ვინ და რა დაგვიცავს ჰაერიდან და ხმელეთიდან - კვირის პალიტრა

ვინ და რა დაგვიცავს ჰაერიდან და ხმელეთიდან

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ 1-ელ მაისს ვაშინგტონში ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებულ კონფერენციაზე იქ მყოფ მაღალი რანგის პოლიტიკურ ფიგურებს მიმართა, რომ საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება საჰაერო თავდაცვისა და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების მიწოდება, რადგან რუსეთიდან მომდინარე საფრთხე რეალურია.

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის განახლების საშიშროება მართლაც დიდია, მაგრამ რამდენად რეალურია, რომ NATO საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს მოგვაწვდის?

ძალიან გვინდა, ვცდებოდეთ, მაგრამ NATO-ს ნაჩუქარი რაკეტების იმედი საქართველოს არ უნდა ჰქონდეს ბევრი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო, თუნდაც იმიტომ, რომ ევროპის ქვეყნების ლიდერები კვლავინდებურად უფრთხიან პუტინის განრისხებას.

ერთადერთი გზა საქართველოს გასაძლიერებლად არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის (როგორც ორივე ქვეყნის ხელისუფალთ არაერთხელ განუცხადებიათ) - აშშ-ის სწრაფი დახმარება - საბედნიეროდ, მას არ დასჭირდება NATO-ს დანარჩენ 27 წევრ ქვეყანასთან შეთანხმების ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ 2012 წლის დასაწყისში მიღწეული იქნა შეთანხმება ორ ქვეყანას შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ, დღემდე ქართულ არმიას აშშ-ისგან საჰაერო თავდაცვისა და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება არ მიუღია.

აქამდე ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია, რომელიც კრემლთან "გადატვირთვის" პოლიტიკურ თამაშში იყო ჩაბმული, ერიდებოდა პუტინის გაღიზიანებას, თუმცა "გადატვირთვის" პროცესი სამარცხვინოდ ჩაიშალა - უკრაინის მიმართ მოსკოვის დამპყრობლურმა პოლიტიკამ დასავლეთი და რუსეთი ერთმანეთს კვლავ უკიდურესად დაუპირისპირა.

დღეს სრულიად ლოგიკური და გამართლებული იქნება, თუკი აშშ თავის სტრატეგიულ პარტნიორს - საქართველოს თავდაცვითი (ხაზს ვუსვამთ - თავდაცვითი და არა - შემტევი) დანიშნულების შეიარაღებას მიაწვდის.

სიმართლე რომ ითქვას, უფრო გამართლებული არა შეიარაღების მოწოდება (რომლის სწორად და ეფექტურად გამოსაყენებლად აუცილებელი იქნება ქართველი სამხედროების სპეციალური მომზადება, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს), არამედ საქართველოში იმ ამერიკელ პროფესიონალთა საბრძოლო დანაყოფების გადმოსროლა იქნება, რომლებიც ქართველ კოლეგებს საზენიტო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მოხმარებას შეასწავლიან.

რა სახის შეიარაღება დაიცავს ქართულ ჰაერს,  მიწას და წყალს?!

გთავაზობთ ჩვენს ვერსიას:

მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის მწყობრიდან გამოსაყვანად და შესაჩერებლად გამოიყენება როგორც საინჟინრო საშუალებები (თხრილები, ტანკსაწინააღმდეგო "ზღარბები", ნაღმები), ისე კუმულაციურქობინიანი ჯავშანგამტანი რაკეტები.

აშშ-ს შეუძლია, ქართულ არმიას მიაწოდოს ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსები, მაგალითად,  TOW-2A, რომელთაც 850-900მმ სისქის ჰომოგენური ჯავშნის გახვრეტა შეუძლია, თუმცა უფრო უპრიანი იქნებოდა თანამედროვე მესამე თაობის Javelin-ების მიღება. "ჯაველინის" ათვისება ძალიან იოლია, რადგან მოქმედებს პრინციპით "გაისროლე-დაივიწყე" ანუ გასროლის შემდეგ მართვა აღარ სჭირდება - თვითდამიზნების სისტემის გამოყენებით ტანკს ზემოდან უტევს (ტანკების ზედა ნაწილი ყველაზე ნაკლებად არის შეჯავშნული) და ტანკის დინამიკური დაცვის ელემენტის აფეთქების შემდეგ 700 მმ სისქის ჯავშანს ხვრეტს, რაც ნებისმიერი რუსული T-90C-ის და T-72-ის აფეთქების გარანტიას იძლევა, რომ აღარაფერი ვთქვათ ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და ჯავშანტრანსპორტიორებზე.

საჰაერო თავდაცვაში დახმარება უნდა გულისხმობდეს პირველ რიგში საჰაერო სივრცის კონტროლსა (რადიოლოკატორები) და რა თქმა უნდა, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს. საჰაერო სივრცის ეშელონირებული დაცვისთვის საჭიროა რამდენიმე ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა, რომლებიც სხვადასხვა სიმაღლეზე მოქმედებს. მაგალითად, სითბური დამიზნების გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Stinger-იდან საჰაერო მიზნის დაზიანება მხოლოდ 3,8კმ სიმაღლემდე თუ შეიძლება. უფრო მაღლა და უფრო შორს მოქმედებს საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot-ი, რომელიც 100 კმ რადიუსში 25კმ სიმაღლემდე მფრენ ობიექტს ანადგურებს.

"სტინგერებისა" და "პეტრიოტების" დუეტი, გამაგრებული ფაზირებულანტენიანი რადიოლოკატორებით, რომლებსაც ამერიკელი სპეციალისტები მოემსახურებოდნენ, საიმედოდ ჩაკეტავდა ქართულ ცას.

აშშ-იდან საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად შეიარაღების შესაძლო მოწოდების შესახებ ამ სტატიის ავტორს 22 წლის განმავლობაში, არაერთი სტატია დაუწერია, თუმცა ჩრდილო ამერიკის კონტინენტიდან დღემდე დახმარებად მხოლოდ "შეშფოთებასა და აღშფოთებას" ვიღებთ და დიდი იმედი არც მომავლისთვის გვაქვს...