რუსული 45-ე პოლკი - ჯერ ფოთში, შემდეგ ყირიმსა და დონეცკში... - კვირის პალიტრა

რუსული 45-ე პოლკი - ჯერ ფოთში, შემდეგ ყირიმსა და დონეცკში...

საჰაერო-სადესანტო ჯარების 45-ე სპეციალური დანიშნულების ცალკეული პოლკი რუსეთის ხელისუფლების ერთგვარ "სახანძრო მანქანად" იქცა, რომელსაც კრემლი მეზობელი სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების დაპყრობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სადაზვერვო-დივერსიული დავალებების შესასრულებლად გზავნის.

უკრაინის სპეცსამსახურებმა უკვე დაადგინეს, რომ 2014 წლის 27 თებერვალს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შენობა სწორედ რუსული 45-ე სპეციალური დანიშნულების ცალკეული პოლკის მებრძოლებმა დაიპყრეს, რასაც მაშინ ოფიციალური მოსკოვი კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მაინც აღიარა, რომ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გარდა, სხვა რუსული სპეცდანიშნულების ნაწილებიც მოქმედებდნენ.

უკრაინული მხარე დარწმუნებულია, რომ დღეს დონეცკსა და სლავიანსკში, ისევე, როგორც აღმოსავლეთ უკრაინის სხვა დასახლებულ პუნქტებში, ადმინისტრაციულ შენობებსა და სატელევიზიო ანძებს კვლავ რუსული 45-ე პოლკის სამხედრო მოსამსახურეები იპყრობენ.

ამ რუსულმა პოლკმა თავი საქართველოსაც დაამახსოვრა, როდესაც 2008 წლის აგვისტოში პოდპოლკოვნიკ ანატოლი ლებედის სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა დაიპყრო ფოთის სამხედრო-საზღვაო ბაზა და რამდენიმე დღეში გაანადგურა მისი ინფრასტრუქტურა - ჩაძირა ქართული სარაკეტო ხომალდები "დიოსკურია" და "თბილისი".

მკითხველისთვის საინტერესო იქნება ინფორმაცია, რომ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების 45-ე სპეციალური დანიშნულების ცალკეული პოლკის "ფესვები" საბჭოთა საქართველოშია - 1979 წელს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში შეიქმნა 901-ე ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბატალიონი, რომელიც იმავე წელს ჯერ ჩეხოსლოვაკიაში გადაისროლეს, 1989 წელს ბალტიისპირეთის სამხედრო ოლქში გაამწესეს, 1991 წლის მაისში კი ისევ საქართველოში დააბრუნეს და სოხუმში დააბანაკეს.

აფხაზეთის ომის დროს, 1992-93 წლებში, ამ ბატალიონის პირადი შემადგენლობა სოხუმში, ქართული საჯარისო ფორმირებების ზურგში, ერთგვარ მეხუთე კოლონად იქცა და ბუნებრივია, მოსკოვისა და სეპარატისტების ინტერესებს ემსახურებოდა. ამ დროს მათი რვა სამხედრო დაიღუპა და ოცი დაიჭრა.

1993 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც თავისი ჩანაფიქრი განახორციელა და აფხაზეთში ქართველების გენოციდი მოაწყო, კრემლმა 901-ე ცალკეული საპარაშუტო-სადესანტო ბატალიონი მოსკოვის ოლქში გადაიყვანა და მის საფუძველზე 45-ე სპეციალური დანიშნულების ცალკეული პოლკი შექმნა.

1997-98 წლებში 45-ე პოლკის ერთი დანაყოფი გუდაუთაში გამოგზავნეს და სავარაუდოდ, ისინი 1998 წლის მაისის გალის მოვლენების დროს საქართველოს შინაგანი ჯარების წინააღმდეგ იბრძოდნენ.

შემდეგ კი იყო 2008 წლის აგვისტო, როდესაც ფოთის სამხედრო პორტში რამდენიმე ათეულმა რუსმა სპეცრაზმელმა სამხედრო ფლოტი ჩაგვიძირა, ამერიკული "ჰამერები" ალაფად წაასხა და ორ ათეულამდე ქართველი სამხედრო დაატყვევა..