პუტინი შეჩერებას არ აპირებს... - კვირის პალიტრა

პუტინი შეჩერებას არ აპირებს...

კიევის ანტიტერორისტული ოპერაცია კვლავ არაეფექტურია და პრორუსი სეპარატისტ-დივერსანტები ჯერჯერობით რუსეთის რეგულარული არმიის დახმარების გარეშეც "იპყრობენ" აღმოსავლეთ უკრაინას

9 მაისი რუსეთმა მთელი მსოფლიოს დაცინვის დღედ აქცია! დილით პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამხედრო აღლუმი ჯერ მოსკოვში, წითელ მოედანზე მიიღო, საღამოს კი ოკუპირებულ ყირიმში ჩაფრინდა და სევასტოპოლის ყურეში შავი ზღვის ფლოტის ხომალდებს შემოუარა.

პუტინი შეჩერებას არ აპირებს და როგორც ჩანს, სურს, ბოლომდე მიიყვანოს თავისი ჩანაფიქრი. საქმე შეიძლება უკრაინის სრული ანექსიით არ დამთავრდეს - გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ბულგარეთის პრეზიდენტმა ღიად, ყველას გასაგონად განაცხადა - პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების შემდეგ ჩვენი, NAთO-ს წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჯერიც დადგებაო...

ჯერჯერობით ყველაფერი უკრაინაში წყდება, მათ შორის - რუსეთის უახლოესი მომავალიც. თუ პუტინი უკრაინაში თავის საწადელს მიაღწევს, ცხადია, მერე უფრო მეტს მოინდომებს, ხოლო თუკი უკრაინაში ინსპირირებულ კრიზისზე კრემლი ფეხს წაიტეხს, პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციების პირისპირ დარჩენილი რუსეთის მომავალი არც ისე სახარბიელო უნდა იყოს.

უკრაინის ხელისუფლება ყოველდღიურად ელოდება, რომ რუსეთის რეგულარული არმია აღმოსავლეთიდან შეუტევს უკრაინას, თუმცა ჯერჯერობით კრემლი იმ სეპარატისტ-დივერსანტების ხარჯზეც იოლად გადის, რომლებიც დონეცკის, ლუგანსკისა და ხარკოვის ოლქებში ტერორისტულ აქტებს ახორციელებენ და თითქმის დაუსჯელნი რჩებიან, რადგან ერთი თვის წინ კიევის წამოწყებული ანტიტერორისტული ოპერაცია კვლავ არაეფექტურია. უკრაინელმა სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერორისტების ალაგმვა ისეთ პატარა ქალაქებშიც კი, როგორიც კრამატორსკი და სლავიანსკია, ამიტომაც უფრო დიდ დასახლებულ პუნქტებში - მარიუპოლსა და მით უმეტეს დონეცკში, მათ პრორუს სეპარატისტ-დივერსანტებზე გამარჯვების შანსი თითქმის არ აქვთ.

ცხადია, უკრაინელ სამართალდამცავებს არ ჰყოფნით არც გამბედაობა, არც - ძალა. ერთ-ერთი გამოსავალი ანტიტერორისტულ ოპერაციაში უკრაინის საარმიო დანაყოფების ჩართვა იქნებოდა, რადგან ისინი გამოიყენებდნენ ტანკებს, არტილერიასა და ავიაციას.

თუმცა ეს უკვე სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყებას ნიშნავს, რაც კრემლისთვის საუკეთესო საბაბი იქნება უკრაინაში თავისი არმიის შესაყვანად, თანაც - "სამშვიდობო მისიით", რასაც აღმოსავლეთ უკრაინაში დაწყებული "ჰუმანიტარული კატასტროფის" შეჩერების აუცილებლობით გაამართლებს.

პუტინი 8 მაისს მოსკოვში ОДКБ-ს (კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ორგანიზაცია) წევრი ქვეყნების - სომხეთის, ბელორუსიის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის - პრეზიდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე, სავარაუდოდ, განიხილეს საკითხი უკრაინის აღმოსავლეთით  ОДКБ-ს ორგანიზაციის ეგიდით "სამშვიდობო მისიის" დაწყების შესაძლებლობის თაობაზე.

თუ ეს მართლაც ასე მოხდა, თამამად შეგვეძლება ვთქვათ, რომ ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დღევანდელმა პრეზიდენტებმა პუტინთან ერთად განახორციელეს სუვერენული უკრაინის ოკუპაცია...

P.S. რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო კომისარიატები მასობრივად იძახებენ თადარიგის იმ სამხედროებს, რომლებიც ადრე ГРУ-ს (რუსეთის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველო) საბრძოლო დანაყოფებში მსახურობდნენ და მათ მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას სთავაზობენ. მათ შორის არცთუ ცოტა ის ჩეჩენია, ვინც კადიროვის რეჟიმს უჭერს მხარს და თავის დროზე საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა.