ქართულ მსხვილკალიბრიანს რუსული "ტიგრის" "მონადირებაც" შეუძლია - კვირის პალიტრა

ქართულ მსხვილკალიბრიანს რუსული "ტიგრის" "მონადირებაც" შეუძლია

როდის დაინტერესდება თავდაცვის სამინისტრო ახალი ქართული მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანით, რომლითაც რუსული მსუბუქი ჯავშანტექნიკის დაზიანება და შეჩერება შეიძლება?!

ამ სტატიის ავტორს საშუალება მიეცა, გამოეცადა "დელტაში" შექმნილი ახალი ქართული მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანა, რომლითაც პროფესიონალმა სნაიპერმა 1654 მეტრის მოშორებით ადამიანის ფიგურისხელა სამიზნე დააზიანა.

თუმცა ახლა ვილაპარაკებთ ქართული შაშხანის კიდევ ერთ და უფრო მნიშვნელოვან დანიშნულებაზე. მსხვილკალიბრიანი შაშხანით შეიძლება მსუბუქი ჯავშანტექნიკის მწყობრიდან გამოყვანა, ისევე, როგორც თითქმის ორი კმ-ის მანძილიდან მოწინააღმდეგის შვეულმფრენების (აეროდრომზე მდგარი) და რადიოლოკაციური სადგურების დაზიანება.

ქართული შაშხანა გარეგნულად ცნობილი ამერიკული სნაიპერული "ბარეტის" M95 მოდელს წააგავს, რაც არც არის გასაკვირი, რადგან მისი შექმნის იდეა "დელტასა" და სატანკო ქარხანაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც რამდენიმე წლის წინ თავდაცვის სამინისტრომ ამერიკული "ბარეტები" საკმაოდ ძვირად შეიძინა.

დღეს "დელტას" სპეციალისტები ქართულ არმიას სთავაზობენ საქართველოში კონსტრუირებულ და დამზადებულ მსხვილკალიბრიან სნაიპერულ შაშხანას, რომელიც ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებით თითქმის არ ჩამოუვარდება ამერიკულ "ბარეტს", მაგრამ სამაგიეროდ, მასზე შეიძლება ათჯერ (და მეტად) იაფი დაუჯდეს თავდაცვის სამინისტროსა და შსს-ს.

ქართული შაშხანის ყველა დეტალი, გარდა ლულისა და ოპტიკური სამიზნისა, თბილისშია დამზადებული. ლულა НСБ ტიპის ტყვიამფრქვევისაა და გათვლილია 12,7X108მმ ტიპის ვაზნებზე, რომლებიც ქართული არმიის საწყობებში უხვადაა (უცხოური სნაიპერული შაშხანებისთვის თითოეული სპეციალური სნაიპერული ვაზნის შეძენა ზოგჯერ 100 ლარიც კი ჯდება).

ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი, 12,7 მმ კალიბრის Б-32 ტიპის ვაზნის ჯავშანგამტარი-ცეცხლგამჩენი ტყვია 100მ-იდან მართი კუთხით მოხვედრისას 20მმ სისქის ჯავშანს ხვრეტს, ხოლო მისი შედარებით თანამედროვე მოდიფიკაციის БС-ის 55გ-იანი ვოლფრამის კარბიდისგულიანი ტყვია იმავე 20მმ სისქის ჯავშანს უკვე 765მ-ის სიშორიდან ხვრეტს, თანაც უფრო მახვილი (20 გრადუსი) კუთხით მოხვედრისას (სხვათა შორის, ეს ვაზნა იმ საბჭოთა სამეცნიერო ინსტიტუტში შეიქმნა, რომელსაც ჩვენი თანამემამულე, ქობულეთელი ალექსანდრე ხინიკაძე ხელმძღვანელობდა).

ერთი სიტყვით, ახალი ქართული მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანით ჩასაფრებულ მებრძოლს შეეძლება რამდენიმე ასეული მეტრიდან ზუსტი გასროლით გახვრიტოს რუსული ჯავშანმანქანა Nბუჰ-ის, ჯავშანტრანსპორტიორ БТР-80-ის, მედესანტეთა საბრძოლო მანქანა БМД-2-ის და ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП-2-ის კორპუსების გვერდითა ჯავშანი, რომელთა სისქე 10მმ-ს არ აღემატება. ჯავშნის გახვრეტის შემდეგ 12,7მმ-იან ჯავშანგამტარ-ცეცხლგამჩენ ტყვიას რჩება იმხელა ენერგია, რომ საწვავის აალება და საბრძოლო მასალის დეტონაციაც გამოიწვიოს.

როგორც ვხედავთ, NATO-სთვის იმის თხოვნა, დაგვეხმაროს სავარაუდო მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის შესაძლო შემოტევისაგან თავდაცვაში, ჯერჯერობით უშედეგოა. ამიტომაც გამოსავალი ჩვენ უნდა ვეძიოთ - თუკი "დელტას" შეუძლია, შეიარაღებულ ძალებს 2-3 ათას ლარად მასობრივად მიაწოდოს ქართული მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანები, რომელთა საშუალებითაც შეიძლება რუსული მსუბუქი ჯავშანტექნიკის შეჩერება, რატომ არ უნდა დაინტერესდეს ძალიან სერიოზული პრობლემების მოგვარების ამ შედარებით მარტივი მეთოდით თავდაცვის სამინისტრო და გენშტაბი?

P.S. დაინტერესებულ მკითხველს ახალი ქართული მსხვილკალიბრიანი შაშხანის გამოცდისა და შესაძლებლობების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლია სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" მე-10 წლისთავის საიუბილეო ნომერში, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს გამოვა.