ჯავახეთი - ახალი საფრთხე საქართველოსთვის?! - კვირის პალიტრა

ჯავახეთი - ახალი საფრთხე საქართველოსთვის?!

საქართველოს ტერიტორია კვლავ მოსკოვის სამიზნეა, რადგან ოფიციალური თბილისი ისევ ერთგულია დასავლური ფასეულობების, ისევ მიისწრაფვის ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ, რაც პუტინის რეჟიმს სიმშვიდეს უკარგავს.

პუტინმა დაუფარავად მიანიშნა, რომ ის არ დაუშვებს რუსეთის საზღვრებთან NATO-ს გამოჩენას. მართალია, მან ეს უკრაინაზე საუბრისას განაცხადა, მაგრამ თუკი უკრაინა დასავლეთით ესაზღვრება რუსეთს, სამხრეთით საქართველოა.

ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ საქართველოში რჩება ორი შენელებული მოქმედების ნაღმი - პანკისის ხეობა და ჯავახეთის რეგიონი.

საერთაშორისო ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების საბაბით კრემლმა, შესაძლოა, პანკისის ხეობაზე საჰაერო შეტევა და იქ შვეულმფრენებით დესანტის გადასხმა სცადოს - პანკისის ხეობის ახალგაზრდების ნაწილი ხომ სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის და რუსეთი მათ ტერორისტებად თვლის.

პანკისის ხეობა, ისევე, როგორც ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი, უშუალოდ ესაზღვრება რუსეთს, რაც რუსულ სპეცსამსახურებსა და არმიას ოპერატიულ-ტაქტიკური მოქმედებების დროს დიდ უპირატესობას ანიჭებს.

ჯავახეთის რეგიონი მართალია, შორს არის რუსეთის ფედერაციისგან, მაგრამ ეს საფრთხეს არ ამცირებს - შეიძლება კრემლმა იქაც გაითამაშოს ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მსგავსი სცენარი.

სამცხე-ჯავახეთის მხარის ექვსი რაიონიდან ორი - ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონები - თითქმის მთლიანად სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქეებით არის დასახლებული და იქ სეპარატისტული ჩანაფიქრის განხორციელების საფრთხე არსებობს.

საქართველოს სომხეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვს, რაც ამცირებდა ჯავახეთში სეპარატიზმის საფრთხეს, თუმცა მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა ერევანმა, ფაქტობრივად, მოიწონა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, საფრთხემ ჩვენთვისაც მოიმატა.

რუსეთი მეზობელი ქვეყნების ოკუპაცია-ანექსიისას აქტიურად იყენებს იმ რეგიონში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზებს. 1992-1993 წლებში მოსკოვმა ცხინვალის რეგიონში კარგად გამოიყენა რუსული საშვეულმფრენო პოლკი და მესანგრეთა ბატალიონი, ხოლო აფხაზეთში - სოხუმის სადესანტო-მოიერიშე ბატალიონი და გუდაუთის სამხედრო გარნიზონი. 2008 წლის აგვისტოში ამ მიზნით მოსკოვმა ცხინვალსა და აფხაზეთში განლაგებული რუსული ე.წ. სამშვიდობო ძალები გამოიყენა.

ყირიმის ანექსიისას რუსი პოლიტიკოსებისთვის ასეთ საყრდენად შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ნაწილები იქცა, რომლებიც სევასტოპოლის გარდა, ყირიმის ნახევარკუნძულის სხვადასხვა ადგილასაც იყვნენ დისლოცირებული.

თუკი მოსკოვი ეცდება, ჯავახეთში ყირიმის ანექსიის სცენარი გაითამაშოს - იქაურ მოსახლეობას რუსული პასპორტები დაურიგოს (ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, ეს პროცესი უკვე დაწყებულია) და შემდგომ თავისი მოქალაქეების დაცვის საბაბით ამ კუთხეში შეიჭრას, ის აუცილებლად გამოიყენებს ახალქალაქიდან რამდენი ათეული კილომეტრის მოშორებით გიუმრიში დისლოცირებულ 102-ე რუსულ სამხედრო ბაზას. ამ ბაზაში დღეს ხუთი ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა, მათ ნახევარს კი რუსეთის მოქალაქე სომეხი ეროვნების ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობს ბაზის ინტენსიური გადაიარაღება. გიუმრიში ჩატანილია თანამედროვე და შორსმოქმედი იარაღი (მათ შორის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, საარტილერიო დანადგარები და შეიძლება ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსებიც კი), რომელიც სომხეთის საზღვრიდან მისწვდება არა მარტო სამცხე-ჯავახეთს, არამედ თბილისსაც კი.

მოვლენების ასეთი რთული სცენარით განვითარების შემთხვევაში მთავარია, როგორ მოიქცევა ოფიციალური ერევანი. თუკი სომხეთის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა საქართველოში ჯავახეთის სახით ახალი "ნაღმის" აფეთქებას, ეს მეზობელი ქვეყნების ურთიერთობას გააუარესებს და საქართველოსაც უბიძგებს, უარი თქვას მთიანი ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებაზე...