NATO რუსეთთან აძლიერებს საზღვარს, საქართველო კი... ავღანეთის საზღვარს ამაგრებს - კვირის პალიტრა

NATO რუსეთთან აძლიერებს საზღვარს, საქართველო კი... ავღანეთის საზღვარს ამაგრებს

სად არის ლოგიკა?

რუსეთმა უკვე დაიპყრო ყირიმის ნახევარკუნძული და შეიძლება დღე-დღეზე უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილშიც შეიჭრას. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა, მართალია, დაგვიანებით, მაგრამ მაინც დაიწყო საბრძოლო დანაყოფებისა და ტექნიკის გადასროლა რუსეთის საზღვრის სიახლოვეს.

ცივი ომის დროს NATO-ს საბჭოთა კავშირთან უშუალო საზღვარი ორ მონაკვეთზე (თურქეთი-საქართველო და თურქეთი-სომხეთი) ჰქონდა. დღესაც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს რუსეთთთან საზღვარი ორ ადგილას აქვს - ლატვიასა და ესტონეთში, თუმცა რუსეთის ფედერაციის ანკლავს - კალინინგრადის ოლქს (რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული რეგიონია) ერთდროულად ესაზღვრება NATO-ს ორი წევრი ქვეყანა - პოლონეთი და ლიტვა.

სწორედ ამ საერთო საზღვრების სიახლოვეს NATO-მ დაიწყო სამხედრო შენაერთებისა და საბრძოლო ტექნიკის გადასროლა. ლიტვაში 4-ჯერ გაიზარდა ალიანსის წევრი იმ ქვეყნების გამანადგურებელი თვითმფრინავების რაოდენობა, რომლებსაც ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო თავდაცვა ევალებათ. პოლონეთში განთავსდება აშშ-ის საარმიო შენაერთები, რომლებიც ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით დამატებით იქნება აღჭურვილი.

ბალტიის ზღვაში გაიზარდა NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების საბრძოლო ხომალდების რიცხვი. ისინი უშუალოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის ტერიტორიულ წყლებში იდრეიფებენ.

მართალია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთით გაძლიერების მასშტაბი არცთუ შთამბეჭდავია, მაგრამ ფაქტია, რომ NATO-მ ბოლოს და ბოლოს, გამოიღვიძა და რეალურად შეაფასა რუსეთიდან წამოსული სამხედრო-პოლიტიკური საფრთხე.

ყოველივე ამის ფონზე გაუგებარია, რატომ არ ფიქრობს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ქვეყნის საზღვრების (როგორც სახელმწიფო, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების) გაძლიერებაზე.

როდესაც NATO-ს ვთხოვთ, მოგვაწოდოს საჰაერო თავდაცვისა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი რუსეთის შესაძლო აგრესიისგან თავდასაცავად, რატომ არავინ ფიქრობს, ავღანეთიდან დროულად დავაბრუნოთ ქართული სამხედრო კონტინგენტის ძირითადი ნაწილი?

მოგვცემენ თუ არა თავდასაცავად იარაღს,  NATO-ს გადასაწყვეტია. მაგრამ ქართველი ქვეითების სამშობლოში დაბრუნების პროცესის დაჩქარება ხომ მაინც უნდა შეეძლოს საქართველოს ხელისუფლებას?

ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ISAF-ის მისია 2014 წლის ბოლომდე დამთავრდება, საქართველოს არა აქვს უფლება, ქვეყნისგან მოშორებით ამდენ ხანს დატოვოს თავისი შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი, რადგან რუსული აგრესიის განახლების საფრთხე ძალიან დიდია.

არაერთხელ დაგვიწერია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის წინ ორი ათასამდე ქართველი სამხედროს ერაყში ყოფნა დიდი შეცდომა იყო და ამის მძიმე შედეგი მოიმკო ქვეყანამ. ახლაც იმავე შეცდომას ვუშვებთ - ავღანეთსა და მალე, ალბათ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშიც, ის მებრძოლები გვეყოლება გაგზავნილი, ვინც ასე სჭირდება საქართველოს თავდაცვის გაძლიერებას!

ნუთუ ასე უჭირს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, შეაჩეროს თავის დროზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ პოლიტიკური მოსაზრებით მიღებული გაუმართლებელი გადაწყვეტილება ავღანეთში ქართული სამხედრო კონტინგენტის 1600-ს კაცამდე გაზრდის შესახებ? თუ ისევ NAთO-სა და ვაშინგტონის განაწყენებას ვერიდებით, რომლებიც უკვე ამცირებენ თავიანთ სამხედრო კონტინგენტს ავღანეთში?!

საქართველომ, 2009 წლის შემოდგომიდან მოყოლებული, ISAF-ის მისიაში თავისი ვალი პირნათლად მოიხადა და ახლა ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის დასაცავად ჩვენი სამხედროების გაგზავნას აჯობებს, საქართველოს საზღვრების გამაგრებაზე ვიზრუნოთ...