ქართული მოდერნიზებული და ძალიან საშიში
26-05-2014
ქართული მოდერნიზებული და ძალიან საშიში
26 მაისს რუსთაველზე ქართული მოდერნიზებული სადაზვერვო ჯავშანმანქანის პრეზენტაცია გაიმართება

2011 წლის 26 მაისს, აღლუმზე პირველად გამოჩნდა "დიდგორის" ტიპის ჯავშანმანქანები. 2014 წლის 26 მაისს ისევ რუსთაველზე "დელტა" წარადგენს ახალ ქართულ ჯავშანმანქანას, რომელიც ძლიერი შეიარაღებით გამოირჩევა.
საბრძოლო ტექნიკის მცოდნენი მოდერნიზებულ ჯავშანმანქანაში ადვილად ამოიცნობენ საბჭოთა დროინდელი შეჯავშნული სადაზვერვო მანქანა БРДМ-2-ის კონტურებს, რაც არც არის გასაკვირი, რადგან ამ მოდერნიზაციით შეიძლება სიცოცხლე დაუბრუნო ჯავშანმანქანებს, რომლებიც დღემდე უქმად დგას ქართული არმიის ფარეხებში.
გარდა ამისა, არა მარტო
პოსტსაბჭოურ სივრცეში, არამედ მთელ მსოფლიოშიც რამდენიმე ათასი მოძველებული БРДМ-2-ია და თუკი "დელტა" შეძლებს მათ ეფექტურ მოდერნიზაციას, შეიძლება სხვა ქვეყნებიც დაინტერესდნენ.
რამდენიმე წელია,  БРДМ-2-ების მოდერნიზაცია დაიწყო რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში, თუმცა, ქართული მოდერნიზებული ვარიანტი მათგან მაინც გამორჩეულია, რადგან ჩვენმა სპეციალისტებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს ამ მოძველებული
საბჭოთა ჯავშანმანქანის ძრავა, სიჩქარეთა კოლოფი და შეიარაღება.
ბენზინის შიდაწვის ძრავის ნაცვლად განახლებულ მოდელს ამერიკული 148 ცხ. ძ-ის დიზელის ძრავა ჩაუდგეს, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ჯავშანმანქანის მობილურობა და რაც მთავარია, მძღოლ-მექანიკოსს აღარ ეშინია ძრავის გადახურების, რაც БРДМ-2-ების მუდმივი პრობლემა გახლდათ.

თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავი მაინც მოდერნიზებულ ჯავშანმანქანაზე შეიარაღების ახალი მოდელის დამონტაჟებაა. მანამდე БРДМ-2-ები შეიარაღებული იყო 14,5 მმ და 7,62 მმ კალიბრის ორი ტყვიამფრქვევით. მოდერნიზაციის შემდეგ მასზე დაამონტაჟეს ქართული ქვეითთა საბრძოლო მანქანის - "ლაზიკას" დისტანციურად მართვადი საბრძოლო მოდელი, რომელიც 23 მმ კალიბრის ქვემეხსა და 7,62 მმ-იან ტყვიამფრქვევს აერთიანებს. ასეთი იარაღიდან გახსნილი ცეცხლით რუსული ჯავშანტრანსპორტიორებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების დაზიანებაც იოლად შეიძლება. მსოფლიო ბაზარზე მაღალია მოთხოვნა მსუბუქ და კარგად შეიარაღებულ ჯავშანმანქანებზე, რადგან თანამედროვე შეიარაღებულ კონფლიქტებში ძირითადი ყურადღება ჯავშანტექნიკის მაღალ მობილურობასა და დაცვას ექცევა. თუკი "დელტას" ინჟინრები შეძლებენ მოდერნიზებული ჯავშანმანქანის დაცულობის ამაღლებას, შეიძლება მის ექსპორტზე მოთხოვნაც გაიზარდოს.

გიორგი
20 ივნისი 2014 21:22
23მმ უკვე არაფერში არ გამოდგება, თუ მანქანამ უნდა იბრძოლოს, მაშინ მინიმუმ 30მმ უნდა დააყენონ, ან 35მმ. რუსულ ბრდმ-ებზე 70მმ ლულებიც კი უდევთ..
gio
04 ივნისი 2014 13:53
ბაჩო ახალაია ჩემთვის უბრალოდ უსულო ხორცია.
ilo
30 მაისი 2014 00:35
ვეთანხმები erno-ს მართალი და ლაკონური კომენტარია..

რედაქტორის რჩევით