არმია საპენსიო ფონდი არ არისო, - აცხადებენ თავდაცვაში - კვირის პალიტრა

არმია საპენსიო ფონდი არ არისო, - აცხადებენ თავდაცვაში

განახევრებული ბიუჯეტის პირობებში თავდაცვის სამინისტროდან 200-მდე, ხოლო გაერთიანებული შტაბიდან - 300-ზე მეტ თანამშრომელს დაითხოვენ

პროცესს, რომელსაც თანამშრომლების შემცირება ჰქვია, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ოპტიმიზაციის აუცილებლობით ხსნის და ბიუჯეტის მკვეთრ შემცირებასაც უკავშირებს.

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 750 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც ზუსტად ნახევარია იმ უზარმაზარი თანხისა, რომელსაც თავდაცვის უწყება გასულ წლებში იღებდა.

"კვირის პალიტრაში" არაერთხელ დაგვიწერია (ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე!), რომ ქვეყანა დიდხანს ვერ შეძლებდა თავდაცვისთვის ყოველწლიურად 1-1,5 მლრდ ლარის გამოყოფას.

ასეც მოხდა, რამაც ბუნებრივად დააყენა საკითხი თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებულ შტაბში წლების განმავლობაში უსაფუძვლოდ გაზრდილი შტატების შემცირებისა.

დღეს თავდაცვის სამინისტროში თითქმის 700-მდე სამოქალაქო პირი მუშაობს, ხოლო გაერთიანებულ შტაბში - 700-ზე ცოტა მეტი სამხედრო (ზუსტ ციფრებს შეგნებულად არ ვასახელებთ).

შემცირებული ბიუჯეტის პირობებში თანხების გამოსათავისუფლებლად თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს 30%-ით შეამციროს სამინისტროს სამოქალაქო პერსონალი, ანუ 200 კაცს მაინც გაათავისუფლებენ თანამდებობიდან. თანაც, ეტყობა, არ ჩატარდება ისეთი ტესტირება, რაც დეკემბერში 200-მდე ვიცე-პოლკოვნიკისა და პოლკოვნიკის გათავისუფლების მიზეზი გახდა. თავიდან თავდაცვის სამინისტროში 180 სამოქალაქო პირი მუშაობდა, მერე მათი რაოდენობა თითქმის 700-მდე გაიზარდა, რაც არაბუნებრივია, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

გაერთიანებული შტაბი 45%-ით (ან მეტითაც) შემცირდება, ანუ საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი "ტვინიდან" 300-ზე მეტ სამხედროს დაითხოვენ...

ამასთან თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ შემცირებების მიუხედავად, საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთო საშტატო რაოდენობა უცვლელი დარჩება, გამოთავისუფლებული შტატები გადაეცემა საბრძოლო დანაყოფებს, სადაც უმცროსი მეთაურების ნაკლებობაა, უპირველესად - ოცმეთაურებისა.

არმია საპენსიო ფონდი არ არის, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში, - ჩვენ ლეიტენანტის დონის ტესტირება ჩავატარეთ, რომელიც სამხედრო ხელოვნების ანაბანა იყო, მაგრამ თითქმის ნახევარმა სრული უცოდინარობა გამოამჟღავნა და ამიტომაც დავითხოვეთ თანამდებობებიდან 200-მდე ვიცე-პოლკოვნიკი და პოლკოვნიკი...

ჩვენ გვინდა გავაჯანსაღოთ წოდებების მიღების მექანიზმი. მაიორამდე წოდებებს ნამსახურობის მიხედვით მიიღებენ, ხოლო ვისაც პოლკოვნიკობა სურს, სპეციალური გამოცდები უნდა ჩააბაროს, - მიაჩნიათ თავდაცვაში.