ჯავახეთი - ახალი საფრთხე საქართველოსთვის?!
31-03-2014
ჯავახეთი - ახალი საფრთხე საქართველოსთვის?!
საქართველოს ტერიტორია კვლავ მოსკოვის სამიზნეა, რადგან ოფიციალური თბილისი ისევ ერთგულია დასავლური ფასეულობების, ისევ მიისწრაფვის ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ, რაც პუტინის რეჟიმს სიმშვიდეს უკარგავს.

პუტინმა დაუფარავად მიანიშნა, რომ ის არ დაუშვებს რუსეთის საზღვრებთან NATO-ს გამოჩენას. მართალია, მან ეს უკრაინაზე საუბრისას განაცხადა, მაგრამ თუკი უკრაინა დასავლეთით ესაზღვრება რუსეთს, სამხრეთით საქართველოა.

ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაციის შემდეგ საქართველოში რჩება ორი შენელებული მოქმედების ნაღმი - პანკისის ხეობა და ჯავახეთის რეგიონი.

საერთაშორისო ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების
საბაბით კრემლმა, შესაძლოა, პანკისის ხეობაზე საჰაერო შეტევა და იქ შვეულმფრენებით დესანტის გადასხმა სცადოს - პანკისის ხეობის ახალგაზრდების ნაწილი ხომ სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის
და რუსეთი მათ ტერორისტებად თვლის.
პანკისის ხეობა, ისევე, როგორც ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი, უშუალოდ ესაზღვრება რუსეთს, რაც რუსულ სპეცსამსახურებსა და არმიას ოპერატიულ-ტაქტიკური მოქმედებების დროს დიდ უპირატესობას ანიჭებს.
ჯავახეთის რეგიონი მართალია, შორს არის რუსეთის ფედერაციისგან, მაგრამ ეს საფრთხეს არ ამცირებს - შეიძლება კრემლმა იქაც გაითამაშოს ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის მსგავსი სცენარი.

სამცხე-ჯავახეთის მხარის ექვსი რაიონიდან ორი - ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონები - თითქმის მთლიანად სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქეებით არის დასახლებული და იქ სეპარატისტული ჩანაფიქრის განხორციელების საფრთხე არსებობს.
საქართველოს სომხეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვს, რაც ამცირებდა ჯავახეთში სეპარატიზმის საფრთხეს, თუმცა მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა ერევანმა, ფაქტობრივად, მოიწონა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, საფრთხემ ჩვენთვისაც მოიმატა.

რუსეთი მეზობელი ქვეყნების ოკუპაცია-ანექსიისას აქტიურად იყენებს იმ რეგიონში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზებს. 1992-1993 წლებში მოსკოვმა ცხინვალის რეგიონში კარგად გამოიყენა რუსული საშვეულმფრენო პოლკი და მესანგრეთა ბატალიონი, ხოლო აფხაზეთში - სოხუმის სადესანტო-მოიერიშე ბატალიონი და გუდაუთის სამხედრო გარნიზონი. 2008 წლის აგვისტოში ამ მიზნით მოსკოვმა ცხინვალსა და აფხაზეთში განლაგებული რუსული ე.წ. სამშვიდობო ძალები გამოიყენა.

ყირიმის ანექსიისას რუსი პოლიტიკოსებისთვის ასეთ საყრდენად შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ნაწილები იქცა, რომლებიც სევასტოპოლის გარდა, ყირიმის ნახევარკუნძულის სხვადასხვა ადგილასაც იყვნენ დისლოცირებული.
თუკი მოსკოვი ეცდება, ჯავახეთში ყირიმის ანექსიის სცენარი გაითამაშოს - იქაურ მოსახლეობას რუსული პასპორტები დაურიგოს (ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, ეს პროცესი უკვე დაწყებულია) და შემდგომ თავისი მოქალაქეების დაცვის საბაბით ამ კუთხეში შეიჭრას, ის აუცილებლად გამოიყენებს ახალქალაქიდან რამდენი ათეული კილომეტრის მოშორებით გიუმრიში დისლოცირებულ 102-ე რუსულ სამხედრო ბაზას. ამ ბაზაში დღეს ხუთი ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა, მათ ნახევარს კი რუსეთის მოქალაქე სომეხი ეროვნების ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობს ბაზის ინტენსიური გადაიარაღება. გიუმრიში ჩატანილია თანამედროვე და შორსმოქმედი იარაღი (მათ შორის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, საარტილერიო დანადგარები და შეიძლება ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსებიც კი), რომელიც სომხეთის საზღვრიდან მისწვდება არა მარტო სამცხე-ჯავახეთს, არამედ თბილისსაც კი.
მოვლენების ასეთი რთული სცენარით განვითარების შემთხვევაში მთავარია, როგორ მოიქცევა ოფიციალური ერევანი. თუკი სომხეთის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა საქართველოში ჯავახეთის სახით ახალი "ნაღმის" აფეთქებას, ეს მეზობელი ქვეყნების ურთიერთობას გააუარესებს და საქართველოსაც უბიძგებს, უარი თქვას მთიანი ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებაზე...
.
17 აპრილი 2014 22:19
ფულით მსახური და სამშობლოს სიყვარული სხვადასხვაა არ იქნება ჯამაგირი ,ერთ დღეში დაიშლება ჯარი, ასე რომ დიდი იმედი ჯარზეც არ გქონდეთ
ilia
08 აპრილი 2014 12:43
რუსლანს და DAVIთს. რუსლანა მისმინე თუ გაქ რათქმაუნდა სინდისი უნდა გაწუხებდეს ქართულ ჯარზე ეგრე ლაპარაკი და ფიქრი მაგრამ რაც არ გაქ როგორ მოგთხოვო ასე რო ჯობია მიაყენო ერთი ადგილი თუ შენ არ გაქ იმედი წადი ბალახი ძოვე!. DAVIთს! შენი არ ვიცი ალბათ ბრძოლას წაკუზვა გირჩევნია! არ ვიცი ვის რას მოსჭამ შეგარგოს მოჭმული მარა ანის გასამხნევებელი რო გახდი ეგ სირცხვილია დავითის რა გითხრა მარა როზა მოგიხდებოდა სახელად! ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის გამხნევდით ყურებს ნუ ჩამოყრით და გულები გაიმაგრეთ ძალა ერთობაშია! ჩვენი ძალა ჩვენ სულშია და ეცადეთ შეინარჩუნოთ არ მინდა პათეტიკურად გამომივიდეს მაგრამ კაცები თუ გქვიათ კაცურად დადექით და ნუ კანკალებთ და ნუ მოთქვამთ დედაკაცებივით!
ანა
07 აპრილი 2014 20:35
მიხარია, რომ ძალიან ცოტათი, მაგრამ მომრავლდა კომენტარები, სადაც მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ყოფნაზე სწერენ. სხვის ხელში ყურებამ დაგვაბეჩავა ძალიან. არა მგონია აღმაშენებლს იმაზე ეფიქრა ღირდა თუ არა 40,000 კაცით 200000-თან შეჭიდება, ან იმაზე ჯავრით მოეკლა თავი, თუ რას იფიქრებდა დასავლეთი, აღმოსავლეთი თუ სამხრეთი მის ქვეყანაში არსებულ ,,დემოკრატიაზე". მას ჰქონდა უდიდესი საქმე, რომ გაეერთიანებინა ნაწილებად დაშლილი სახელმწიფო და მან ეს შეძლო ერთგული ხალხის დახმარებით. სჯობს ჩვენს ბედში მყოფ სახელმწიფოებთან დავიჭიროთ საქმე და გაერთიანება მოვახერხოთ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, განსაკუთრებით, თუ ის ჭკვიანი ადამიანის დაგეგმილია. სამწუხაროდ საქართველოში მე ამ ჭკუას ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავ.
ნუ გაკიცხავთ იმ ჯარისკაცს, ვინც თავისი თავის და ოჯახის კეთილდღეობაზე ფიქრობს, როცა ლიდერი არ გივარგა, იმასთან ერთად ბრძოლის სურვილიც არა გაქვს.
Ruslan-ეგ თქვენი პირადი აზრია, მაგრამ მე შემრცხვებოდა ძალიან თქვენი კომენტარის გამო.

რედაქტორის რჩევით