გამოქცეული რუსი მიჩმანი მთავარ საფრთხეზე მიგვითითებს... - კვირის პალიტრა

გამოქცეული რუსი მიჩმანი მთავარ საფრთხეზე მიგვითითებს...

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ФСБ-ში შემავალი რუსი მესაზღვრეები ადგილობრივი მოსახლეობისგან აგენტურულ ქსელს ქმნიან...

აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი სამხედროების გარდა რუსი მესაზღვრეებიც გამოჩნდნენ და ნათელი გახდა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები კიდევ უფრო გააქტიურდნენ.

მაშინ "კვირის პალიტრაში" ვწერდით, რომ საბჭოთა КГБ-ში შემავალი მესაზღვრეები საბჭოთა კავშირის სახელმწიფო საზღვრის მთელ პერიმეტრზე ადგილობრივ მოსახლეობას აგენტურულ ქსელში ჩართავდნენ, რათა მუდმივად ჰქონოდათ ინფორმაცია საზღვარზე არსებული მდგომარეობის შესახებ.

პუტინმა რუსი მესაზღვრეები სტრუქტურულად საბჭოთა КГБ-ს რუსულ მემკვიდრე ФСБ-ში დააბრუნა, შესაბამისად - გაგრძელდა საბჭოთა ტრადიციებიც.

გალის რაიონში, მდ. ენგურის მარჯვენა სანაპიროს გაყოლებით, ასევე ცხინვალის, ჯავისა და ახალგორის რაიონების ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ რუსი მესაზღვრეები საგუშაგოებსა და კომენდატურებს ქმნიან, აღწერენ "საზღვრის" ახლოს მცხოვრებთა ზუსტ მონაცემებს და მათ გადასაბირებლად და აგენტურულ-სადაზვერვო ქსელის შესაქმნელად მუშაობას იწყებენ.

ჩვენი მოსაზრების ერთგვარი მტკიცებულება გახდა  ინტერნეტგამოცემა "კავკაზსკი უზელში" გამოქვეყნებული გამოქცეული რუსი მესაზღვრე-მიჩმანის ვიტალი ხრიპუნის ბოლო ინტერვიუ.

რუსეთში დეზერტირად ძებნილი და თბილისს თავშეფარებული რუსი მიჩმანი გულახდილად აცხადებს, - რუსული სპეცსამსახურები ოსურ სოფლებში მოსახლეობას ფსიქოლოგიურად ამუშავებენ, სპეცსამსახურისა და დაზვერვის თანამშრომლები ადგილობრივებთან ხშირად დადიან და საუბრობენო...

გასაგებია, რაც აინტერესებთ რუსული ФСБ-სა თუ ГРУ-ს თანამშრომლებს ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრისპირა ოსურ სოფლებში - ინფორმაცია, რა ხდება სოფლებში, უცხო პირები ხომ არ გამოჩნდნენ, ქართველი მზვერავები ხომ არ შეუმჩნევიათ და ა.შ. მაგრამ ჩვენთვის უფრო სახიფათო იქნება, თუკი რუსული სპეცსამსახურები გადაიბირებენ ოკუპირებული გალის რაიონის ქართველ მცხოვრებთ, ასევე ცხინვალისა და ახალგორის მიმდებარე ქართული სოფლების მკვიდრთ, რადგან გადაბირებული ეთნიკური ქართველები უფრო ადვილად შეძლებენ სადაზვერვო მონაცემების მოპოვებას ზუგდიდშიც, გორშიც და თბილისშიც.

ასე რომ, ნებისმიერ რუსულ "გრადზე" საშიში "მეხუთე კოლონაა", რომლის ჩამოყალიბება რუსულ სპეცსამსახურებს ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებთაგან სურთ.