შავ ზღვაში "ცივი ომი" დაბრუნდა - კვირის პალიტრა

შავ ზღვაში "ცივი ომი" დაბრუნდა

რუსულმა ბომბდამშენმა ყირიმთან ამერიკულ სარაკეტო ხომალდს 12-ჯერ შემოუფრინა, რითაც

პენტაგონის რისხვა დაიმსახურა...

12 თებერვალს შავ ზღვაში, ყირიმის ნახევარკუნძულთან, ამერიკულ კრეისერ "იორკთაუნსა" და საესკადრო ნაღმოსან "კერონს" მოსკოვიდან გაცემული ბრძანების თანახმად, ორი სადარაჯო ხომალდი - "ბეზავეტნი" და СКР-6 დაუპირისპირდა. შეჯახების შედეგად ამერიკული "იორკთაუნი" დაზიანდა და მას შემდეგ, რაც მის თავზე დაბალ სიმაღლეზე Ми-24 ტიპის საბრძოლო შვეულმფრენი გამოჩნდა, ამერიკული სამხედრო ხომალდები იძულებული გახდნენ, ნეიტრალურ წყლებში გასულიყვნენ...

შავ ზღვაში საბრძოლო ხომალდების დაპირისპირება, რამაც მსოფლიო კინაღამ ახალი ომის საფრთხის წინაშე დააყენა, მართლაც მოხდა, ოღონდ 1988 წელს, საბჭოთა კავშირის არსებობისას.

2014 წლის 12 აპრილს კი შავ ზღვაში, ისევ ყირიმის ნახევარკუნძულთან, რომლის სრული ანექსია რუსეთმა სულ ახლახან განახორციელა, ახალ სახიფათო ინციდენტს ჰქონდა ადგილი.

შავ ზღვაში მცურავ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილ საესკადრო ნაღმოსან USS Donald Cook-ს (DDG-75) რუსულმა საფრონტო ბომბდამშენმა Су-24V-მა 12(!)-ჯერ შემოუფრინა.

პენტაგონის განცხადებით, რუსული ბომბდამშენი ამერიკულ ხომალდს ერთი კმ-ის სიშორეზე, 160 მ სიმაღლეზე უფრენდა გარშემო და თანაც სარაკეტო შეტევის იმიტაციას ახდენდა.

"დონალდ კუკი" Aegis-ის ტიპის უნივერსალური საბრძოლო საინფორმაციო-სამართავი სისტემითაა აღჭურვილი და "ტომაჰავკის" კლასის ფრთოსანი რაკეტების გარდა, შეიარაღებულია  RIM-66 და Standard-2 ტიპის 74 საზენიტო რაკეტით, ასევე Phalanx-ის ტიპის ექვსლულიანი საზენიტო საარტილერიო კომპლექსებით, რაც მას ერთი რუსული ბომბდამშენის კი არა, Су-24V-ების მთელი პოლკის განადგურების საშუალებას აძლევს.

ამერიკული საესკადრო ნაღმოსნის გარშემო 12-ჯერ შემოფრენას ნამდვილად კრემლის პროვოკაციის სუნი ასდის, რადგან თუკი ამერიკელი მეზღვაურები თავს ვერ შეიკავებდნენ და რუსულ ბომბდამშენს ჩამოაგდებდნენ, ამას, ცხადია, მოსკოვის საპასუხო რეაქცია მოჰყვებოდა და სიტუაცია ისე დაიძაბებოდა, რომ მიტაცებული ყირიმი და აღმოსავლეთუკრაინელი სეპარატისტები აღარავის გაახსენდებოდა...