევს ისღა დარჩენია, ყირიმიდან თავისი სამხედროებისა და მათი ოჯახების სასწრაფო ევაკუაცია დაიწყოს და გაეროს სთხოვს, ნახევარკუნძული დემილიტარიზებულ ზონად გამოაცხადოს, თუმცა საეჭვოა, გაერომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან მისი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი - რუსეთი, ბუნებრივია, მაშინვე ვეტოს დაადებს ასეთ რეზოლუციას.

ეშინია თუ არა რუსეთს დასავლეთის სანქციების?

ყირიმის ნახევარკუნძულზე უკანონო რეფერენდუმის ჩატარებისა და რუსეთის ფედერაციისთვის მიერთების შემდეგ დასავლეთმა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების განხორციელება დაიწყო, თუმცა მისმა პირველმა ეტაპმა თავად დასავლელი პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების დიდი გაკვირვება და იმედგაცრუება გამოიწვია.

ორი-სამი ათეული არცთუ მაღალი თანამდებობის რუსი ჩინოვნიკისთვის ვიზების აკრძალვა და დასავლეთის ბანკებში მათი ანგარიშების დაყადაღება ნამდვილად არ არის ყირიმის ანექსიის საკადრისი პასუხი.

დასავლეთში აცხადებენ, რომ მალე დაიწყება სანქციების მეორე ეტაპი, ხოლო თუკი რუსეთმა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონის ოკუპაცია დაიწყო, არც მესამე ფაზა დააყოვნებს, რომელიც რუსეთის ეკონომიკას უდიდეს დარტყმას მიაყენებსო.

დასავლელი პოლიტიკოსები ჯერჯერობით არ ამხელენ, კიდევ რა სანქციებს დაუწესებენ რუსეთს, თუმცა ერთი რამ ცხადია - აშშ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალას არ გამოიყენებს - ეს მტკიცედ განაცხადა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ.

რუსეთთან ომს არც არავინ ითხოვს, რადგან დასავლეთს რუსეთზე ეკონომიკურ-პოლიტიკური ზემოქმედების სხვა ბერკეტებიც აქვს. მათ შორის უპირველესია მსოფლიოში ნავთობის ფასის დაცემა. ეს რუსეთის ეკონომიკაზე დამანგრეველად იმოქმედებს, რადგან კრემლის ძირითადი შემოსავალი სწორედ გაზისა და ნავთობის გაყიდვით მიღებული თანხაა.

1980-იან წლებში სწორედ ამ მეთოდმა გატეხა წელში გამალებულ შეიარაღებაში ჩართული საბჭოთა კავშირის ეკონომიკა. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის შემცირებამ საბოლოოდ საბჭოთა კავშირის დაშლა გამოიწვია.

ახლაც, რუსეთი ტრილიონობით რუბლის დახარჯვას აპირებს შეიარაღების გასაახლებლად, მაგრამ 1980-იანი წლებისგან განსხვავებით, უფრო რთული იქნება რუსეთის ეკონომიკის "აფეთქება", თუნდაც იმიტომ, რომ თითქმის იზოლირებული საბჭოთა ეკონომიკისგან განსხვავებით, დღეს რუსეთს დასავლეთთან მჭიდრო ფინანსური ურთიერთობა აქვს. რუსეთის ეკონომიკის ნგრევა დიდ ფინანსურ დარტყმას მიაყენებს დასავლეთის არაერთ კორპორაციას, რომელთა უკან ცნობილი ამერიკელი თუ ევროპელი პოლიტიკური ლიდერები დგანან. ცხადია, მათ მოვლენების ასეთი განვითარება ხელს არ აძლევთ.

მეორე ეკონომიკურ-პოლიტიკური ბერკეტი, რომელიც ფინანსურ პრობლემებს შეუქმნის რუსეთს, მისთვის შეიარაღების ექსპორტზე სანქციების დაწესება იქნება. მართალია, გაეროს უშიშროების საბჭოში ასეთი სანქციების დაწესებას მოსკოვი არ დაუშვებს, მაგრამ აშშ-სა და ევროკავშირს შეუძლიათ თავიანთი პოლიტიკური გავლენის გამოყენება, რათა იარაღის ყველაზე მსხვილმა იმპორტიორებმა (ინდოეთი, ახლო აღმოსავლეთი, სამხრეთი ამერიკა) უარი თქვან რუსული იარაღის შესყიდვაზე.

რუსეთმა 2013 წელს 13,2 მლრდ დოლარის შეიარაღება გაყიდა და იმედი აქვს, რომ 2020 წელს ამ მაჩვენებელს 50 მლრდ დოლარამდე გაზრდის. თუკი რუსეთს შეუმცირდება შემოსავალი, რომელსაც თავისი არმიის გადასაიარაღებლად იყენებს, ის მსოფლიოსთვის ასე საშიში აღარ იქნება.