ოკუპირებული აფხაზეთი და ყირიმი შავი ზღვის გასაკონტროლებლად...
12-05-2014
ოკუპირებული აფხაზეთი და ყირიმი შავი ზღვის გასაკონტროლებლად...
ცხინვალისა და განსაკუთრებით აფხაზეთის ოკუპაციით რუსეთმა დარტყმა არა მარტო საქართველოს, არამედ თვით NATO-საც მიაყენა, რის შესახებაც ჩვენ რამდენიმე წლის წინ ვწერდით.

ოკუპირებულ აფხაზეთში, მათ შორის - გალის რაიონში, თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემების C-300-ებისა და მძლავრი რადიოლოკაციური საშუალებების განთავსებით მოსკოვს შეუძლია გააკონტროლოს შავი ზღვის აკვატორიის აღმოსავლეთი ნაწილი სანაპიროდან 200-300კმ-ის ფარგლებში,  NATO-ს წევრი თურქეთის ტერიტორიაც კი. ოკუპირებული გალის რაიონის სანაპიროზე სანაპირო დაცვის სარაკეტო კომპლექსების "ბასტიონების" განთავსების შემთხვევაში (რომელთა გადასროლას რუსეთის ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში
ორიოდე დღე სჭირდება) მოსკოვს ასევე შეეძლება, ნაპირიდან მაქსიმუმ 300 კმ-მანძილზე დააზიანოს მოწინააღმდეგის ყველა წყალზედა საბრძოლო ხომალდი.

გუდაუთის ბომბორას აეროდრომი კი შეიძლება გამოდგეს იქ შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენების Ту-22М3-ების განსათავსებლად, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთიდან არა მარტო მთელი შავი ზღვის გაკონტროლებას შეძლებენ, არამედ თეორიულად ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინასაც მისწვდებიან...

სწორედ
ასეთივე მდგომარეობაა დღეს ყირიმშიც. მეტიც - ყირიმის ნახევარკუნძულს "ცივი ომის" დროიდან "ჩაუძირავ ავიამზიდს" ეძახდნენ, რადგან იქ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უძლიერესი სამხედრო დაჯგუფება იყო დისლოცირებული შავი ზღვის ფლოტის, შორსმფრენი ბომბდამშენებისა და საზენიტო სისტემების სახით.

ყირიმის ოკუპაციის შემდეგ მოსკოვმა ნახევარკუნძულზე თანამედროვე საბრძოლო ტექნიკის გადასროლა დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა 2020 წლამდე ყირიმის ნახევარკუნძულზე განთავსებული სამხედრო დაჯგუფების სრული გადაიარაღების გენერალური გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ყირიმში ერთი-ორი საჰაერო-სადესანტო, ორი-სამი მოტომსროლელი და ერთი სატანკო ბრიგადის დისლოცირებას. გარდა ამისა, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში შევა საზღვაო ქვეითთა რამდენიმე და სანაპირო დაცვის ერთი ბრიგადაც.

მოსკოვი აპირებს, შავ ზღვაში შემოიყვანოს ექვსი ახალი თანამედროვე სადარაჯო ხომალდი და ამდენივე დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავი "ვარშავიანკა", რომელთაც კალინინგრადის გემთმშენებელ ქარხანაში აგებენ. რუსებს იმედი აქვთ, რომ მომავალ წელს შავ ზღვაში გამოჩნდება "მისტრალის" ტიპის უნივერსალური სადესანტო ხომალდი "სევასტოპოლიც", რომლის მშენებლობა, მიუხედავად უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა, ფრანგულ მხარეს არ შეუჩერებია.

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ მოსკოვი აპირებს, ყირიმში დააბრუნოს Ту-22М3 ტიპის (სწორედ ისეთი, როგორიც აგვისტოს ომის დროს ჩვენ ჩამოვაგდეთ) შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენების პოლკი, რის შემდეგაც რუსეთი მთლიანად გააკონტროლებს შავ ზღვას და მუდმივი თავდასხმის შიშით აცხოვრებს შავიზღვისპირა NATO-ს წევრ ქვეყნებს - თურქეთს, ბულგარეთს, რუმინეთს და იქ განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებსაც...
ნაირა ავალიანი
22 მაისი 2014 11:42
ვეთანხმები ბატონ ბესოს, რუსეთი ამჟამად სრულიად აკონტროლებს შავი ზღვის ტერიტორიას.ყირიმის ოკუპაციით, მისი სამხედრო უპირატესობები მაქსიმუმამდე გაიზარდა. როგორც ჩანს ეს სწორად ვერ გათვალეს დასავლეთში და შედეგი სახეზეა!
მიხარია, რომ გვყავს თქვენნაირი საქმეში კარგად ჩახედული და მოაზროვნე ქართველები!
beso
20 მაისი 2014 20:42
ირაკლი ალადაშვილმა წესით უნდა იცოდეს, რომ რუსეთი მხრიდან სახმელოთო შეიარაღებით 600 კილომეტრამდე წარმოებს საზღვაო აკვატორიის კონტროლი. ყირიმის ტერიტორია და აფხაზეტის სანაპირო ზოლი რუსეთს აძლევს შესაძლებლობას სრულად აწარმოონ კონტროლი შავ ზღვაზე. ყირიმით რუსეთმა სრულიად აღმოფხვრა ის სისუსტე, რაც მათ გააჩნდა შავ ზღვაზე სამხედრო თვალსაზრისით და მისი აღმოფხვრა შესაძლებელი იყო დაახლოებით 30-50 მილიარდი დანახარჯით, თან წლების განმავლობაში, რადგან დღეისათვის რუსეთს ამი არც სიმძლავრეები და არც ფინანსები გააჩნიათ. დასავლეთმა აშკარად ბევრი რამ ვერ გათვალა და დიდი საჩუქარი მიართვა რუსეთს. ეს დასავლეთის პოლიტიკური აზროვნების დეფიციტად შეიძლება ჩაითვალოს! ისინი სრულიად მოუმზადებელნი აღმოჩნდნენ და სამხედრო პოლიტიკური უპირატესობა მისცეს იქ, სადაც რუსეთს დეფიციტი გააჩნდა.
455
16 მაისი 2014 12:59
რაც გაუჭირდება რუსეთს მით უფრო საშიშია.

რედაქტორის რჩევით