უკრაინა: ადგილობრივი ბრძოლები დიდი ომის დაწყების მოლოდინში
05-05-2014
უკრაინა: ადგილობრივი ბრძოლები დიდი ომის დაწყების მოლოდინში
9 მაისამდე გადაწყდება, შეუტევს თუ არა ღიად რუსეთის არმია უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონს...

გასულ კვირას კიდევ უფრო დაიძაბა სიტუაცია უკრაინის აღმოსავლეთით, რასაც დაემატა ქვეყნის სამხრეთით, ოდესაში მომხდარი ტრაგედია.


"კვირის პალიტრის" წინა ნომერში სტატიაში "დნესტრისპირეთიდან ოდესას დაარტყამენ?" - გამოვთქვამდით ვარაუდს, რომ დაპირისპირების ეპიცენტრს უკრაინის აღმოსავლეთიდან შეიძლება სამხრეთით, ოდესაში გადაენაცვლა, რისთვისაც ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში რუსეთიდან თვითაღიარებულ დნესტრისპირეთში თვითმფრინავებით 700-მდე რუსი სპეცრაზმელი გადაისროლეს.

2 მაისს ოდესის ცენტრში სეპარატისტებსა და უკრაინის ერთობის მომხრეთა
დაპირისპირების შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა და 214 დაშავდა. უკრაინის სპეცსამსახურები არ გამორიცხავენ, რომ ოდესის ქუჩებში სეპარატისტების რიგებში სწორედ ის გადაცმული რუსი სპეცრაზმელები აქტიურობდნენ, რომლებმაც სამოქალაქო ტანსაცმლით დაუბრკოლებლად შეაღწიეს დნესტრისპირეთიდან ოდესაში.

ოდესაში სისხლიანი არეულობა რუსეთის სპეცსამსახურებს აძლევს ხელს - ამით ისინი შეძლებენ, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონიდან უკრაინელი
სამართალდამცავების ნაწილი მაინც გამოიყვანონ.
უკრაინის აღმოსავლეთით, დონეცკის ოლქში, ქალაქების - სლავიანსკისა და კრამატორსკის მიდამოებში 2 მაისიდან განახლდა ანტიტერორისტული ოპერაცია, თუმცა პირველივე საათებში პრორუსულმა შეიარაღებულმა სეპარატისტებმა ორი უკრაინული Ми-24 ტიპის საბრძოლო შვეულმფრენის ჩამოგდება შეძლეს, რასაც ორი პილოტის დაღუპვა და ეკიპაჟის რამდენიმე წევრის დაჭრა მოჰყვა.

უკრაინული საბრძოლო შვეულმფრენების ჩამოსაგდებად გამოიყენეს სითბური დამიზნების გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები (სავარაუდოდ, Игла-ს ტიპის მოდერნიზებული ვარიანტები), რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სეპარატისტებს სწორედ რუსეთიდან ამარაგებენ.

ანტიტერორისტული ოპერაციის ხელმძღვანელობა არ იყენებს მძიმე სახმელეთო ტექნიკას - ტანკებსა და საარტილერიო დანადგარებს, რათა დასახლებულ პუნქტებში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი აირიდოს, ამით კი სარგებლობენ შეიარაღებული სეპარატისტები და სწრაფად გადაჯგუფდებიან, რაც მათთან ბრძოლას აძნელებს.
დონეცკის ოლქში ანტიტერორისტული ოპერაციის განახლება და ოდესაში მომხდარი ტრაგედია, როგორც მოსალოდნელი იყო, კრემლმა ოფიციალური კიევის გასაკრიტიკებლად გამოიყენა და გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, პრეზიდენტი პუტინი ყოველ საათს ოპერატიულად ეცნობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და ანალიზის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას, შეიყვანოს თუ არა რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე.
3 მაისისთვის, როდესაც ეს სტატია იწერება, რუსეთის ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, გადაკვეთს თუ არა უკრაინის საზღვარს, თუმცა 9 მაისამდე, როდესაც მოსკოვში, წითელ მოედანზე, გრანდიოზული სამხედრო აღლუმი უნდა ჩატარდეს, სავარაუდოდ, უკვე გარკვეული იქნება - უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ადგილობრივი შეტაკებები გაგრძელდება თუ მეზობელი ქვეყნის არმიის შეჭრის შემდეგ რუსეთ-უკრაინის დიდი ომი დაიწყება...
tamaz
12 მაისი 2014 17:52
gio
09 მაისი 2014 00:28

რა შუაშია აქ ბიძინა? ეგეთი რა ბოღმა გახჩობთ ნაცებს, რო ყველაფერში ამ სისულელეებს აკვეხებთ?
მინდია
11 მაისი 2014 13:44
შოდას

"დუმილი სისულელის ჭკუა არის"

იხელმძვანელე ჩვენი წინაპრების ამ სიბრძნით. შეიძლება მართლა ჭკვიანად ჩაგთვალოს ვინმემ.

xevsuri
09 მაისი 2014 12:15
შოდას ვეთანხმები. მეც ერთ ერთი მოტყუებული ჯარისკაცი ვარ და რო ვხვდები რა ბინძური პოლიტიკა მიდის ჩვენს გარშემო გული მერევა! ვისთვის და რისთვის მივდიოდი სიკვდილზე? ეს ხომ დიდი პოლიტიკაა და ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას ემსახურება?! რაც შეეხება ამ სტატიას. არ შეიძლება დასავლეთის მედიის ხელისბიჭივით იქცეოდეს ჩვენი მედია და სიმართლე არ უნდა დამალოს. რაც მოხდა ოდესის ცენტრში ეს იყო მემარჯვენე სეკტორის მიერ სისხლიანი კალის მოწყობა და ყველა დაღუპული რუსია! იქ არანაირი შეტაკება არ მომხდარა და მოეშვით ბინძურ პიარკამპანიას! ნახეთ კადრები სადაც ჩანს ეს ყველაფერი- დამწვარი ადამიანები რომლებსაც ხელები და სახე აქვთ დამწვარი რადგან სახეში ახამდნენ რაღაც ნივთიერებას და გაუპატიურებული ქალიც კი რომელიც ფეხმძიმე იყო! ვინც გარეთ გამოაღწია იქ ტყვიით უსწორდებოდნენ! ვერ ვიტან უსამართლობას და ნუ დავემსავსებით იმ რუს ჟურნალისტებს რომლებიც 2008 წლის მოვლენების გაშუქებისას ქართველებს ათას რამეს აბრალებდნენ! ქართველებმა უნდა ვისწავლოთ ანალიტიკური აზროვნება რო აღარ მოვტყუვდეთ და მივხვდეთ საიდან მოდის საშიშროება(საშიშროება ჩვენთვის ძალზე რეალურია და ამაზე არავინ საუბრობს). ფხიზლად უნდა ვიყოთ

რედაქტორის რჩევით