ანტიტერორისტული ოპერაციის სირთულეები - კვირის პალიტრა

ანტიტერორისტული ოპერაციის სირთულეები

უკრაინის უშიშროების სამსახურის სპეცრაზმელებმა ქ. სლავიანსკთან პრორუსი სეპარატისტების მიერ უკანონოდ დადგმული ბლოკ-პოსტები თითქმის უპრობლემოდ გაანადგურეს, თუმცა თავად ქალაქში ადმინისტრაციული შენობების გათავისუფლებას შეიძლება სერიოზული გართულებები მოჰყვეს...

მას შემდეგ, რაც კიევმა უკრაინის აღმოსავლეთით, ქ. სლავიანსკის გარშემო ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა.

ცხადია, საქმე ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს, რადგან მე-20 წელია, პუტინის რეჟიმი ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტს ანტიტერორისტულ ოპერაციას უწოდებს. რა გამოდის? რომ რუსეთს შეუძლია თავის ტერიტორიაზე ტერორისტებს ებრძოლოს, მეზობელ უკრაინას კი - არა?!

არადა, უკრაინის უშიშროების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმებმა სლავიანსკის გაწმენდის ოპერაციების დროს იგივე ტაქტიკა რომ გამოიყენონ, რასაც რუსეთის ფედერალური ძალები მრავალი წელია, ჩრდილო კავკასიაში იყენებენ, შედეგი სულ სხვანაირი იქნება.

საბედნიეროდ, უკრაინის ხელისუფლება ერიდება მძიმე საბრძოლო ტექნიკის, არტილერიისა და საბრძოლო ავიაციის გამოყენებას (რასაც ჩრდილო კავკასიაში რუსი ფედერალები ყოველდღიურად აკეთებენ), რადგან ამას შეიძლება მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი მოჰყვეს.

სლავიანსკში პრორუსულად განწყობილი შეიარაღებული სეპარატისტები, რომელთა შორის ბევრია რუსეთის რეგულარული არმიის, უმთავრესად კი სადაზვერვო-დივერსიული დანაყოფების სამხედრო მოსამსახურე, ყირიმის სცენარს აგრძელებენ და სამოქალაქო პირებს ეფარებიან.

თუკი ამ დროს რომელიმე სამოქალაქო პირი დაიჭრება ან დაიღუპება, ამას რუსეთი მაშინვე უკრაინელი სამართალდამცავების მიერ მშვიდობიანი მოსახლეების დახვრეტად მონათლავს. ამ ყველაფრის გასახმაურებლად სლავიანსკში დიდი ხანია, მობილიზებულია რუსული ტელეკომპანიების გადამღები ჯგუფები.

აღდგომის შემდეგ განახლებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად უკრაინელმა სპეცრაზმელებმა შედარებით ადვილად მოახერხეს იმ უკანონო ბლოკ-პოსტების მოშლა, რომლებიც ქ. სლავიანსკისკენ მიმავალ გზებზე ჰქონდათ მოწყობილი პრორუს შეიარაღებულ სეპარატისტებს და ქალაქი ბლოკადაში მოაქციეს.

თუმცა ასევე იოლად ქალაქის ადმინისტრაციული შენობების გათავისუფლება ძნელი იქნება და შეიძლება კრემლის საიდუმლო გეგმა სწორედ ის არის, რომ უკრაინის სპეცდანიშნულების რაზმები ქალაქის ცენტრში შეიტყუონ და იქ გაუსწორდნენ.

შეიარაღებული სეპარატისტებისგან სლავიანსკის სწრაფად გათავისუფლება უკრაინის ხელისუფლების პრესტიჟის საქმეა, რადგან უფრო რთული იქნება მილიონიან დონეცკში უკრაინის კონსტიტუციის აღდგენა, მაგრამ თუკი სეპარატისტები და მათ უკან მდგომი მოსკოვი დაინახავენ, რომ უკრაინის სამართალდამცავებმა სლავიანსკში წარმატებას მიაღწიეს, მათ გაუჭირდებათ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონის სხვა ქალაქებში არეულობის შეტანა.

P.S. 25 აპრილს ქ. სლავიანსკთან დატყვევებული გერმანიის, დანიის, პოლონეთის, ბულგარეთისა და ჩეხეთის სამხედრო დამკვირვებლები პრორუსმა შეიარაღებულმა სეპარატისტებმა NATO-ს ჯაშუშებად გამოაცხადეს, რითაც კიდევ უფრო დაძაბეს ურთიერთობა დასავლეთსა და რუსეთს შორის.