"გრუ" "გრომმა" "გაყიდა"... - კვირის პალიტრა

"გრუ" "გრომმა" "გაყიდა"...

საქართველოდან ნაალაფარი პოლონური საზენიტო "გრომი" უკრაინის აღმოსავლეთში პრორუს დივერსანტებს აღმოუჩინეს

18 მაისს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, კრამატორსკის აეროდრომთან უკრაინის უშიშროების სამსახურმა დააკავა ავტომობილი, რომელშიც საბრძოლოდ გამზადებული გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი იდო. მანქანაში ისხდნენ რუსი ჟურნალისტები, რომლებსაც უკრაინის სასამართლომ შეიძლება მალე ტერორისტთა მხარდაჭერაში დასდოს ბრალი, თუმცა, ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია, რომ გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი პოლონური წარმოების Grom E2 აღმოჩნდა, უფრო სწორად, ერთჯერადი გასაშვები კონტეინერი რაკეტითურთ პოლონური იყო, გასაშვები მექანიზმი კი - საბჭოთა Игла-სი.

პოლონური საზენიტო რაკეტის უკრაინის ტერიტორიაზე გამოჩენა მხოლოდ ასე შეიძლება აიხსნას: ის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსმა სამხედროებმა ალაფად წაიღეს საქართველოდან და 2014 წლის გაზაფხულზე სლავიანსკში თავიანთ დივერსანტებს მიაწოდეს. სხვათა შორის, 2 მაისს ამ რაიონში ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყებისთანავე ჩამოგდებული ორი უკრაინული Ми-24 ტიპის შვეულმფრენიც შეიძლება საქართველოდან ნაალაფარი პოლონური "გრომების" "სინდისზე" იყოს.

პოლონური საზენიტო რაკეტების გამოყენებით რუსეთის გენშტაბის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ - ГРУ-მ კვალის არევა სცადა, თუმცა პირიქით, ის სწორედ "გრომმა" "გაყიდა"...

"კვირის პალიტრის" 21 აპრილის ნომერში, სტატიაში "რუსული 45-ე პოლკი - ჯერ ფოთში, შემდეგ ყირიმსა და დონეცკში..." ვწერდით, რომ რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების 45-ე სპეციალური დანიშნულების ცალკეული პოლკის ორმა სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა, რომლებიც ფოთის პორტსა და ცხინვალის რეგიონში მოქმედებდნენ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოდან ნაალაფარის სახით სხვა შეიარაღებასთან ერთად გაიტანა ხუთი ცალი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიც. უკრაინის სპეცსამსახურები ორი თვეა, აცხადებენ, რომ სლავიანსკსა და კრამატორსკში სწორედ რუსეთის 45-ე სპეციალური დანიშნულების ცალკეული პოლკის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები მოქმედებენ, რაც ხსნის რებუსს, თუ საიდან შეიძლებოდა აღმოჩენილიყო პოლონური "გრომი" პრორუსი სეპარატისტ-დივერსანტების ხელში...

P.S. არ არის გამორიცხული, რომ 29 მაისს სლავიანსკთან უკრაინული Ми-8-ც რუსმა დივერსანტებმა ნაალაფარი "გრომით" ჩამოაგდეს.