უკრაინა: ადგილობრივი ბრძოლები დიდი ომის დაწყების მოლოდინში - კვირის პალიტრა

უკრაინა: ადგილობრივი ბრძოლები დიდი ომის დაწყების მოლოდინში

9 მაისამდე გადაწყდება, შეუტევს თუ არა ღიად რუსეთის არმია უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონს...

გასულ კვირას კიდევ უფრო დაიძაბა სიტუაცია უკრაინის აღმოსავლეთით, რასაც დაემატა ქვეყნის სამხრეთით, ოდესაში მომხდარი ტრაგედია.

"კვირის პალიტრის" წინა ნომერში სტატიაში "დნესტრისპირეთიდან ოდესას დაარტყამენ?" - გამოვთქვამდით ვარაუდს, რომ დაპირისპირების ეპიცენტრს უკრაინის აღმოსავლეთიდან შეიძლება სამხრეთით, ოდესაში გადაენაცვლა, რისთვისაც ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში რუსეთიდან თვითაღიარებულ დნესტრისპირეთში თვითმფრინავებით 700-მდე რუსი სპეცრაზმელი გადაისროლეს.

2 მაისს ოდესის ცენტრში სეპარატისტებსა და უკრაინის ერთობის მომხრეთა დაპირისპირების შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა და 214 დაშავდა. უკრაინის სპეცსამსახურები არ გამორიცხავენ, რომ ოდესის ქუჩებში სეპარატისტების რიგებში სწორედ ის გადაცმული რუსი სპეცრაზმელები აქტიურობდნენ, რომლებმაც სამოქალაქო ტანსაცმლით დაუბრკოლებლად შეაღწიეს დნესტრისპირეთიდან ოდესაში.

ოდესაში სისხლიანი არეულობა რუსეთის სპეცსამსახურებს აძლევს ხელს - ამით ისინი შეძლებენ, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონიდან უკრაინელი სამართალდამცავების ნაწილი მაინც გამოიყვანონ.

უკრაინის აღმოსავლეთით, დონეცკის ოლქში, ქალაქების - სლავიანსკისა და კრამატორსკის მიდამოებში 2 მაისიდან განახლდა ანტიტერორისტული ოპერაცია, თუმცა პირველივე საათებში პრორუსულმა შეიარაღებულმა სეპარატისტებმა ორი უკრაინული Ми-24 ტიპის საბრძოლო შვეულმფრენის ჩამოგდება შეძლეს, რასაც ორი პილოტის დაღუპვა და ეკიპაჟის რამდენიმე წევრის დაჭრა მოჰყვა.

უკრაინული საბრძოლო შვეულმფრენების ჩამოსაგდებად გამოიყენეს სითბური დამიზნების გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები (სავარაუდოდ, Игла-ს ტიპის მოდერნიზებული ვარიანტები), რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სეპარატისტებს სწორედ რუსეთიდან ამარაგებენ.

ანტიტერორისტული ოპერაციის ხელმძღვანელობა არ იყენებს მძიმე სახმელეთო ტექნიკას - ტანკებსა და საარტილერიო დანადგარებს, რათა დასახლებულ პუნქტებში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი აირიდოს, ამით კი სარგებლობენ შეიარაღებული სეპარატისტები და სწრაფად გადაჯგუფდებიან, რაც მათთან ბრძოლას აძნელებს.

დონეცკის ოლქში ანტიტერორისტული ოპერაციის განახლება და ოდესაში მომხდარი ტრაგედია, როგორც მოსალოდნელი იყო, კრემლმა ოფიციალური კიევის გასაკრიტიკებლად გამოიყენა და გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, პრეზიდენტი პუტინი ყოველ საათს ოპერატიულად ეცნობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და ანალიზის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას, შეიყვანოს თუ არა რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე.

3 მაისისთვის, როდესაც ეს სტატია იწერება, რუსეთის ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, გადაკვეთს თუ არა უკრაინის საზღვარს, თუმცა 9 მაისამდე, როდესაც მოსკოვში, წითელ მოედანზე, გრანდიოზული სამხედრო აღლუმი უნდა ჩატარდეს, სავარაუდოდ, უკვე გარკვეული იქნება - უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ადგილობრივი შეტაკებები გაგრძელდება თუ მეზობელი ქვეყნის არმიის შეჭრის შემდეგ რუსეთ-უკრაინის დიდი ომი დაიწყება...