გადადებს თუ არა ომს უკრაინაში ჟენევის ხელშეკრულება? - კვირის პალიტრა

გადადებს თუ არა ომს უკრაინაში ჟენევის ხელშეკრულება?

17 აპრილს ჟენევაში მიღწეული იქნა შეთანხმება ოთხი მხარის - უკრაინის, რუსეთის, აშშ-ისა და ევროკავშირის საგარეო უწყებების პირველ პირებს შორის, რომლის თანახმად, უკანონო შეიარაღებული ფორმირებები აღმოსავლეთ უკრაინაში უნდა განიარაღდნენ და გაათავისუფლონ დაკავებული ადმინისტრაციული შენობები. თავის მხრივ უკრაინის ხელისუფლება თავის თავზე იღებს, შეაჩეროს ანტიტერორისტული ოპერაციის აქტიური ფაზა და ამნისტია გამოუცხადოს ყველა შეიარაღებულ პირს, ვინც დღეს ბარიკადებზეა. ამასთან, კიევი თანახმაა, რუსული ენა უკრაინულთან ერთად სახელმწიფო ენად გამოცხადდეს, ხოლო რეგიონების ხელმძღვანელები, დანიშვნის ნაცვლად, მოსახლეობამ აირჩიოს.

ერთი შეხედვით, ჟენევაში მიღწეულმა შეთანხმებამ შეიძლება უკრაინა მართლაც გადაარჩინოს ომს, თუმცა მაინც არის ეჭვი, რომ ჟენევის მოლაპარაკებას კრემლი დროის მოსაგებად და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული მოძრაობის გასაძლიერებლად გამოიყენებს.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით უკრაინის ძალოვანმა სტრუქტურებმა ანტიტერორისტული ოპერაციის აქტიური ფაზა შეაჩერეს, თუმცა სეპარატისტებს არც იარაღი ჩაუბარებიათ, არც ბარიკადები დაუშლიათ და არც ადმინისტრაციული შენობებიდან გამოსულან.

ამ სიტუაციის შემხედვარეს უნებურად მახსენდება აფხაზეთის ომის დროს, 1992-93 წლებში, რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები, რომელთა შემდეგ ქართული მხარე ან აჩერებდა საბრძოლო მოქმედებებს, ან მძიმე საბრძოლო ტექნიკა გამოჰყავდა ფრონტის ხაზიდან და მოტყუებულიც რჩებოდა. ასე დავკარგეთ ჯერ გაგრა, შემდეგ კი - სოხუმიც...

არ გვინდა, უკრაინელებმაც ასეთივე შეცდომა დაუშვან და ჟენევის ხელშეკრულებას სიტუაციის დაწყნარების ნაცვლად რუსეთის მხარდაჭერით ფრთაშესხმული სეპარატისტების გააქტიურება მოჰყვეს...