საინფორმაციო ომის ტექნოლოგია - დააბრალე მოწინააღმდეგეს ის, რასაც თავად აკეთებ! - კვირის პალიტრა

საინფორმაციო ომის ტექნოლოგია - დააბრალე მოწინააღმდეგეს ის, რასაც თავად აკეთებ!

ყოფილი КГБ-ს შემუშავებულ დეზინფორმაციის მეთოდებს კრემლი წარმატებით იყენებს დღესაც, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის დროს...

საკუთარი მოსახლეობის მხრიდან სრული მხარდაჭერა ომისა და მეზობელი ქვეყნების ოკუპაციის დაწყებისას, მოწინააღმდეგე მხარის დემორალიზაცია და მესამე ქვეყნების თანაგრძნობა - აი, ის ძირითადი შედეგები, რომელთა მიღწევას ცდილობს დღეს კრემლი სამხედრო-პოლიტიკური პროპაგანდის შედეგად უკრაინაში და რაც თითქმის უკვე გააკეთა საქართველოში...

საბჭოთა КГБ-ს შემუშავებული საინფორმაციო ომის ტექნოლოგია დღესაც ძალზე აქტუალურია და მას ინტენსიურად იყენებს რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება იმ მეზობელი (და არა მარტო) ქვეყნების მიმართ, მოწინააღმდეგეებად რომ თვლის.

საინფორმაციო ომს თავისი მოთხოვნები აქვს. ერთ-ერთი პირველი არის ის, რომ ხელისუფლებამ დაარწმუნოს თავისი მოსახლეობა მთავრობის მოქმედების სისწორეში და დაპირისპირების ესკალაციაში მოწინააღმდეგე დაადანაშაულოს. მაგალითად, 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებას კრემლი ქართულ მხარეს აბრალებს და ცდილობს, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული საბრძოლო დანაყოფების შემოჭრა მიჩქმალოს.

უკრაინის კრიზისის წამოწყებას მოსკოვი მაიდნის ოპოზიციას აბრალებს და მალავს ექსპრეზიდენტ იანუკოვიჩის გუნდის მმართველობის უარყოფით მხარეებს, რამაც მოსახლეობა ქუჩაში გამოიყვანა.

მათი პოზიცია ასეთია: ჩვენ ომი არ გვინდოდა, მოწინააღმდეგე მხარემ ჩაგვითრია საბრძოლო მოქმედებებში!

ეს მეთოდი კრემლს აპრობირებული ჰქონდა ცხინვალის ომში და მის გამოყენებას ყირიმის ანექსიის შემთხვევაშიც ცდილობს, თუმცა უშედეგოდ, რადგან მიუხედავად არაერთი პროვოკაციისა, ყირიმში უკრაინელმა სამხედროებმა საპასუხოდ ერთი ტყვიაც არ გაისროლეს და კრემლს არ მისცეს საშუალება, თავისი ჩანაფიქრი სრულად განეხორციელებინა.

2008 წლის 7 აგვისტოს ძლიერი საარტილერიო ცეცხლის გახსნითა და ამ ყველაფრის პირდაპირი ეთერით ტრანსლირებით საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ კრემლს საშუალება მისცა, ბრძოლის დაწყებისთანავე საინფორმაციო ომში პირველი წარმატებისთვის მიეღწია - რუსმა  პროპაგანდისტებმა ქართული ტელევიზიების ვიდეოკადრებს ღამის ცხინვალის კადრები მიუმატეს და მთელ მსოფლიოს ამცნეს, რომ ამ საარტილერიო დაბომბვის შედეგად მშვიდობიან ცხინვალში 3000-მდე მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, რაც, რა თქმა უნდა, სრული სიცრუე გახლდათ და შეუძლებელიც იყო, მაგრამ მაშინ ამ მეთოდმა გაჭრა და მსოფლიოს თვალში საქართველო მონსტრად წარმოაჩინა.

საინფორმაციო ომში წარმატების მიღწევის მესამე მეთოდი: ხალხს უნდა აჩვენო, რომ მტერი დაუნდობელი და შეუბრალებელია, შენ კი - პაციფისტი და ჰუმანისტი ხარ. ამის მაგალითად გამოდგება რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის გავრცელებული სიცრუე, თითქოს ქართულ არმიას ცხინვალსა და მის შემოგარენში უნდა განეხორციელებინა სპეცოპერაცია სახელწოდებით "სუფთა ველი", რომელიც ოსების განდევნას ისახავდა მიზნად. სინამდვილეში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით სწორედ ადგილობრივმა სეპარატისტებმა მოუწყვეს გენოციდი ქართველ მოსახლეობას, გადაწვეს ქართული სოფლები და სათითაოდ დაანგრიეს ქართველთა სახლები.

მეოთხე მეთოდი - ეცადე, სხვა ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია ჰუმანიტარულ აქციად წარმოაჩინო.

სწორედ ცხინვალში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების დაცვა გახდა ერთ-ერთი საბაბი კრემლისთვის, როდესაც მან საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლო დანაყოფები დაძრა, თუმცა ეს ყურით მოთრეული საბაბი არ გამოდგა აფხაზეთის ოკუპაციისას, როცა ადგილობრივმა სეპარატისტებმა და რუსმა სამხედროებმა კოდორის ხეობის ქართულ სოფლებზე იერიში მიიტანეს.

ყირიმის ანექსიის დროს რუსული პროპაგანდა ცდილობდა, მთელი მსოფლიო დაერწმუნებინა, თითქოს მაიდნელი "ფაშისტები" ყირიმის ნახევარკუნძულზე შეჭრას აპირებდნენ...

მეხუთე მეთოდი - ეცადე, დაანახო ყველას, რომ შენი მოქმედება საერთაშორისო ნორმებს არ არღვევს, მოწინააღმდეგე კი წეს-კანონს არად დაგიდევს.

პუტინის რეჟიმი მხარს უჭერს ყირიმელ, სოხუმელ თუ ცხინვალელ სეპარატისტებს და ამას ხალხის თვითგამორკვევის უფლების პატივისცემით ხსნის, თუმცა ამავე დროს, მეოცე წელია, სისხლში ახშობს ჩეჩნეთის მოსახლეობის სურვილს, სწორედ თვითგამორკვევის პრინციპის საფუძველზე ჩამოშორდეს რუსეთის ფედერაციას.

დასასრულ, საინფორმაციო ომის დროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მის მასშტაბს. რაც უფრო მასშტაბურია დეზინფორმაცია, მით უფრო ეფექტურია მისი შედეგი. ამასთან, რუსეთის ხელისუფლება აძლიერებს ზეწოლას რუსულ დამოუკიდებელ საინფორმაციო საშუალებებზე მათი საბოლოო დახურვის (გაკოტრების გზით ან სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე) მიზნით.

საგულისხმოა, რომ საინფორმაციო ომის ტექნოლოგიებს მხოლოდ რუსეთი არ იყენებს, ამ მეთოდებით მოსახლეობის მართვას მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ხელისუფლება ცდილობს (ამის მაგალითები არც საქართველოს ყოფილი ხელისუფლების დროს იყო იშვიათი), მაგალითად აშშ-ის ხელისუფლების მიერ ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის მასობრივი განადგურების იარაღის შენახვაში დადანაშაულება და ამ საბაბით 2003 წელს ერაყში შეჭრაც გამოდგება - ამ ნატანჯ ქვეყანაში ხომ დღემდე ვერავინ აღმოაჩინა ეს ავადსახსენებელი იარაღი...