მაპ-ი კი არა, ტანკი თუ დაგვიცავს... - კვირის პალიტრა

მაპ-ი კი არა, ტანკი თუ დაგვიცავს...

ბრიტანელი მინისტრი საქართველოში თავდაცვითი სისტემების განთავსებას პრიორიტეტულად არ მიიჩნევს?!

"კვირის პალიტრის" წინა ნომერში, სტატიაში "ვინ და რა დაგვიცავს ჰაერიდან და ხმელეთიდან" გამოვთქვით ვარაუდი, რომ  NATO-ს წევრი ევროპული ქვეყნების სამხედრო დახმარების (საჰაერო თავდაცვისა და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით) იმედი მაინცდამაინც არ უნდა გვქონდეს და უფრო რეალურია, საქართველოს ასეთი მხარდაჭერა აღმოუჩინოს აშშ-მა, როგორც ძირითადმა მოკავშირემ და სტრატეგიულმა პარტნიორმა.

სამწუხაროდ, ჩვენი ვარაუდი განამტკიცა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა, რომელმაც პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვას - რამდენად რეალურია საქართველოში დასავლეთის თავდაცვითი სისტემების განთავსება? - უპასუხა:

- დარწმუნებული ვარ, არის კიდევ სხვა გზა, რომელიც მიგვიყვანს საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებამდე. ეს არის საერთაშორისო მშვიდობის გაძლიერება, რაც საქართველოსაც წაადგება. დეტალებს ვერ მოგახსენებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, NATO-ს მომავალი სამიტი, ალბათ, იქნება ხელშემწყობი იმისა, რომ საქართველომ წინ გადადგას ნაბიჯი.

როგორ უნდა ავხსნათ ბრიტანელი მინისტრის პასუხი? იქნებ, ასე: NATO-ს მომავალ სამიტზე, სექტემბერში, საქართველომ შეიძლება წინ წაიწიოს და  MAP-ი, იგივე "გაწევრების სამოქმედო გეგმა" მიიღოს. მაგრამ ეს საკმარისია, რომ მეზობელი რუსეთისგან ნაწილობრივ ოკუპირებულმა საქართველომ თავი უფრო დაცულად იგრძნოს?

სამწუხაროდ, არა! ჯერ ერთი, MAP-ის მინიჭება არ ნიშნავს, რომ  NATO-მ ამ ქვეყნის დასაცავად თავისი წესდების მე-5 პუნქტი აამოქმედოს, მეორეც - ის ქვეყნები, რომელთაც მაპ-ი მიიღეს, წლობით ელოდებიან  NATO-ს სრულუფლებიან წევრობას (არადა, სექტემბერში საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებაც ძალიან საეჭვოა).

უფრო მეტიც, NATO-ს შედარებით ახალი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც, პირველ რიგში კი - ესტონეთი, ლატვია და ლიტვა - ვერ გრძნობენ თავს დაცულად. ისინი უკვე 10 წელია, ალიანსის სრულუფლებიანი წევრები არიან, მაგრამ მათი სამივე არმია რომ შეაერთო, ვერც ბრძოლისუნარიანობით და ვერც შეიარაღებით ვერ გაუტოლდებიან საქართველოს სამხედრო ძალებს.

გასაგებია, რომ ისინი ძირითადად NATO-ს იმედად არიან, მაგრამ განვლილ 10 წელში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ერთი სამხედრო ბაზაც არ გაუხსნია მათ ტერიტორიაზე, ხოლო ოთხიოდე გამანადგურებელი, რომლებსაც NATO-ს წევრი ქვეყნები მონაცვლეობით გზავნიდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო სივრცის დასაცავად, სასაცილოდაც არ ეყოფათ რუსეთის დასავლეთი სამხედრო ოლქის სამხედრო პილოტებს.

NATO-მ გვიან გამოიღვიძა და მხოლოდ ახლა შეფუცხუნდა, როდესაც უკრაინის დაპყრობისა და ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის გაძლიერების საფრთხე იგრძნო.

ბალტიისპირეთში მორიგე გამანადგურებლების რიცხვი 12-მდე გაიზარდა, დაიწყო ერთობლივი სამხედრო წვრთნები, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია, რადგან საჭიროების შემთხვევაში NATO-ს ბალტიისპირეთში საჭირო რაოდენობის ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის გადასასროლად 3-5 დღე-ღამე მაინც დასჭირდება, რუსეთის არმიისთვის კი 2-3 დღე-ღამეც საკმარისია დასავლეთისა და სამხრეთის (კალინინგრადის ოლქი) მიმართულებიდან უსწრაფესი და წარმატებული შეტევა განახორციელოს ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნის დასაპყრობად.

დრო ყოველთვის მნიშვნელოვანია და მისი ფუჭად დაკარგვა არავის ეპატიება. აშშ-ისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების 7 მაისის ოფიციალური სამუშაო შეხვედრა პენტაგონში გვიტოვებს იმედის ნაპერწკალს, რომ ის ხელს შეუწყობს უმოკლეს ვადაში საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და არ დარჩება მხოლოდ ლამაზ დიპლომატიურ რიტუალად, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა...