დაქოქილი რუსული ტანკების ლულები უკრაინისკენაა მიშვერილი
28-04-2014
უკრაინის საზღვართან თავმოყრილ რუსულ ჯავშანტრანსპორტიორებს უკვე ამშვენებს წარწერა - "სამშვიდობო მისია", ანუ მგელი კვლავ ცხვრის ტყავის მორგებას ცდილობს...

ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ტრაგედიიდან 28-ე წლისთავზე უკრაინა კვლავ განსაცდელის წინაშე დგას - შეიძლება ყირიმის ნახევარკუნძულის შემდეგ რუსეთმა მისი სხვა ტერიტორიების ანექსიაც მოინდომოს.

უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან თავმოყრილია რუსეთის შეიარაღებული ძალების მძლავრი დაჯგუფება, რომელიც დაყოფილია საბატალიონო ტაქტიკურ ჯგუფებად და განსაზღვრული აქვთ შეტევის მიმართულებები. მათ შეიარაღებაშია რამდენიმე ასეული ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ჯავშანტრანსპორტიორი, საარტილერიო
დანადგარი, დამრტყმელი შვეულმფრენები და საბრძოლო ავიაცია.  25 აპრილს რუსულმა თვითმფრინავებმა არაერთხელ დაარღვიეს უკრაინის საჰაერო სივრცის აღმოსავლეთი ნაწილი. მომხდარი აშშ-ის რადიოელექტრონულმა დაზვერვამ დააფიქსირა და პენტაგონმა ჟენევის ხელშეკრულების დარღვევის გამო მოსკოვს პროტესტი განუცხადა.
უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან ჯარების დიდი დაჯგუფების თავმოყრას ოფიციალური მოსკოვი სამხედრო სწავლებების ჩატარებით ხსნის, თუმცა
საიდუმლო აღარავისთვის არის, რომ კრემლის მესვეურნი ამ ხერხით ცდილობენ შენიღბონ მომავალი სამხედრო აგრესია. ასე იყო 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში, როდესაც ჩრდილო კავკასიაში სამხედრო სწავლების საბაბით თავმოყრილი რუსეთის საჯარისო დაჯგუფება შემდეგ ცხინვალსა და აფხაზეთში შემოიჭრა. ასე მოხდა 2014 წლის მარტში ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის დროსაც, როდესაც სევასტოპოლში დისლოცირებული რუსი სამხედროები სწავლების დაწყების მომიზეზებით ყირიმის გზებზე ბლოკპოსტებს აყენებდნენ.

ეს სტატია 26 აპრილს იწერება. რუსეთს ჯერ არ დაუწყია ღია სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, თუმცა ეს ყოველ წუთს მოსალოდნელია, საბაბი კი ნებისმიერი მოვლენა შეიძლება გახდეს, მაგალითად, უკრაინელი სამართალდამცავების ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს შემთხვევით თუნდაც ერთი მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვა.

უკრაინულმა სპეცსამსახურებმა ჟურნალისტებს შეატყობინეს, რომ პრორუსი შეიარაღებული სეპარატისტები გეგმავენ პროვოკაციას უკრაინის შინაგანი ჯარებისა თუ ეროვნული გვარდიის ფორმისა და საავტომობილო ნომრების გამოყენებით, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვება, შედეგად კი მოსკოვი, რუსეთის მოქალაქეების დაცვის საბაბით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსულ საბრძოლო დანაყოფებს შეიყვანს.
vep1963
29 აპრილი 2014 15:46
ეხლა 90-იანი წლები აღარ არის რუსები გაშიფრულები არიან და მათი ყველა ხრიკი გაშიფრულია.უკრაინელი ხალხისა და საერთოდ სამხედროების ქმედებაზე კი ქების სიტყვების მეტს ვერაფერს დაამატებ.

რედაქტორის რჩევით