NATO გვიან გამოფხიზლდა...
07-04-2014
NATO გვიან გამოფხიზლდა...
2008 წლის აგვისტოს ომი, რომლის დროსაც რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონი დაიპყრო, დასავლეთისთვის და კერძოდ,  NATO-სთვის არ აღმოჩნდა გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ კრემლმა მეზობლებსა და დასავლეთთან ურთიერთობისას ახალი, შეტევითი პოლიტიკა აირჩია.
2014 წლის მარტში რუსეთის მიერ ყირიმის უსწრაფესი ანექსია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გვიანი, მაგრამ მაინც გამოფხიზლების საფუძველი გახდა.
ამ დღეებში ბრიუსელში NATO-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ამა წლის სექტემბერში უელსში დაგეგმილ ალიანსის სამიტზე უკვე მომზადებული უნდა იყოს NAთO-ს თავდაცვის
ახალი გეგმა.

ეტყობა, ბოლოს და ბოლოს, ალიანსში მიხვდნენ, რომ ჩვეულებრივ, შეიარაღებული ძალების მონაწილეობით, ისინი ვერ შეძლებენ რუსეთის შესაძლო სამხედრო აგრესიის შეჩერებას არა მარტო ბალტიისპირეთის მიმართულებით (სადაც ალიანსის არც ერთი სახმელეთო საბრძოლო დანაყოფი არ არის და ლატვიის, ლიტვიასა და ესტონეთის შეიარაღებაში მხოლოდ ერთი, ისიც სასწავლო ტანკია),
არამედ ევროპის შუაგულშიც.
NATO-ს ხელმძღვანელობას გამოეპარა მომენტი, როდესაც რუსეთმა თავისი შეიარაღებული ძალების სერიოზული გადაიარაღება დაიწყო.

2008 წელს საქართველოსთან რამდენიმედღიანი ომის შემდეგ რუსეთმა თითქმის მიაღწია სასურველ შედეგს, თუმცა მთელმა მსოფლიომ და მათ შორის - პუტინმაც დაინახა რუსული არმიის სერიოზული პრობლემები (ჯარების მართვაში, კავშირგაბმულობაში, პილოტების მომზადებაში და ა.შ.), რის შემდეგ მოსკოვმა რუსეთის შეიარაღებული ძალების სწრაფი გადაიარაღება და გადამზადება დაიწყო. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთმა თავისი სამხედრო ბიუჯეტი 30%-ით გაზარდა, მაშინ, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებმა იმავე  პერიოდში სამხედრო ბიუჯეტი, პირიქით, 15%-ით შეამცირეს!

ფაქტობრივად, ევროპაში არ დარჩა NATO-ს წევრი ქვეყანა, რომლის არმია რუსულ სატანკო არმადებს შეაჩერებს! თვით აშშ-ს, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო ძლიერების მთავარი კომპონენტია, ევროპაში 80 ათასამდე სამხედრო თუ ჰყავს დარჩენილი, არადა, "ცივი ომის" დროს მათი რიცხვი 300 ათასს აჭარბებდა.
რუსეთის შეიარაღებული ძალები 770 ათასამდე სამხედროს ითვლის (შინაგანი და სასაზღვრო ჯარების გარეშე), რომელთა უდიდესი ნაწილი (თითქმის 400 ათასამდე) სწორედ დასავლეთის სამხედრო ოლქშია თავმოყრილი (2,5 ათას სამხედრო შენაერთსა და ნაწილში), ბალტიისპირეთის, პოლონეთისა (კალინინგრადის ოლქში) და უკრაინის საზღვრებთან.

რუსეთის დასავლეთის სამხედრო ოლქის შეიარაღებაშია 48 ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი ("ტოჩკა-უ" და "ისკანდერ-მ"), 700-ზე მეტი ტანკი, 900 ქვეითთა და მედესანტეთა საბრძოლო მანქანა, 600 ბორბლებიანი და 800 მუხლუხიანი ჯავშანტრანსპორტიორი, 600-ზე მეტი თვითმავალი და 700-მდე ბუქსირებადი საარტილერიო დანადგარი, 300-მდე ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა ("გრადი", "ურაგანი", "სმერჩი"), საარმიო საჰაერო თავდაცვის მობილური საზენიტო-სარაკეტო სისტემების 460 დანადგარი (ცალკე აღსანიშნავია კოსტრომის ოლქში მდებარე უდიდესი სამხედრო ბაზა, სადაც რამდენიმე ათასი ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი ინახება, რომელთა საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანას მხოლოდ რამდენიმე საათი სჭირდება).

დასავლეთის სამხედრო ოლქის არსენალში 90 ბომბდამშენი (მათ შორის 24 ცალი უახლესი ჩე-34-ია), 200 გამანადგურებელი და 180-მდე სხვადასხვა დანიშნულების შვეულმფრენია.
ცალკე უნდა ვახსენოთ ჩრდილოეთის და ბალტიის ფლოტების ატომური წყალქვეშა ნავებისა და სამხედრო ხომალდების ძალზე მნიშვნელოვანი საცეცხლე ძალაც.
ისე კი, მთლიანად რუსეთის არმიის შეიარაღებაში 17,5 ათასი ტანკი, 3612 თვითმფრინავი, 1402 შვეულმფრენი და 208 სამხედრო ხომალდი ირიცხება.

ამხელა ჩამონათვალი იმისთვის დაგვჭირდა, რომ გვეჩვენებინა, NATO-ს წევრი ევროპული სახელმწიფოების შესაძლებლობებს მხოლოდ რუსეთის დასავლეთის სამხედრო ოლქში (თუმცა მოსკოვს არ გაუჭირდება, დასავლეთის სამხედრო ოლქს სამხრეთისა და ცენტრალური სამხედრო ოლქების ძალებიც დაახმაროს) თავმოყრილი შეიარაღებაც კი უტოლდება.
ერთადერთი რეალური ძალა, რომლითაც NATO-ს ევროპაში შეჭრილი რუსული სატანკო არმადების მოგერიება შეუძლია, ბირთვული იარაღის გამოყენებაა, თუმცა ეს უკვე მესამე მსოფლიო ომსა და შესაბამისად, პლანეტის დასასრულს ნიშნავს.

NATO ასეთ სავალალო შედეგს არ მიიღებდა, თავისი საზღვრების აღმოსავლეთით გაფართოება 1992-2000 წლებში რომ დაემთავრებინა, სანამ რუსეთს ელცინის უუნარო ხელისუფლება მართავდა და ქვეყანა ჩეჩნეთთან ომში იყო ჩაფლული, თუმცა მაშინ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა თავისი დრო და რესურსები იუგოსლავიის დაშლას, შემდგომ კი ერაყისა და ავღანეთის მისიებს მოახმარა და თვალსა და ხელს შუა გამოეპარა პუტინის ხელისუფლების განმტკიცება და რუსული არმიის გაძლიერება...
გელა
20 აპრილი 2014 10:25
,,ნატო,, გამოფხიზლდა,თუ არ გამოფხიზლდა,სულ ცალ ფეხზე ჰკიდია რუსეთს...და ეს,სამწუხაროდ,ისტორიული ფაქტია!!!

ასეა ეს!

.
16 აპრილი 2014 11:54
ნატოს ეძინა მაშინ, როცა ალადაშვილი ფხიზლობდა:)
.
16 აპრილი 2014 11:52
პანიკიორებს და კოლაბორციონისტებს სამხედრო ტრიბუნალი

რედაქტორის რჩევით