ცხინვალიდან ერევნამდე... თბილისის გავლით?! - კვირის პალიტრა

ცხინვალიდან ერევნამდე... თბილისის გავლით?!

ოკუპირებული ცხინვალიდან სომხეთისკენ მიმავალი რუსული ჯავშანკოლონების საქართველოზე გავლის საშიშროებას აღარც ამერიკელები უარყოფენ

აშშ-ის კონგრესის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკლ როჯერსის, ამასწინანდელმა ინტერვიუმ ქართველი საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია, ამერიკელმა კონგრესმენმა გამოთქვა ვარაუდი, რუსეთი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში იმიტომ ზრდის შეიარაღებას, რომ შეიძლება იქიდან სომხეთში გაჭრა და შემდგომ ირანთან სახმელეთო კავშირის დამყარება სურდესო.

ამერიკელ კონგრესმენს, ფაქტობრივად, ახალი არაფერი უთქვამს - "კვირის პალიტრა" არაერთხელ წერდა ამ საფრთხის შესახებ იმ შემთხვევაში, თუკი აშშ და ისრაელი ირანს დაესხმოდნენ თავს და რუსეთი სომხეთში ძალის დემონსტრირებას შეეცდებოდა.

რუსეთის განშტაბში აუცილებლად ექნებათ ოპერატიული გეგმა, დაამყარონ სახმელეთო კავშირი ცხინვალის მე-4 საოკუპაციო და გიუმრის (სომხეთის) 102-ე რუსულ სამხედრო ბაზებს შორის.

თუმცა, ერთია ჩვენი ვარაუდი და მეორე - ამერიკელი კონგრესმენის გამონათქვამი, რომელსაც ხელი მიუწვდება ამერიკული დაზვერვის (პირველ რიგში კი - კოსმოსური დაზვერვის) თითქმის ყველა ოპერატიულ მონაცემზე.

თუკი კრემლმა მართლაც მოინდომა თავისი ჯავშანკოლონებისთვის სახმელეთო დერეფნის გაჭრა ცხინვალიდან სომხეთის საზღვრამდე, როგორ განახორციელებს ამას?

აქ მხოლოდ ორი არჩევანია - რუსული ჯავშანკოლონები ან უშუალოდ თბილისის გავლით შეეცდებიან წითელი ხიდისკენ გაჭრას, ან აირჩევენ უფრო შორ მარშრუტს (ხაშური-ბორჯომი-ახალციხე-ახალქალაქის მიმართულებით).

ორივე შემთხვევაში რუსი სამხედროები თავდაპირველად ეცდებიან, გადაკეტონ თბილისი-ხაშურის ავტომაგისტრალი და სარკინიგზო ხაზი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის კომუნიკაციების გასაწყვეტად, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა 2008 წლის აგვისტოში.

რუსი ჯავშანკოლონების გამოსვლა მოსალოდნელია ორი მხრიდან - ცხინვალიდან და ახალგორის რაიონიდან, სადაც რუსული საოკუპაციო სამხედრო დანაყოფები თბილისი-ხაშურის ავტოსტრადასთან ყველაზე ახლოს არიან განთავსებული.

თბილისის მიმართულებით წინსვლა რუსეთის ჯავშანკოლონებსა და მის დამცავ საბრძოლო შვეულმფრენებსა და თვითმფრინავებს შეიძლება უფრო ძვირად დაუჯდეთ, რადგან აგვისტოს ომის შემდგომ ქართული არმიის ძირითადი საბრძოლო შენაერთები (მათ შორის 1-ლი ქვეითი, მე-4 მექანიზებული და 1-ლი საარტილერიო ბრიგადები, სპეციალური ოპერაციების ძალები და ცალკეული ბატალიონები) სწორედ დედაქალაქის სიახლოვესაა თავმოყრილი და სწორად ორგანიზებული თავდაცვითი ბრძოლის შემთხვევაში მოწინააღმდეგის შეჩერება გარკვეული ხნით მაინც შეიძლება.

ცხინვალიდან ხაშური-ბორჯომი-ახალციხე-ახალქალაქის მიმართულებით გაჭრის მცდელობისას რუსულ ჯავშანკოლონებს, სავარაუდოდ, ნაკლები დაბრკოლება შეხვდებათ, რადგან ამ მარშრუტზე მსხვილი ქართული საბრძოლო შენაერთები დისლოცირებული არ არის და რუსულმა სამხედრო დაზვერვამ ეს ჩვენზე კარგად იცის.

ეს რაც შეეხება რუსეთის მიერ სატრანზიტო დერეფნის გაჭრის სამხედრო ასპექტებს, თუმცა მთავარი მაინც პოლიტიკური ასპექტია. ვთქვათ, რუსეთის ხელისუფლებამ ოფიციალურ თბილისს წაუყენა ულტიმატუმი - ცხინვალიდან სომხეთის საზღვრამდე ჯავშანკოლონების უსაფრთხო გავლისთვის დერეფანი მოლაპარაკების შედეგად დაუთმოს, თორემ რუსული საბრძოლო დანაყოფები ამ დერეფანს ძალის გამოყენებით გაჭრიან. რა უნდა მოიმოქმედოს ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებამ? საზოგადოებაში აზრი ორად იყოფა: ერთნი თვლიან, რომ ახალი ომის თავიდან ასაცილებლად ჯობს, კონტროლისა და გაცილების წესების დაცვით მართლაც გავატაროთ რუსული ჯავშანკოლონები სომხეთის საზღვრამდე, მეორე მხარე კი უფრო კატეგორიულია. მისი აზრით, სად არის გარანტია, რომ რუსული ჯავშანკოლონები უკან არ მოგვიბრუნდებიან და არ შეეცდებიან სამცხე-ჯავახეთის დაპყრობას ან სტრატეგიული მაგისტრალების ჩაჭრას, ან სულაც დედაქალაქის აღებას? ამიტომაც ბრძოლაა საჭირო.

თუმცა ოპონენტებს კონტრარგუმენტები გააჩნიათ - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მეთაურობა არ მალავს, რომ თუკი რუსეთმა უკრაინას აღმოსავლეთიდან შეუტია, 3-5 დღეში ის მთლიანად იქნება ოკუპირებული. თუკი ამხელა უკრაინა მეტხანს ვერ გაუძლებს რუსეთის აგრესიას, რა დაუპირისპიროს პატარა და უკვე ნაწილობრივ ოკუპირებულმა საქართველომ ამხელა მონსტრს?

აშშ-ისა თუ NATO-ს სამხედრო დახმარების იმედი, ალბათ, აღარავის აქვს, რადგან ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს თავისი გასჭირვებია და თვითონ ეძებს რუსეთის შესაძლო აგრესიისგან თავდაცვის ახალ საშუალებებს.

მაგრამ საბედნიეროდ, ბევრი ფიქრობს, რომ უკრაინამ ყირიმი ტყვიის გასროლის გარეშე მაინც დაკარგა და თუკი რუსული ოკუპაცია კვლავ მოცოცავს საქართველოში, თავის დახრას იქნებ ბოლო, მაგრამ ღირსეული ბრძოლა სჯობს!