მაპ-ი კი არა, ტანკი თუ დაგვიცავს...
12-05-2014
ბრიტანელი მინისტრი საქართველოში თავდაცვითი სისტემების განთავსებას პრიორიტეტულად არ მიიჩნევს?!

"კვირის პალიტრის" წინა ნომერში, სტატიაში "ვინ და რა დაგვიცავს ჰაერიდან და ხმელეთიდან" გამოვთქვით ვარაუდი, რომ  NATO-ს წევრი ევროპული ქვეყნების სამხედრო დახმარების (საჰაერო თავდაცვისა და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით) იმედი მაინცდამაინც არ უნდა გვქონდეს და უფრო რეალურია, საქართველოს ასეთი მხარდაჭერა აღმოუჩინოს აშშ-მა, როგორც ძირითადმა მოკავშირემ და სტრატეგიულმა პარტნიორმა.
სამწუხაროდ, ჩვენი ვარაუდი განამტკიცა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა, რომელმაც
პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვას - რამდენად რეალურია საქართველოში დასავლეთის თავდაცვითი სისტემების განთავსება? - უპასუხა:

- დარწმუნებული ვარ, არის კიდევ სხვა გზა, რომელიც მიგვიყვანს საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებამდე. ეს არის საერთაშორისო მშვიდობის გაძლიერება, რაც საქართველოსაც წაადგება. დეტალებს ვერ მოგახსენებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, NATO-ს მომავალი სამიტი, ალბათ, იქნება
ხელშემწყობი იმისა, რომ საქართველომ წინ გადადგას ნაბიჯი.

როგორ უნდა ავხსნათ ბრიტანელი მინისტრის პასუხი? იქნებ, ასე: NATO-ს მომავალ სამიტზე, სექტემბერში, საქართველომ შეიძლება წინ წაიწიოს და  MAP-ი, იგივე "გაწევრების სამოქმედო გეგმა" მიიღოს. მაგრამ ეს საკმარისია, რომ მეზობელი რუსეთისგან ნაწილობრივ ოკუპირებულმა საქართველომ თავი უფრო დაცულად იგრძნოს?
სამწუხაროდ, არა! ჯერ ერთი, MAP-ის მინიჭება არ ნიშნავს, რომ  NATO-მ ამ ქვეყნის დასაცავად თავისი წესდების მე-5 პუნქტი აამოქმედოს, მეორეც - ის ქვეყნები, რომელთაც მაპ-ი მიიღეს, წლობით ელოდებიან  NATO-ს სრულუფლებიან წევრობას (არადა, სექტემბერში საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებაც ძალიან საეჭვოა).

უფრო მეტიც, NATO-ს შედარებით ახალი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც, პირველ რიგში კი - ესტონეთი, ლატვია და ლიტვა - ვერ გრძნობენ თავს დაცულად. ისინი უკვე 10 წელია, ალიანსის სრულუფლებიანი წევრები არიან, მაგრამ მათი სამივე არმია რომ შეაერთო, ვერც ბრძოლისუნარიანობით და ვერც შეიარაღებით ვერ გაუტოლდებიან საქართველოს სამხედრო ძალებს.

გასაგებია, რომ ისინი ძირითადად NATO-ს იმედად არიან, მაგრამ განვლილ 10 წელში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ერთი სამხედრო ბაზაც არ გაუხსნია მათ ტერიტორიაზე, ხოლო ოთხიოდე გამანადგურებელი, რომლებსაც NATO-ს წევრი ქვეყნები მონაცვლეობით გზავნიდნენ ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო სივრცის დასაცავად, სასაცილოდაც არ ეყოფათ რუსეთის დასავლეთი სამხედრო ოლქის სამხედრო პილოტებს.
NATO-მ გვიან გამოიღვიძა და მხოლოდ ახლა შეფუცხუნდა, როდესაც უკრაინის დაპყრობისა და ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის გაძლიერების საფრთხე იგრძნო.
ბალტიისპირეთში მორიგე გამანადგურებლების რიცხვი 12-მდე გაიზარდა, დაიწყო ერთობლივი სამხედრო წვრთნები, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია, რადგან საჭიროების შემთხვევაში NATO-ს ბალტიისპირეთში საჭირო რაოდენობის ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის გადასასროლად 3-5 დღე-ღამე მაინც დასჭირდება, რუსეთის არმიისთვის კი 2-3 დღე-ღამეც საკმარისია დასავლეთისა და სამხრეთის (კალინინგრადის ოლქი) მიმართულებიდან უსწრაფესი და წარმატებული შეტევა განახორციელოს ბალტიისპირეთის სამივე ქვეყნის დასაპყრობად.

დრო ყოველთვის მნიშვნელოვანია და მისი ფუჭად დაკარგვა არავის ეპატიება. აშშ-ისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების 7 მაისის ოფიციალური სამუშაო შეხვედრა პენტაგონში გვიტოვებს იმედის ნაპერწკალს, რომ ის ხელს შეუწყობს უმოკლეს ვადაში საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და არ დარჩება მხოლოდ ლამაზ დიპლომატიურ რიტუალად, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა...
saSa
14 ივნისი 2014 10:16
ჩვენს გასაკეთებელს არავინ სხვა არ გააკეთებს მითუმეტეს უცხო ქვეყნები. ამიტომ უნდა გამონახოს სახსრები და შეიზინოსსაჰაერო თავდაცვის საშუალება. სომხებმა აზერებმა იმდენი თანამედროვე იარაღი იყიდეს ჩვენ 30% იც არ გვაქვს.პირველ რიგში ამ ქვეყნებითვე გვემუქრება საშიშროება არ გეგონოთ ძმები არიანო გვატყუებენ.
Tremor
28 მაისი 2014 08:39
უნდა ნახოთ ამ მშვიდობის ელჩების სახეები გამოსვლისას, თითქოს სათნოების ეტალონები არიან. ყველას დაზუთხული ტექსტები აქვს და ერთსა და იმავეს იმეორებენ. პოლიტიკოსები არიან ვირთხები. ათასი წელი ჩვენ არავინ არ გადაგვეფარება და ერთადერთი ამ პლასტმასის-კვერცხიანებს რაც შეუძლიათ არის ნორმალური ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები "მოგვიხერხონ" ნორმალურ ფასად. არასოდეს ვყოფილვარ არც ნატოს იმედზე და არც ამერიკის.
v
19 მაისი 2014 17:03
სამწუხაროდ ისტორია მეორდება - ევროპა კვლავ რუსეთს შეგვატოვებს!
რაღას გვაგულიანებდნენ, თუ რეალურად დახმარებას არ აპირებდნენ. ამას მეგობრის აგდება და მერე გადაგდება, გასაჭირსი მიტოვება ჰქვია. როგორც სსრკ დროს ვიცოდით რომ ჩვენი პატრონი არავინაა, ეს მაინც გვეცოდინებოდა და მიწის 20% არ დავკარგავდით!
ნეტა ვცდებოდე!

რედაქტორის რჩევით