კრემლი უკრაინას პრეზიდენტს არ აარჩევინებს?
19-05-2014
კრემლი უკრაინას პრეზიდენტს არ აარჩევინებს?
უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სიტუაცია ისევ დაძაბულია. იქ, ფაქტობრივად, პარტიზანული ომი გრძელდება, თუმცა უკრაინელი სამართალდამცავების მიერ ჯერ კიდევ 15 აპრილს დაწყებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას ჯერჯერობით შედეგი არ მოუტანია.

ეს კვირა გადამწყვეტი იქნება უკრაინის მომავლისათვის, რადგან 25 მაისს პრეზიდენტის არჩევნებია დანიშნული.
ეს საპრეზიდენტო არჩევნები ერთადერთი საშუალებაა, რომ უკრაინელი პოლიტიკური ლიდერები, რომლებმაც მაიდნის აქციებით ექსპრეზიდენტი იანუკოვიჩი გააქციეს, ლეგიტიმურ მმართველებად იქცნენ.
თუკი უკრაინაში 25 მაისს საპრეზიდენტო არჩევნები ჩაიშლება, ეს მოსკოვს საშუალებას მისცემს, უკანონოდ გამოაცხადოს უკრაინის
დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის - ტურჩინოვის მეთაურობით.

ამიტომაც, ცხადია, კრემლს ხელს აძლევს 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლა. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, სადაც სიტუაციას პრორუსი სეპარატისტ-ტერორისტები აკონტროლებენ, საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც ჩანს, ისედაც არ ჩატარდება. რუსეთის ხელისუფლებას, ალბათ, სურს, უკრაინის პრეზიდენტის არჩევნები ამ ქვეყნის
რაც შეიძლება მეტ ოლქში ჩაიშალოს, რისთვისაც რუსეთის სპეცსამსახურები აქტიურად მუშაობენ, განსაკუთრებით - ოდესის ოლქში.

უკრაინა შეიძლება ლეგიტიმური პრეზიდენტის გარეშე დარჩეს და ამ საშიშროებას დასავლეთშიც კარგად გრძნობენ, რის გამოც აშშ-მა გააფრთხილა რუსეთის ხელისუფლება, რომ თუკი მოსკოვი თუნდაც ირიბად ხელს შეუშლის უკრაინის პრეზიდენტის არჩევას, დასავლეთი რუსეთის მიმართ პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციების მესამე, ყველა მკაცრ ეტაპს დაიწყებს.

მაგრამ შეუშინდება კი კრემლი თეთრი სახლის ამ მუქარას? ჯერჯერობით პრეზიდენტი პუტინი კვლავ აგრძელებს უკრაინის დაშანტაჟების სახიფათო პოლიტიკას. სწორედ 25 მაისს, როდესაც უკრაინელები პრეზიდენტს ირჩევენ, უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან, ვორონეჟის ოლქში, სამხედრო პოლიგონზე რუსეთი სამხედრო-საჰაერო ძალების 71 საბრძოლო თვითმფრინავისა და შვეულმფრენის სწავლებას გეგმავს. რუსული ავიაციის ეკიპაჟებს არ გაუჭირდებათ, პოლიგონზე სასწავლო სროლების ნაცვლად ორასიოდე კმ-ის იქით, უკრაინის ტერიტორიაზე, რეალური სამიზნეები, მათ შორის - კრამატორსა და სლავიანსკთან ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე უკრაინის არმიისა და სამართალდამცავების პოზიციები დაბომბონ.

თუმცა, სანამ პრორუსი ექსტრემისტ-ტერორისტები მედგარ წინააღმდეგობას უწევენ უკრაინულ არმიას, მოსკოვი, სავარაუდოდ, არ იჩქარებს ლუგანსკსა და დონეცკში რუსული საარმიო დანაყოფების შეყვანას.
11 მაისის უკანონო რეფერენდუმი და მის შემდეგ არჩეული სეპარატისტული "დონეცკის სახალხო რესპუბლიკა" არავის უღიარებია, რუსეთსაც კი, მაგრამ 25 მაისს უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებს თითქმის მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდება, რადგან მისი ჩაშლის შემთხვევაში უკრაინის ტერიტორიულ ერთიანობასა და მომავალს უფრო დიდი საფრთხე დაემუქრება.
mzirali
20 მაისი 2014 23:39
ვფიქრობ რომ კიევმა უნდა დაიცკოს ზალისმიერ მეთოდებტან ერტად დიალოგი სეპარტისტებტან და ამვდროულად ეტაპებად გაწერილი რეფორმირება ქვეყნის რომელიც იგნება მისაგები ყველასტვის, მაგრამ არის კი ისეტი პიროვნება უკრაინის ისტებლისჰმენტში, რომელიც ამას გააკეტებს?
odabade
20 მაისი 2014 14:13
არჩევნები დე ფაქტო აღიარებს უკრაინის დაშლას. ხელოვნურად შექმნილი ქვეყანა, რომლის ტერიტორიული მთლიანობის გარანტი იყო რუსეთი, ვერ შეირგო ის სიკითე რაც ლანგრით მიართვეს რუსებმა. როგორც იყო გალიცია ავსტრო-უნგრეთის მოსამსახურე-ასეთივე მოსამსახურე გახდებიან უკრაინელები.
მინდია
19 მაისი 2014 14:02
ბატონ ალადაშვილს არ დავეთანხმები.

უკრაინელმა ძალოვნებმა მოცემულ ეტაპზე მოახერხეს სეპარატიზმის ლოკალიზება განსაზღვრულ ტერიტორიაზე, და ისინი არ ჩქარობენ აქტიური შეტევითი ხასიათის ოპერაციების გაგრძელებას, ცდილობენ მოიგონ დრო რომელიც მათ სასარგებლოდ მოქმედებს. პრორუსული ბანდები აკონტროლებენ არა მთლიანად ოლქს არამედ რამდენიმე ქალაქსა და დასახლებულ პუნქტს. კრემლს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა ხარკოვში, ოდესაში, ნიკოლაევში. აღნიშნულ სტრატეგიული მნიშვნელობის დიდ ქალაქებსა და მსხვილ სამრეწველო ცენტრებში, მოვლენები მათთვის სასურველი სცენარით არ განვითარდა. უკრაინის მოქმედმა ხელისუფლებამ მათზე კონტროლი შეინარჩუნა, მოსახლეობის უმრავლესობაც ლოიალურია კიევის მიმართ.

არჩევნების შემდეგ როდესაც უკრაინას ლეგიტიმური პრეზიდენტი ეყოლება, კიევს ხელი გაეხსნება. შესაძლებელი გახდება ამბოხებულ ოლქში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადება, გარდა პოლიციური დანაყოფებისა, შესაძლებელი გახდება ბრძოლაში საარმიო დანაყოფების ჩართვა. სეპარატისტთა ბანდებს შანსი არ დარჩებათ. უკრაინელები ამისთვის ემზადებიან.

რედაქტორის რჩევით